ბათუმში მცხოვრებ წყვილზე რა ხანია, მედია საუბრობს. მათ შესახებ რუსეთშიც წერენ, რადგან თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის ცოლი რუსია - კრისტინა გაგარკინა, ახლა უკვე - კრისტინა ოზთურქი. მათი ცხოვრების წესი და იდეაფიქსი - იყოლიონ 105 შვილი, დიდ ინტერესს იწვევს და ბევრ კითხვის ნიშანსაც ბადებს...
ამჯერად კრისტინამ ინსტაგრამზე, სადაც უამრავი ხელმომწერი ჰყავს, დაპოსტა, რომ 22-ე ბავშვი გაჩნდა მათ ოჯახში და ფოტოც გამოაქვეყნა.
"ალიონა ბოლოს და ბოლოს გამოწერეს სახლში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. რეანიმაციაში იწვა, სტერილურ ზონაში. ჯერჯერობით სტამბოლში ვრჩებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკასთან ახლოს", - წერს კრისტინა სოციალურ ქსელში.
წყვილი ბათუმში სამსართულიან სახლში ცხოვრობს. ბავშვებს 16 ძიძა უვლის. ჯერჯერობით ბავშვებს სუროგატი დედები აჩენენ, თუმცა კრისტინა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ფიქრობს, რომ მომავალში თავადაც გააჩენს შვილებს. ამბობს, რომ ჯერჯერობით იმდენი ბავშვია მოსავლელი, ამისთვის დროს ვერ პოულობს, მშობიარობასა და შემდეგ რეაბილიტაციას ხომ ბევრი დრო და ენერგია უნდა. "ახლა, როცა ამდენი შვილი გვყავს, მეშინია, რომ თავადაც გავაჩინო, რადგან მათ მუდმივად სჭირდებათ ყურადღება და მზრუნველობა. ხელოვნური განაყოფიერება ნამდვილად არ არის მარტივი, ჰორმონალური დარღვევები გავლენას ახდენს ხასიათსა და განწყობაზე, პროცედურები, რომლებიც ამ დროს საჭიროა, დამღლელია. ასევე, ემოციური სტრესი და მოლოდინი, თუ როგორი იქნება ბავშვი, ხომ ჯანმრთელი დაიბადება და ასე შემდეგ".
ბიზნესმენი ბათუმში წარმატებული და ძვირად ღირებული სასტუმროს მფლობელია და ასევე სხვა ბიზნესსაქმიანობებსაც ეწევა.
"ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, თუმცა სუროგატი დედებისგან გვყავს. ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ... ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს თავის დრო აქვს. ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, სუროგატი დედების შესახებ არაფერი ვიცოდი, ვიდრე ჩემმა ქმარმა არ მითხრა. ორივე შევთანხმდით, რომ ბევრი შვილი გვინდოდა, მაგრამ, ვფიქრობდი, მე გავაჩენდი. როდესაც სუროგაციაზე შევთანხმდით, დიდხანს ვაანალიზებდი დადებით და უარყოფით მხარეებს. პირადად არც ერთ ქალს არ ვიცნობთ და არც კონტაქტი გვაქვს მათთან. ჯანმრთელობის საკითხებს კლინიკა აგვარებს, ჩვენ ვაკვირდებით კლინიკაში არსებულ მონაცემებს, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ იკვებებიან, როგორი ანალიზი აქვთ და ასე შემდეგ. სუროგატი დედა ახალგაზრდა ქალი უნდა იყოს და ერთხელ მაინც იყოს ნამშობიარევი. არ უნდა იყოს რაიმეზე დამოკიდებული. პროგრამაში ჩართვამდე აუცილებლად უნდა გაიაროს ფსიქოლოგთან კონსულტაცია. შემდეგ გამოიკვლიონ, რაიმე ქრონიკული დაავადება ხომ არ აქვს. თუმცა, არის ხოლმე მსოფლიოში შემთხვევები, როცა სუროგატი დედები ბოლო ეტაპზე უარს აცხადებენ ბავშვის მშობლებისთვის მიცემაზე. სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა მსგავსი შემთხვევა. ვიცი, რომ წყვილები ხშირად აკონტოლებენ მათ, სახლშიც მიჰყავთ და ყველა ნაბიჯი იციან. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ბავშვების დაბადების შემდეგ ჩვენსა და სუროგატ დედებს შორის ყველანაირი კონტაქტი წყდება", - ამბობს კრისტინა.
"ჩემი მეუღლე ჩემზე უფროსია და ჩემამდე ცოლიც ჰყავდა. პირველი ქორწინებიდან უკვე დიდი შვილები ჰყავს, რომლებთანაც საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაქვს. როცა შესაძლებლობა გვაქვს, ერთად ვხვდებით დღესასწაულებს, მუდმივად ვკითხულობთ ტელეფონით ერთმანეთს. თავდაპირველად, როდესაც ჩემს მეუღლეს შევხვდი, ვუთხარი, რომ ბევრი შვილი მინდოდა, იმდენი, რომ საბავშვო ბაღი გვქონოდა სახლში. მან ეს ოცნება ამიხდინა. ჩემს უფროს გოგონასა და მეუღლეს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. საერთო ენა გამონახეს, გეგმავენ, სად და როგორ ისწავლის და ასე შემდეგ... არსად ვგეგმავთ გადასვლას საცხოვრებლად, ბათუმი ჩვენთვის სახლი გახდა, სადაც ყველაფერი გვაქვს. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ. მაგრამ მოსკოვიც მენატრება. როცა შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის ვნახულობ ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს".
"ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მე არანაირი საქმე არ მაქვს, ბავშვებს ჩემს ნაცვლად სხვები აჩენენ, ძიძები მეხმარებიან, სახლს ალაგებენ და მე მხოლოდ მეგობრებთან ერთად დავდივარ რესტორნებსა და კაფეებში. მაგრამ ასე არ არის. ბავშვებთან მაქსიმალურ დროს ვატარებ, ყველა ძიძას ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით ვარჩევ და ჩემი მითითებებით ურთიერთობენ. ვაძლევ ინსტრუქციას, თუ რა უნდა წაუკითხონ ბავშვებს და რა თანმიმდევრობით. საკვებს მხოლოდ სახლში ვამზადებთ, დაკონსერვებულ ან მზა პროდუქტს არ ვყიდულობთ.
მკაცრად ვაკონტროლებ, რომ ბავშვებმა მიიღონ ყველა საჭირო ვიტამინი თუ სასარგებლო ნივთიერება, ადეკვატური დოზით. ყოველ დღე სახლი სველი წესით უნდა დასუფთავდეს. ყველა ნივთს, რომელსაც გამოვიყენებთ, სტერილიზაცია უკეთდება. ყველაფერი უნდა დაუთოვდეს. თითოეულ ბავშვს საკუთარი დღიური აქვს, რომელშიც წერენ, რა შეჭამეს იმ დღეს, რამდენი, რამდენ ხანს ეძინათ, რამდენჯერ იყვნენ ტუალეტში, რამდენ ხანს ტიროდნენ და რა ცვლილებები მოხდა მათ ორგანიზმში. ბევრი შვილი მყავს, ამიტომ ბევრი პასუხისმგებლობაც მაქვს", - ამბობს კრისტინა.