"კოვიდ-19" კვლავ გვიტევს, გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ დიდია, ამოქმედდა საველე ჰოსპიტლები. დღევანდელი ეპიდსიტუაციის ანალიზითა და პროგნოზით "კვირის პალიტრას" ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესაუბრება.
- განსაკუთრებით ორსულებს რატომ ებრძვის ეს ინფექცია, ეს დელტა შტამის თავისებურებაა?
- ინფექციის დაწყებისას ამბობდნენ, რომ ორსულები შედარებით ნაკლებად მოწყვლადი ჯგუფია, მაგრამ მერე, სხვადასხვა ვარიანტი რომ გაჩნდა, გაირკვა, რომ ასე არ არის. მსოფლიოში რაც უფრო მეტი ორსული გახდა ავად, სამწუხაროდ, რთული შემთხვევების რაოდენობის კუმულაციურმა მაჩვენებელმა მოიმატა.
დელტა ვარიანტი არ არის ასეთი მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ორსულია "კოვიდის" მიმართ მოწყვლადი, რადგან ორსულობა ფიზიოლოგიური იმუნოდეპრესიაა, ანუ ორსულს იმუნური სისტემა სუსტი აქვს და ამიტომ უჭირს ამ ინფექციასთან ბრძოლა, თუმცა, რა თქმა უნდა, გართულებების გარეშეც ბევრი ორსული უმკლავდება მას. დღესაც დამიკავშირდა ერთი ორსული გოგონა, რომელსაც ძალიან იოლად გადააქვს ეს ინფექცია. ამის მიუხედავად, მათი "ფაიზერით" აცრა მნიშვნელოვანია. ვაქცინაციის დაწყებიდან უკვე ცხრა თვეა გასული, ეს ვაქცინა შესწავლილია, ის უვნებელია, ამიტომ ყველა ორსულს ორსულობის პირველივე დღიდან შეუძლია აიცრას.
- მაგრამ ხშირად აქაც იჩენს თავს გაუგებრობა: ზოგი ექიმი ორსულებს ურჩევს, ექვს თვემდე არ აიცრან და ბევრი სწორედ მანამდე ავადდება...
- არავითარ შემთხვევაში! უნივერსალური რეკომენდაციაა, პირველივე ტრიმესტრიდან ნებისმიერ დროს აიცრას ორსული! წინა თვეებში ევროპაში იყო ცოტა განსხვავებული მიდგომა, ბევრი კვლევის შედეგების შემდეგ კი დამოკიდებულება იქაც შეიცვალა.
ასეულობით და ათასობით აცრილ ორსულს ჯანმრთელი ბავშვი დაებადა. ვაქცინა ბავშვის ორგანიზმში არ გადადის, მაგრამ ანტისხეულები პლაცენტის გზით ტრანსპორტირდება და ბავშვიც დაცულია, ამიტომ ორჯერადი აცრით დედა აკეთებს ორ საქმეს - იცავს საკუთარ თავსაც და ნაყოფის ჯანმრთელობასაც.
- ინფიცირებული დედა ინფიცირებულ ბავშვს ბადებს? - არა, ბავშვთან "კოვიდი" ტრანსპლაცენტარულად არ გადადის, არც ძუძუთი კვებით, მაგრამ ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. კორონავირუსი ჩვილს მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა და არა საშვილოსნოდან.
- ვინც დაორსულებას გეგმავს, როდის უნდა აიცრან?
- თუ გეგმავენ, სასურველია, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს ჩამთავრებული. ორგანიზმს იმუნური პასუხი მეორე აცრიდან დაახლოებით 14 დღეში აქვს, ამიტომ ვაქცინაციის დაწყებიდან თვე-ნახევარში ამ გეგმის განხორციელებაზე ფიქრი შეუძლიათ.
- 12 წლიდან მოზარდების აცრას ვგეგმავთ?
- "ფაიზერის" და "მოდერნას" ასაკი 12 წლამდე შემცირდა და ბევრმა ქვეყანამ, მაგალითად, ინგლისმა და გერმანიამ, ამ ასაკიდან აცრაც უკვე დაიწყო, ოღონდ ჯერ მხოლოდ იმ ბავშვებს ცრიან, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება, გულის მანკი, ცერებრული დამბლა, ნევროლოგიური განვითარების შეფერხება, ასთმა... სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს არც ისინი ცრიან. სამომავლოდ ჩვენც ვიმსჯელებთ ამაზე. არ არის ცუდი გზა, ჯერ რისკჯგუფის ბავშვები აიცრან, იმიტომ, რომ ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი პრაქტიკულად არ გვაქვს.
- "ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს, შესაძლოა, გამოჩნდეს კორონავირუსის სამკურნალო ერთი ან რამდენიმე წამალი", - ამბობს ამირან გამყრელიძე. ამ მოლოდინზე რას გვეტყვით?
- "ფაიზერს" და ბევრ კომპანიას მეორე-მესამე ფაზის კვლევები დაწყებული აქვთ, თუმცა ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტები დღის განმავლობაში კომპიუტერულად ვირუსის საწინააღმდეგო მილიონამდე პრეპარატს ცდიან, იქნება თუ არა ეს მორგებული ფორმულა და გაამართლებს თუ არა მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების ალგორითმს. ჯერჯერობით ასეთი წამალი მსოფლიოში არ არის, თუმცა, იმედია, გაჩნდება. აშშ-ის მთავრობამ 4 მილიარდი დოლარი გამოყო ამ კვლევების წახალისებისთვის. ყველაფერი კეთდება, რომ პროცესი დააჩქარონ და იმედია, შედეგიც იქნება.
ანტივაქსერულმა ჯგუფებმა უკვე დაიწყეს ამ ინფორმაციების გაზიარება - ხალხს ეუბნებიან, არ გინდათ ვაქცინა, აგერ, ახლოსაა წამალიო, მაგრამ ეს ტყუილია და უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა გადადებული დღე დაკარგულია. დღეს არის ვაქცინა და ის უნდა გავიკეთოთ! დღევანდელი კვერცხი უნდა გვერჩივნოს ხვალინდელ ქათამს.
განაგრძეთ კითხვა