2020 წელს საქართველოში 46 520 ადამიანი დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა 50 537. მაშინ, როცა 2019 წელს 48 296 ადამიანი დაიბადა, ხოლო 46 659 გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. შობადობა შემცირებულია 2018 წელთან შედარებითაც. ამ წელს საქართველოში დაიბადა 51 138, ხოლო გარდაიცვალა 46 524 ადამიანი. 2020 წელს ჩვენს ქვეყანაში 24 289 ბიჭი, ხოლო 22 231 გოგო დაიბადა. ყველაზე მეტი, 15 271 ბავშვი, თბილისში, ხოლო ყველაზე ცოტა, 259 ბავშვი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაიბადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემენებს 1994 წლიდან აქვეყნებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, გარდაცვილთა რაოდენობა დაბადებულებს აღემატებოდა 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006 და 2007 წლებში. 2008 წლიდან საქართველოში წლის განმავლობაში დაბადებულთა რიცხვი აჭარბებდა გარდაცვლილთა რაოდენობას. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2007 წლის შემდეგ პირველად 2020 წელს გარდაცვალება უფრო მეტი იყო, ვიდრე შობადობა.
შობადობის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელია ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის არსებობს. პროგრამის ბენეფიციარია 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვი (საქართველოს მოქალაქე), რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი (მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი).
ფულადი დახმარება ინიშნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (ბავშვის შესაბამისი ასაკის შერულების თვის ჩათვლით) და განისაზღვრება:
100 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი ოჯახის პირველი ან მეორე შვილია; 200 ლარის ოდენობით, 2 წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი ოჯახის მე-3 ან მომდევნო შვილია; მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში ერთ-ერთ ტყუპისცალს 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მეორეს - 200 ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, არსებობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის დროსაც ფულადი დახმარება ინიშნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (ბავშვის 2 წლის ასაკის შერულების თვის ჩათვლით) და შეადგენს: მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 200 ლარს, ხოლო ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარს. (მეორე და მესამე ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპისცალი). პროგრამის ბენეფიციარია ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება ან ეს მაჩვენებელი არ აღემატება 200-ს და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით, იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.
1994 წლის შემდეგ ყველაზე მეტი, 60 635 ადამიანი 2014 წელს დაიბადა. 2020 წელს გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი კორონავირუსიცაა. ამ წელს ჩვენს ქვეყანაში კოვიდ-19-ს 2587 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიმსივნით გარდაიცვალა 8 089 ადამიანი, ხოლო ყველაზე მეტი, 22 126 ადამიანი სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებს ემსხვერპლა.
კორონავირუსით 2020 წელს ყველაზე მეტი, 453 ადამიანი 80-84 ასაკობრივ კატეგორიაში გარდაიცვალა. კოვიდ 19-ით გარდაცვალების 1 შემთხვევა 0-დან 4 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება. ხოლო, 5-9 და 10-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში არავინ გარდაცვლილა.