"10-11 წლის გოგონები საკუთარ სექსუალობაზე საუბრობენ და საოცარ ვიდეოებს დებენ" - რა ხდება "ქართულ ტიკ-ტოკზე" და უნდა გააკონტროლოს თუ არა მშობელმა ბავშვის სოციალური ქსელები
"10-11 წლის გოგონები საკუთარ სექსუალობაზე საუბრობენ და საოცარ ვიდეოებს დებენ" - რა ხდება "ქართულ ტიკ-ტოკზე" და უნდა გააკონტროლოს თუ არა მშობელმა ბავშვის სოციალური ქსელები
თანამედროვე მსოფლიო ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების გარეშე წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, ადამიანები ძალიან სწრაფად იღებენ სხვადასხვა საკითხის შესახებ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი, უამრავი მავნე ჩვევა თუ საფრთხისშემცველი აქტივობა ყალიბდება სოციალურ სივრცეში.

ბოლო დროს ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტიკ-ტოკი. ასევე, აქტიურად იყენებენ სხვა სოციალურ ქსელსაც, იღებენ ვიდეოებს, ფოტოებს და საკუთარ გვერდებზე ათავსებენ. ზოგჯერ ეს აქტივობა, ე.წ. ჩელენჯები გასართობ მიმართულებას სცდება და ბავშვების განვითარებისთვის საზიანო ხდება.
მშობლებს ვკითხეთ, თუ ადევნებენ თვალს, რით არიან დაკავებული მათი შვილები სოციალურ ქსელში და რას ფიქრობენ ფეისბუქზე,
ინსტაგრამზე და ტიკ-ტოკზე ბავშვების აქტიურობასა და მის გავლენებზე. მათ კომენტარებს გთავაზობთ:
  • ვაკონტროლებ ჩემი ტელეფონიდან, "family link"-ის საშუალებით.
  • Tik-tok-ი არ აქვთ არც ერთს (5-8წელი), არც სოციალური ქსელი. რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ პატარას ან ერთი და ან მეორე?! ვიდეოებსაც ვაკონტროლებ, რას უყურებენ (უფრო ტელევიზორის იუთუბში). ტელეფონშიც ჩართული მაქვს საბავშვო იუთუბი და ასაკის კონტროლი.
  • ღიად და ცხადად, ბოდიშების და ცერემონიების გარეშე, ავუკრძალე ტიკ-ტოკი. უამრავი საძაგლობა და სისულელეა თავმოყრილი.
  • ჩემი აზრით, უნდა აკონტროლონ აუცილებლად მშობლებმა და ჩემი ნება რომ იყოს, ავკრძალავდი კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი ბავშვი ნებაზეა მიშვებული და 10-11 წლის გოგონები წერენ საოცარ ვიდეოებს - "გამარჯობა, მე ბი ვარ... მე ლესბი ვარ..." ყვავის პედოფილია, ბულინგი და ა.შ. ათასი საშიში ჩელენჯია,
    რომლებსაც უამრავი ბავშვი შეეწირა. როგორ შეიძლება, ბავშვებს ასე თავისუფლად მიუწვდებოდეთ ხელი ამ სივრცეზე. უკონტროლოა სრულიად ტიკ-ტოკი და ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ სახლში, ან საზღვარგარეთ ჰყავთ და ბებია-პაპებთან არიან, ან უბრალოდ არ აკონტროლებენ - მინდობილი არიან ამ უცენზურო გარემოს, საიდანაც კაცმა არ იცის, სად აღმოჩნდებიან ბოლოს.
  • ბევრჯერ წავაშლევინე, მაგრამ მაინც იწერს. ვერ ვუმკლავდებით ამ ტიკ-ტოკს. 12 წლის არის. სოც ქსელებში არც ისე აქტიურობს.
  • ჩემი გოგონა 7 წლის ხდება. არ აქვს არც ტელეფონი, არც სოც ქსელი და ვცდილობ, ჩემი ტელეფონიც არ გამოიყენოს ხშირად. იშვიათად ვაძლევ ტელეფონს და ვიცი, რასაც უყურებს, მაგ: საბავშვო შოუებს, ბასტი-ბუბუს და მსგავსს.
