ჯერ კიდევ მაისში, მონაკოს 43 წლის პრინცესა შარლინი მძიმედ იყო დაავადებული - საკმაოდ რთული ინფექცია შეეყარა თავის სამშობლოში, სამხრეთ აფრიკაში. ზიმბაბვეში დაბადებული შარლენი ბავშვობის ადგილებში საქველმოქმედო მიზნით ჩავიდა - ბრაკონიერების მიერ დაობლებული მარტორქების მოსანახულებლად, ლიმპოპოში. როგორც ცნობილია, პრინცესა ველური ბუნების შენარჩუნებისთვის იბრძვის და შესაბამის ორგანიზაციებს მხარს უჭერს.
მდგომარეობა ისე გართულდა, რომ მისი ადგილიდან გადაყვანაც არ შეიძლებოდა, სამხრეთ აფრიკაში დატოვეს და იქვე ზრუნავდნენ ექიმები მის გამოჯანმრთელებაზე. აკრძალული იყო კონტაქტები და მხოლოდ ინტერნეტით უკავშირდება მეუღლეს და შვილებს - ტყუპ ჟაკსა და გაბრიელას.
სულ რამდენიმე დღის წინ დართეს ნება, რომ ოჯახის წევრები ენახა და ქმარ-შვილმა სამხრეთ აფრიკაში ჩააკითხა. ფოტოები მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. შარლენმა ისიც აღნიშნა, რომ მის არყოფნაში გაბრიელას მოუხერხებია და თავისით შეუჭრია "ჩოლკა", რისი შედეგებიც კარგად ჩანს ფოტოებზე.
"მიხარია, რომ ისევ ჩემს ოჯახთან ვარ. გაბრიელას საკუთარი ვარცხნილობა აქვს! მაპატიე, ბელა, ყველანაირად ვეცდები, გამოვასწორო ეს ვარცხნილობა", - დაწერა პრინცესა შარლინმა.
ორი კვირის წინ შარლენმა მორიგი ოპერაცია გაიკეთა ნარკოზით. ჯერჯერობით ექიმები უკრძალავენ შორ მანძილზე გადაადგილებას და სავარაუდოდ, ოქტომბრამდე უნდა დარჩეს აფრიკაში მათი მეთვალყურეობის ქვეშ.
ამბობენ, რომ ამ ამბავმა კიდევ უფრო გააღრმავა კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის. პრინცესა სახლსაც კი ეძებს სამხრეთ აფრიკაში და შესაძლოა, საცხოვრებლადაც დარჩესო.
შარლენს ამ მდგომარეობამდეც არ ჰქონდა ბედნიერი ცხოვრება. ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, რამდენიმე წელია მონაკოს პრინცის ცოლია, თუმცა ეს წლები თითქმის არც ერთ ფოტოზე არ გაუღიმია. მონაკოს პრინცი ალბერი დაოჯახებამდეც ცნობილი მექალთანე იყო და არც შემდეგ შეუწყვეტია დარდიმანდული ცხოვრება. 2014 წელს წყვილს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა, თუმცა ამანაც ვერ უშველა მათ ქორწინებას. ალბერს შარშანაც ეყოლა მორიგი უკანონო შვილი.
ბოლო პერიოდში შარლენი ძალიან განიცდიდა ამ ყველაფერს. ამბობენ, რომ რადიკალურად შეცვლილი ვარცხნილობაც ამის გამოვლინება იყო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაც, რომ როგორმე დაევიწყებინა პირადი პრობლემები.
ახლა კი ამ ყველაფერს შვილებისგან შორს ყოფნის დარდი და ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაემატა.