ცხოვრებაში სიახლეების შეტანა არასდროსაა გვიან, თუმცა დასახული მიზნისკენ სწრაფვას როგორც ძლიერი ფიზიკური მონაცემები, ისე ფსიქოლოგიური მზადყოფნაც სჭირდება და ვერ ვიტყვით, რომ ამას ყველა ერთნაირად ართმევს თავს. ახლახან 52 წლის გახდა. "ასაკს არ ვმალავ. ვერავინ იტყვის, რომ 52 წლის ვარ, ყველა მაქსიმუმ 35 წელს ასახელებს. მხოლოდ ერთი-ორს თუ უთქვამს, 38-ის იქნებიო", - ამბობს მოცურავე, ბოდიფიტნესის მიმდევარი და ფიტნესინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი, წარმატებული სპორტსმენი და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.
- ბავშვობაში ჯირკვლები მაწუხებდა, ხშირად მქონდა სიცხე, ძალიან გამხდარი, უჭმელი ვიყავი და ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩემს მშობლებს ურჩიეს ცურვაზე მივეყვანე. ასეც მოიქცნენ და მართლაც, მადაც მომემატა, ჯირკვლებიც გამიქრა და ყველა პრობლემა 1 წელიწადში მოგვარდა. 14 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ ქალთა წყალბურთის გუნდი ჩამოყალიბდა. იქ ისე გადავედი, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ. ქალი და წყალბურთი, "ცოტა ისეთი" თემა იყო და თან იმ დროს. ჩვენი გუნდის პირველი მოგებისა და წარმატების შესახებ გაზეთებში რომ დაიბეჭდა, სწორედ მაშინ გაიგეს, წყალბურთზე რომ დავდიოდი. თავიდან მეჩხუბნენ, მაგრამ შემდეგ იმდენი წარმატება გვქონდა, ჩემით ამაყობდნენ.
- 14 წლისას საკმაოდ თამამი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიგიღიათ...
- 7 წლიდან დავდიოდი ცურვაზე, დავყავდით შეკრებებზე, შეჯიბრებებზე და დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიე... 7-დან 14 წლამდე დავდიოდი ცურვაზე, პირველი თანრიგი მქონდა, წყალბურთი გუნდური სპორტია და ეს უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. 17 წლისამ "ლაგუნაზე" ცურვის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.
- როგორც ვიცი, ვარჯიში 41 წლიდან დაიწყეთ. მანამდე რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?
- ქვეყნის სათავეში ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე გასვლა აკრძალა. საქართველოში მარტო ჩვენი გუნდი იყო და ფაქტობრივად, ის ამ მიზეზით დაიშალა. ვერ წარმოვიდგენდი, ეს თუ მოხდებოდა. სხვა ქვეყნის გუნდებში მთავაზობდნენ გადასვლას, მაგრამ უარი ვთქვი. მერე დაიწყო გაჭირვების წლები... მოგვიანებით ბიზნესი დავიწყე, 13 წელი ქალისა და მამაკაცის თეთრეულის 6 მაღაზია მქონდა. მაღალი ხარისხის პროდუქცია შემომქონდა თურქეთიდან. პარლამენტარები, მსახიობები, სპორტსმენები თეთრეულს ჩემთან ყიდულობდნენ. 2010 წელს დავკეტე მაღაზიები, გავკოტრდი და დეპრესიაში ჩავვარდი. მეგობარმა მირჩია ვარჯიში დამეწყო. "ლაგუნაზე" ჩვენი წყალბურთის გუნდი შექმნა მწვრთნელმა ვოვა გოიაშვილმა, ის ამავდროულად იყო ამ აუზის დირექტორიც და იაფად გამიკეთა აბონემენტი. დავიწყე ფიტნესში ვარჯიში. იქ დაგვხვდა ტრენერი კარენა, რომელიც უკვე 10 წელია მავარჯიშებს და მისი დამსახურებაა წარმატებებს რომ მივაღწიე.
- ფიზიკური აქტივობა დეპრესიიდან გამოსასვლელად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. როგორი იყო ვარჯიშის პირველი წლები, კვების რეჟიმის შეცვლა და ა.შ?
- 2 თვე დამჭირდა მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად. კვების თვალსაზრისით წესების დაცვა გამიჭირდა. ტრენერს ვატყუებდი. ახლა ჩემთან რომ მოდიან სავარჯიშოდ და პარალელურად კვების სწორ რეჟიმს ვერ იცავენ, არც მიკვირს, რადგან ეს ყველაფერი თავად გავიარე. თავიდან არც ვფიქრობდი, რომ ფიტნესს სერიოზულად გავყვებოდი. 6 თვეში შევიცვალე, სხეულის ფორმებიც შემეცვალა. მერე რაღაც პრობლემების გამო ცოტა ხნით შევწყვიტე ვარჯიში და როცა გავაგრძელე, უკვე ჩემს ტრენერთან ერთად დავიწყე მუშაობა ფიტნესინსტრუქტორად.
- სწორ კვებაში ყოველდღიური რაციონიდან ცომეულისა და ტკბილეულის გამორიცხვას გულისხმობთ, ხომ?
- დიახ, ცომეულს, ტკბილეულს, გაზიან სასმელებს. მარილის შეზღუდული რაოდენობით მიღებას. ზოგიერთს ბრინჯი, წიწიბურა დიეტური ჰქონია და დიდი ულუფებით ჭამენ. ესეც არასწორია, დიდი რაოდენობით ყველაფერი ასუქებს. დღესდღეობით ეს ყველაფერი გამორიცხული მაქვს, რადგან შეჯიბრებისთვის ვემზადები. 2019 წელს გავხდი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი ამერიკელების მიერ გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბოდიფიტნესში. თუ რამე ხელის შემშლელი არ იქნება, შეჯიბრების ჩატარება საქართველოში, ნოემბერში იგეგმება და ქართველებიდან მხოლოდ მე მივიღებ მონაწილეობას, სწორედ ამისთვის ვემზადები.
- ვარჯიში ბოლო წლებში აქტუალური გახდა. დღეს რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ უფრო ხშირად?
- ყველაზე უმცროსი 15 წლისაა, უფროსი 42-ის. ვავარჯიშებ ყველას. ვარჯიშის დაწყება გვიან არასდროსაა, ნებისმიერ დროს შეგიძლია სხეულის სასურველ ფორმებს მიაღწიო. ბევრს არ მოსწონს დაკუნთული ქალი, მაგრამ ვისაც როგორ უნდა, ისეთი ფორმები შეუძლია დაიყენოს.
- განსხვავებულის მიმართ ყოველთვის არაერთგვაროვანი შეფასებები ისმის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. უწინ თქვენზე როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი?
- დიდი რეაქცია არ მქონია. ქუჩაში რომ გავდიოდი და მესმოდა: "ქალია თუ კაცია?" "ცოტა ისეთი" იყო, მაგრამ ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას.
- არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური სიძლიერეა ამისთვის საჭირო...
- კი, რა თქმა უნდა. რადგან გადავწყვიტე, ამ გზას გავყოლოდი, ფსიქოლოგიურად თავიდანვე მზად ვიყავი ამისთვის. ჩემს შვილსაც არ უნდოდა, შეჯიბრებებზე გამოვსულიყავი, მაგრამ მერე შეეგუა.
- ერთი შვილი გყავთ?
- დიახ, ბიჭი, რომელიც ახლა 31 წლის ხდება და ასევე მყავს ტყუპი 5 წლის შვილიშვილები.
განაგრძეთ კითხვა