  • ეპოქაში, როცა პირველკლასელიც ონლაინ სწავლობს, ძნელია, სოც ქსელი და მობილური ტელეფონი აუკრძალო, ძალაუნებურად აქვს. დანარჩენი კი იმაზეა, რამდენად ცდილობ მშობელი თვალყურის დევნებას ან ბავშვის სხვა საქმეებით დაკავებას, რომ დიდი დრო არ გაატაროს სოცქსელებში და საოცრებებს არ უყუროს.
  • 13 წლის არის უფროსი და ძალიან რთული თემაა, აპროტესტებს აკრძალვას. დავუწესე ლიმიტი, თუმცა ხშირად ვარღვევთ, დავბლოკე არასასურველი ვიდეოები, მაგრამ სრული კონტროლი არ გამოდის... მოზარდებში რთულია ძალიან... სხვანაირი თაობაა.
  • არ აქვს და ვფიქრობ, საერთოდ არ არის საჭიროება. მაქსიმალურად არის დატვირთული გაკვეთილებით. თავისუფალ დროს უყურებს კინოსა და მულტფილმებს. ხატვისა და კულინარიის გაკვეთილებს, ჩვენთან შეთანხმებით, ისიც გარკვეული ლიმიტით.
  • არ ვუკრძალავ, მაგრამ როცა ყველაზე მოცლილები არიან, ანუ ზაფხულის არდადეგებზე, გამოვრთავ ინტერნეტს სამი თვით და ატარებენ არდადეგებს ბავშვურად, ეზო, აუზი, ბავშვებთან თამაში, წიგნების კითხვა და ა.შ. სწავლის პერიოდში ინტერნეტთან გატარებულ დროს ყოველთვის ვუკონტროლებ, ტიკ-ტოკს და ფეისბუქში ძრომიალს ჯობს, ფილმს უყურონ, ან რამე შემეცნებითს და მიეჩვივნენ ასე "ტირანულ" ყოფას.
  • არც ტიკ-ტოკი აქვს და ვიდეოსაც არ ვაღებინებ. უბრალოდ, არ მომწონს და ეს მან იცის და დიდად სურვილიც არ უჩნდება. დიდი ხანი ტელეფონსაც არ იყენებს, მხოლოდ ონლაინისთვის. იყო პერიოდი, სულ ტელეფონთან უნდოდა და ავუკრძალე. უბრალოდ, არ მიყვარს, პატარა გოგონები რომ ბევრ ვიდეოს დებენ, ბევრ სურათს იღებენ... ვფიქრობ, ეს პატარა ასაკში არ შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო!!
  • ტიკ-ტოკი წავშალეთ, მაგრამ მისი მეგობრები არიან და უგზავნიან ხოლმე, ასე რომ, სრულად კონტროლი არ გამოდის. მაშინ უნდა გავთიშო ინტერნეტი. ეს მის გარემოსგან და მეგობრებისგან იზოლაციას გამოიწვევს, ონლაინ სწავლებას შეუძლებელს გახდის...
  • 7 წლისაა და არ იყენებს სოციალურ ქსელებს. ავუხსენი, რომ ჯერ ადრეა მისთვის სოციალური ქსელების გამოყენება, მაგრამ, როცა შეძლებს, გააცნობიეროს საზღვრები, რა სახის ინფორმაცია გააზიაროს და ასაკიც შესაბამისი ექნება, აუცილებლად ისარგებლებს. ვაჩვენე, რომ მისი მონაცემების სწორად მითითებით შეუძლებელი იყო სოციალური ქსელში დარეგისტრირება (ასაკობრივი ზღავრის გამო). ყველა გაჯეტზე, რომელსაც იყენებს, მქონდა გააქტიურებული Parental control, მაგრამ არ გაამართლა. ვცდილობ, ავუხსნა მიზეზი, როცა რომელიმე ვიდეოს, ფოტოს ან საიტის ნახვას ვუკრძალავ. ყოველთვის ეფექტური მეთოდი არც ეს არის, მაგრამ ვცდილობ.
