მშობლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ საკუთარი შვილების დიაგნოზზე, რათა საზოგადოებას აჩვენონ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისე ცხოვრობენ, როგორც სხვები. თუმცა, ზოგიერთს ამაზე ლაპარაკი უჭირს. ლონდონის მკვიდრმა სარა ციგელმა საკუთარი ოჯახის გასაოცარი ისტორია გულწრფელად მოყვა.
სარა ციგელმა მეუღლე, ჯონათანი, 35 წლის ასაკში გაიცნო. როდესაც დაორსულდა, ეს ნამდვილი ბედნიერება იყო წყვილისთვის. ქალი სიხარულით იხსენებს იმ ფაქტს, თუ რა საოცარი განცდა ჰქონდა, როდესაც ექოსკოპიაზე მას და მის მეუღლეს უთხრეს, რომ ტყუპი ეყოლებოდათ.
პირველი მშობიარობის დროს სარამ არ იცოდა, რა სირთულესთან ჰქონდა საქმე. სამი წლის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მისი ტყუპი ვაჟი ნორმალურად ვითარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები მშვიდად არასდროს ისხდნენ და გამუდმებით ყვიროდნენ, ქალი თვლიდა, რომ ეს ნორმალური იყო. მაგრამ, როცა უკვე დრო მოვიდა, ბენჯამინი და თომასი არ ლაპარაკობდნენ. ნათესავები არწმუნებდნენ, რომ ამაში საშიში არაფერი იყო და დროთა განმავლობაში ალაპარაკდებოდნენ. სარამ და ჯონათანმა ბავშვები სპეციალისტთან მიიყვანეს და პირველად გაიგეს "აუტიზმის" დიაგნოზის შესახებ. წყვილისთვის ეს შოკისმომგვრელი ამბავი იყო.
"მათ არ ესმოდათ ის სიტყვები, რასაც ეუბნებოდნენ. უსასრულოდ, გაუჩერებლად ყვიროდნენ, კედელს შარდს ასხამდნენ. უგულებელყოფდნენ სათამაშოებს, თუმცა სხვა უსულო საგნები აინტერესებდათ. მაგალითად, თომასს მოსწონდა კბილის ჯაგრისის დამჭერი, რომელსაც არავის აძლევდა. მეორე დღეს საბავშვო ბაღში სცადეს ამ ნივთის გამორთმევა, მაგრამ ლამის გაგიჟდა. იქ მითხრეს, რომ ტყუპი ბაღში აღარ მიმეყვანა, რადგან აღმზრდელები მათ ქცევას ვეღარ უმკლავდებოდნენ", - ამბობს სარა.
მან მაშინვე დაიწყო აუტიზმის შესახებ ლიტერატურის შესწავლა, თუმცა პირველივე წიგნი, რომელიც შეხვდა, საშინელება იყო. იქ ეწერა, რომ ეს არის განუკურნებელი დიაგნოზი და მშობლები გიჟები არიან, თუ ჰგონიათ, რომ მათი შვილები ნორმალურ ცხოვრებას შეძლებენ. თუმცა, სარა არ დანებდა. სრულიად შემთხვევით შეხვდა ქალს, რომელმაც მის შვილებთან თერაპია დაიწყო და კარგ შედეგსაც მიაღწია, თუმცა, განსაცდელი აქ არ დასრულებულა.
მესამე, უმცროსმა ვაჟმა ჰექტორმა, რომელიც 2 წლამდე ჩვეულებრივად ვითარდებოდა, ლაპარაკი შეწყვიტა.
"ექიმები ამბობდნენ, რომ პარანოია მჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე არ იყო." - იხსენებს ქალი.
ჰექტორსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. სარასთვის ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო. ტყუპი პროგრესს განიცდიდა, ცალკეულ სიტყვებს სწავლობდა, ჰეკტორის მდგომარეობა კი სულ უფრო უარესდებოდა.
ჯონათანმა და სარამ უცებ აღმოაჩინეს, რომ იზოლირებულად ცხოვრობდნენ. მათ არ შეეძლოთ ოჯახურ შეხვედრებზე წასვლაც კი, რადგან ბიჭების საქციელს ვერავინ მართავდა. ხოლო, სხვა ბავშვების მშობლები მათ მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი.
