37 წლის სანტინა მონრეალი და მისი ქმარი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ შვილებზე. სანტინა პირველად 2017 წელს დაფეხმძიმდა. გახარებულმა წყვილმა მაშინვე დაიწყო სამზადისი და საბავშვო კომბინიზონიც კი შეიძინა წარწერით: „აპრილისთვის მელოდეთ“. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირაში სანტინას მუცელი მოეშალა.
„ექიმმა რომ მითხრა, ბიჭი იყოვო, გული ჩამწყდა. სქესის გაგების შემდეგ უფრო ნათლად წარმოვიდგინე, როგორ ჩაქრა სიცოცხლე ჩემს სხეულში,“ - იხსენებს სანტინა, რომელსაც საშვილოსნოს იშვიათი პათოლოგია აღმოაჩნდა - ე.წ. ორრქიანი საშვილოსნო, რომელიც ხშირად ხდება უნაყოფობისა და მუცლის მოშლის მიზეზი. ორი ოპერაციის შემდეგ ანატომიური ნაკლი გამოსწორდა და დასაფეხმძიმებლად სანტინამ საშვილოსშიდა ინსემინაციას მიმართა. ამ დროს განაყოფიერება ბუნებრივად დედის სხეულში ხდება, თუმცა სპერმა ხელოვნურად შეჰყავთ.
მეორე მცდელობის შემდეგ ქალი კვლავ დაფეხმძიმდა, მაგრამ რამდენიმე კვირაში ორსულობა კვლავ მუცლის მოშლით დასრულდა.
ამის შემდეგ კიდევ სამი მცდელობა იყო ჩარევის და მხოლოდ მესამემ გაამართლა. ცოტა ხანში ქალს სისხლდენა დაეწყო.
„ექსოკოპიაზე ისტერიკაში ვიყავი, მაგრამ ექიმმა დამარწმუნა, კვლევის დასრულებამდე დასკვნები არ გამომეტანა. ცოტა ხანში წამოიძახა, „ვაი, სამნი არიან“. ჯერ სიცილი დავიწყე, შემდეგ ტირილი... ემოციები ერთმანეთში ამერია. ამასობაში ექიმმა მეოთხე ბავშვის გულისცემაც გაიგონა“ - ამბობს სანტინა, რომელიც ნამდვილმა პანიკამ შეიპყრო - როგორ უნდა ეტარებინა 4 ნაყოფი, როცა მისი სხეული ერთ ნაყოფსაც ვერ უმკლავდებოდა.
რისკების მიუხედავად, 31-ე კვირაზე ოთხივე ბავშვი, ორი გოგონა და ორი ბიჭი ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას. ყველაზე დიდი 1,5 კილოგრამს იწონიდა, ყველაზე პატარა - 975 გრამს.
ახლა ისინი 6 თვისანი არიან. მშობლები ძიძის გარეშე ზრდიან მათ და სანტინა სამსახურშიც გავიდა.
ბავშვებთან მამა, ადრიანი რჩება მთელი დღის განმავლობაში. აჭმევს და 7 საათისთვის მორიგეობას სანტინას აბარებს.
პირველ თვეებში პატარებს ყოველ 3 საათში ჭამა უწევდათ და სანტინა ღამის 3 საათზე დგებოდა, რათა რძე გამოეწველა. დღეში 32 ბოთლს იყენებდნენ და 40 ცალი საფენი სჭირდებოდათ.
„ახლა დღეში 20 ბოთლი ჰყოფნით და ისე აღარ ვიღლები. სიმართლე რომ გითხრათ, სახლი კი არა, საგიჟეთია, მაგრამ ჩემი ოცნება ასრულდა, დედა გავხდი და თან ღმერთმა ერთდროულად 4 ანგელოზი მაჩუქა“ - ამბობს სანტინა.