  • არანაირ აკრძალვას არ ვუწესებ. ბავშვი, რომელიც აკრძალვებით ცხოვრობს, გაცილებით დიდი მონდომებით მიილტვის იმ აკრძალულისკენ, ვიდრე ის, ვისაც არ უკრძალავენ. ჩარჩოებში მოქცეული ერთ დღესაც გაიზრდება და ისეთ რამეებს გააკეთებს ზრდასრულ ასაკში, რაც 12, 13 წლისას უნდა გაეკეთებინა. მირჩევნია, ჩემ თვალწინ იყოს თავისუფალი, ვიდრე ჩემგან თვალსმოშორებულმა აკეთოს ის, რასაც ვუკრძალავ. თუნდაც სიგარეტის მოწევა. მირჩევნია, ჩემ თვალწინ ეწეოდეს, ვიდრე სადღაც სარდაფში დამალული.
  • საღამოს ეზოში რომ გავდივართ, ყველა კუთხეში მიყუდებულია ტელეფონი და 10-15 წლის გოგონები ყველა ტრენდს მონდომებით ცეკვავენ. ჩემმა 2.6 წლის გოგომ გუშინ გამორთული ტელეფონი დადო და ცეკვავდა. საბავშვო მანდ არაფერი მინახავს. ნამდვილად ავუკრძალავდი.
  • 8 წლის არის, აქვს მხოლოდ ინსტაგრამი. თავის გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფეისბუქი ვფიქრობ, რომ ძალიან ადრეა. რაც შეეხება ტიკტოკს, მე უფრო ვარ დამოკიდებული. რამდენჯერაც ნახავს ჩემს ტელეფონში, იმდენჯერ მიშლის. არანირი ცენზურა არ აქვს ტიკტოკს და თვითონვე არ მოსწონდა და წაშალა თვისი ტელეფონიდან. აქვს რამდენიმე თამაში ტელეფონში, რასაც თამაშობს და არ ვუშლი. რომ დავუშალე, უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდა. რაც შეეხება ზოგადად ტექნოლოგიებს, სოც ქსელებს და ა.შ, არანაირად არ ვფიქრობ, რომ ავუკრძალო, იმიტომ, რომ მომავალი ზუსტად ამ ტექნოლოგიურ წინსვლაშია, მეც 5 წლიდან ვარ კომპიუტერის აქტიური მომხმარებელი და ძალიან ძალიან გამომადგა. აუცილებელია, მშობელმა აკონტროლოს დროც და კონტენტიც, მაგრამ დაშლა კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად. დაშლა და არ სწავლა იგივეა, ცურვის დროს ხელფეხი რომ შეუკრა ადამიანს, ჩვენს ეპოქაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ერკვეოდე ტექნოლოგიებში და ნებისმიერი სოც ქსელის გამოყენება შეიძლება დადებითი კუთხით, ფანტაზიის განვითარების კუთხით, კრეატივის განვითარების კუთხით და არა მხოლოდ "სქროლვისთვის". ტიკტოკს რაც შეეხება, ცეკვის ტრენდებს ვგულისხმობ, ჩემი აზრით, ძალიან უწყობს ხელს მოტორულ განვითარებას, ფიზიკურ აქტივობას და მახსოვრობას, ასევე ბევრი კარგი გვერდია მოკლე და სასარგებლო ინფორმაციით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვაკონტროლოთ კონტენტი.
  • 7 წლის ხდება, აქვს თავისი მობილური და ფეისბუქ გვერდი. არაფერს ვუკრძალავ, არც ვაკონტროლებ. უბრალოდ, ვემეგობრები და თავისი სურვილით მიყვება ყველაფერს. თუ მცალია და სადმე გასვლას შევთავაზებ, საერთოდ არც გაახსენდება, რომ ტელეფონი და ინტერნეტი არსებობს. ძალიან უყვარს ლამაზად გაფორმებული საჭმელები და ძირითადად ასეთ ვიდეოებს უყურებს.
