ვალერი მელაძეს და ალბინა ჯანაბაევას 12 აპრილს გაუჩნდათ მესამე საერთო შვილი - ქალიშვილი აგატა. ვალერისთვის ის მეექვსე შვილია და მეოთხე ქალიშვილი. ალბინასთან მას ასევე ჰყავს 17 წლის კონსტანტინი და 7 წლის ლუკა.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში 56 წლის მომღერალმა ისაუბრა, თუ რა აჩუქა 42 წლის ცოლს ქალიშვილის დაბადების შემდეგ და ასევე იმაზე, თუ რას ფიქრობს ალბინაზე.
"ყველაზე ძვირფასი, რაც ალბინამ მაჩუქა, ეს შვილებია. ჩვენი ქალიშვილის, აგატას დაბადების შემდეგ კი მე მას საკმაოდ კარგი და ფასეული საყურეები ვაჩუქე", - აღნიშნა მელაძემ და ისიც დაამატა, რომ თავისი ცოლი ყველაზე ლამაზ ქალად მიაჩნია.
ბავშვის სახეს წყვილი ჯერ არ აჩენს. ასევე დიდხანს მალავდნენ უმცროს ვაჟს პრესისგან. მელაძე ამბობს, რომ გოგონა მშობლებს ჰგავს.
მელაძეს ხშირი ურთიერთობა აქვს უფროს ქალიშვილებთან, რომლებიც პირველ ქორწინებაში ჰყავს. და-ძმები ერთმანეთს ხშირად ნახულობენ. მომღერალი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მისი შვილები არიან.
"მე ძალიან კარგი მამა ვარ, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაზე მეტად მიყვარს ჩემი შვილები", - ამბობს ვალერი.
მისი აზრით, ბედნიერი ქორწინების საიდუმლო არის არა მხოლოდ სიყვარული, არამედ ურთიერთპატივისცემა.
- სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანები ასევე პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთს, რადგან ყველას გვაქვს ჩვენი ახირებები, ფასეულობები და ხანდახან ისინი სასაცილო შეიძლება ჩანდეს, თუ არ ემთხვევა შენს ფასეულობებს. მაგრამ პატივი უნდა სცე სხვის ფასეულობებსაც, კომპლექსებსაც და ნაკლოვანებებსაც. არ შეიძლება, ერთმანეთისგან სრულყოფილება მოვითხოვოთ, - ამბობს მომღერალი.