ერთხელ სარამ გადაწყვიტა, რომ ბავშვები ბატუტზე სათამაშოდ წაეყვანა. ბენჯამინი შემთხვევით სხვა ბავშვს დაახტა. სარამ მის მშობელს ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ ბავშვს აუტიზმი ჰქონდა. პასუხად კი ძალიან დიდი აგრესია მიიღო. "როგორ ბედავთ თქვენი აუტისტი შვილის აქ მოყვანას? როგორ ბედავთ, საფრთხე შეუქმნათ სხვა ბავშვებს?" - ყვიროდა ის. მაგრამ, ეს ახლოსაც ვერ მივა იმ სირთულესთან, რასაც მშობლები გადიან.
სარა ყვება, რომ აუტისტი ბავშვების აღზრდა რთულია არა მხოლოდ ემოციურად და ფიზიკურად, არამედ ფინანსურადაც. თერაპიებისთვის ძალიან დიდ თანხას ხარჯავდნენ. არც ერთი ნათესავი მათ არ დახმარებია. როცა აღმზრდელს არ ეცალა, სარა სახლიდანაც ვერ გადიოდა. მუდმივმა გადაღლილობამ ქალსაც შეუქმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ის არ ნებდებოდა და შედეგიც ნახა. "ყველა ძალისხმევა და დახარჯული ენერგია ღირდა. ბიჭებმა ნელ-ნელა დაიწყეს ლაპარაკი, თამაში, მყარი საკვების ჭამა, რაც ჩვეულებრივი ბავშებისთვის ბუნებრივია".
სარას ძალიან უნდოდა კიდევ ჰყოლოდა შვილი, რომელსაც აუტიზმი არ ექნებოდა. გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, 20% იყო იმის ალბათობა, რომ კვლავ ამ დიაგნოზით გაეჩინა ბავშვი. ქალი დარწმუნებული იყო, რომ ამჯერად ყველაფერი რიგზე იქნებოდა და მეოთხე ვაჟი გააჩინა.
ვიდრე მარკუსი გაიზრდებოდა, ნორმალურად ვითარდებოდა, თუმცა 2 წლის ასაკში მასაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დიაგნოზის მიღება მშობლებისთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა, რადგან მათ უკვე ჰქონდათ გამოცდილება. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილები ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ, არ იშურებდნენ არც დროს, არც ენერგიას, არც ფინანსურ რესურსს და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
"ახლა ახლოს ვართ მიზანთან. ისინი არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ არც ჩუმდებიან. მთელი ოჯახი ერთად დავდივართ სასეირნოდ, რესტორანსა თუ კინოში. ახლა მათთვის ეს აღარ არის ისეთი შოკი, როგორც თავიდან." - ამბობს სარა.
ყველა ბიჭს კლასიკური, აუტიზმის მძიმე ფორმა ჰქონდა. მაგრამ, განვითარების თვალსაზრისით, ჰექტორი და მარკუსი ტყუპზე ოდნავ წინაა. მარკუსი საჯარო სკოლაში დადის, ჰექტორი კი პატარა კერძო სკოლაში.
"დარწმუნებული ვარ, რომ უმცროს ვაჟებს ნორმალური ცხოვრება და სამუშაო ექნებათ. ტყუპი უკვე სრულწლოვანია და სავარაუდოდ, მათ სულ დასჭირდებათ დახმარება, მაგრამ ისინი ბედნიერი ახალგაზრდები არიან და კოლეჯში სწავლას აპირებენ. ბენჯამინი ნიჭიერი მუსიკოსია, ხოლო თომასი - საოცარი მხატვარი. თომასმა დამოუკიდებლად შეძლო მეგობრებთან ერთად გასვლა და ლუდის დალევა, რაც თავიდან წარმოუდგენელი იყო." - ამბობს ციგელი.
საბოლოოდ, ქალმა წიგნი დაწერა, საიდანაც ყველა ასეთი ბავშვის დედას, მშობელს, საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ბევრ სასარგებო რჩევას აძლევს. თუმცა, წიგნში ის ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს ერთი ჯადოსნური და უნივერსალური წამალი, რომელიც ამ პრობლემას ბოლმდე მოაგვარებს.