mshoblebi
იმისათვის, რომ მშობლებმა შვილები სოციალურ სივრცეში ბულინგისგან დაიცვან, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტების (თეონა ტურაშვილი, გვანცა ნიკურაძე) და Huppy-ს გუნდის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის"(P4E) პროექტის "მშობლობა იზოლაციის შემდგომ" ფარგლებში მომზადებული ინფორმაციიდან კონკრეტულად ტიკ-ტოკთან დაკავშირებულ ამონარიდს გიზიარებთ:

რეალურად TikTok, ისევე როგორც სხვა ბევრი სოცქსელი, ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველი აპლიკაციაა სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, დადგინდა, რომ პლატფორმა არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე მოზარდების პირად ინფორმაციას, მათ შორის სახელებსა და გვარებს, ელექტრონულ მისამართებსა და ადგილმდებარეობებს.

ასეა თუ ისე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ TikTok-ზეც არსებობს კონტროლის მექანიზმი მშობლებისთვის – Family Pairing. მისი მეშვეობით შეგვიძლია:
  • ვნახოთ კომენტარები, რეაქციები, შეტყობინებები და ის მასალები, რომელზეც ჩვენს შვილს ჰქონდა წვდომა;
  • განვსაზღვროთ, თუ ვის შეუძლია ნახოს ჩვენი შვილის მიერ გამოქვეყნებული მასალა, კომენტარები და რეაქციები;
  • ვაკონტროლოთ TikTok-ზე გატარებული დრო;
  • Family Pairing ფუნქციის გასააქტიურებლად თავად უნდა შევქმნათ TikTok ანგარიში და დავუკავშიროთ ის შვილის მობილურს/პლანშეტს/ლეპტოპს. ამისათვის, საჭიროა პარამეტრებში მოვძებნოთ Digital Wellbeing სექცია, შემდგომ კი დავასკანეროთ მოზარდის აპლიკაციაში მოთავსებული სპეციალური QR კოდი.
  • ზოგადად, მეგობრულად ვესაუბროთ შვილებს და შევთანხმდეთ როგორი ტიპის ვებგვერდები, აპლიკაციები, ვიდეოები, თამაშები შეუძლია გამოიყენოს და როგორი – არა. ვიყოთ მათი ციფრული მეგობრები, რომლებთანაც ღიად ისაუბრებენ, თუ რა ნახეს დღის მანძილზე, რა მოეწონათ, რამ გააბრაზათ. ეს ბევრად გაგვიმარტივებს პროცესის მართვას და მათთვის რელევანტური რჩევების მიცემას.
რაც შეეხება ფსიქოლოგების მოსაზრებას, გთავაზობთ ასევე რამდენიმე ამონარიდს mshoblebi.ge-სთვის მათ მიერ სხვადასხვა დროს მოცემული ინტერვიუებიდან:

ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი:
- რატომ ვერ აკონტროლებენ მშობლები, რას დებენ მათი შვილები სოციალურ ქსელში?
- ერთი, ალბათ იმიტომ, რომ არ მიაჩნიათ იმდენად მნიშვნელოვნად და ვერ აცნობიერებენ ამ საფრთხეებს. ჰგონიათ, რომ ეს სერიოზული რამ არ არის. მეორე, შეიძლება თავადაც იგივეს აკეთებდნენ და ამ ცხოვრების სტილით ცხოვრობდნენ. მესამე, შეიძლება ისედაც არ აქცევენ შვილებს ყურადღებას და არ ინტერესდებიან, რას საქმიანობენ ისინი.
mshoblebi
- ბულინგსა და ნეგატიურ უკუკავშირს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მით უმეტეს, მოზარდობის ასაკში?
- ძალიან დიდი საფრთხეები არსებობს. პირველ რიგში, ეს არის პირადი სივრცის რღვევა. მოზარდებს ურღვევენ პირად სივრცეს და მათ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე. ბულინგის დროს ხდება ნეგატიური აზრის შემცველი კომენტარებით მათი მოხსენიება. იარლიყების მიწებება, მაგალითად, "როგორი მსუქანი ხარ", "როგორი გამხდარი ხარ", "რამხელა ცხვირი გაქვს", "რა ცუდად გაცვია". მით უმეტეს, როდესაც მოზარდობის ასაკში თანატოლისგან მიღებული უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რომ მშობელი როგორც არ უნდა შეეცადოს მის დაწყნარებასა და დამშვიდებას, მათ მაინც ძალიან უჭირთ მშობელზე დაყრდნობა იმიტომ, რომ ნეგატიური აზრი უკვე მიღებული აქვთ. პროცესი იწვევს პიროვნულ ტრავმებს. არასტაბილური თავდაჯერებულებულობა აქვთ, ხელოვნურად, მოწონებებზე აშენებული თავდაჯერებულობა არ არის რეალური. საკუთარ თავში საყრდენს კარგავენ. შეიძლება ჩაიკეტონ, აღარ მოუნდეთ თანატოლებთან ურთოერთობა და კომუნიკაცია. ეგონოთ, რომ ყველა უღალატებს, ბოროტად გამოიყენებს მის ნათქვამს. ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება.

- თუ უფროსები აკონტროლებს, ზოგჯერ ბავშვები ყალბ ანგარიშებს ქმნიან, რომ ის გამოიყენონ ნეგატიური კომენტარებისთვის. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- ყალბ ანგარიშებს ხშირად იყენებენ სხვისი ჩაგვრისთვის. როგორც წესი, თავად არიან უკმაყოფილო, გაბრაზებული მოზარდები და ეს უკვე ნიშნავს, რომ ოჯახიდან და იმ სოციალური გარემოდან გამომდინარე, რომელშიც უწევთ ცხოვრება, აქვთ სტრესი, რაც მათზე ნეგატიურად მოქმედებს. მერე სჭირდებათ სივრცე, რომ დაიკმაყოფილონ და გამოხატონ აგრესია. ძირითადად ამიტომ აკეთებენ ხოლმე. ან კიდევ იმისთვის, რომ უფრო გულწრფელები იყვნენ. ზოგს იდენტიფიცირებადი ექაუნთით გულწრფელი, დადებითი კომენტარების გაკეთებაც კი უჭირს. ესეც იმიტომ, რომ ეშინიათ, არ დასცინონ, თუ მშობელმა აღმოაჩინა, რომ ბავშვს სხვა ანგარიშიც აქვს, რამდენადაც შესაძლებელია, დანიშნულება უნდა გამოარკვიოს. ამის შემდეგ ჰქონდეს უკვე რეაგირება. თუ თავად გაუმკლავდა და შედგა დიალოგი, ხომ კარგი, თუ არა მერე უკვე სპეციალისტის ჩართულობაზეც უნდა იფიქროს. იხილეთ ვრცლად


ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი:
- რამდენად ბუნებრივია, 10-11-12 წლის მოზარდმა ამდენი იფიქროს სექსზე, ორიენტაციაზე და არა ვთქვათ, თამაშზე, სწავლაზე, გატაცებებზე და სხვა, თუნდაც ამ ასაკისთვის უფრო დამახასიათებელ საკითხებზე. პრობლემა ის ხომ არ არის, რომ ბევრი თავისუფალი დრო აქვს და დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელში, სადაც მსგავსი თემებია აქტუალური და დომინანტური?
mshoblebi
- ფიზიკური მომწიფებაც დაჩქარებულია. ამასთანავე, გვაქვს ინტერნეტსივრცე, რომელიც მოზარდებს ძალიან უკონტროლო და ქაოტურ ინფორმაციას აწვდის. ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში მსგავსი კითხვებისა და ინტერესების გაჩენას აჩქარებს. მშობლები ხშირად ინტერნეტსივრცეს ვერ აკონტროლებენ, არ იციან, რას უყურებენ მათი შვილები, რა ხდება იქ. სამწუხაროდ, ჩვენთან არაფერია დაბლოკილი. აბსოლუტურად ყველაფერი ღიაა და ნებისმიერ რამეზე აქვთ ხელმისაწვდომობა. დიახ, პატივი უნდა ვცეთ ჩვენი შვილების პირად სივრცეს და არ უნდა დავარღვიოთ, მაგრამ თუ ეს პირადი სივრცე შევსებულია საფრთხით, არ შეიძლება უკონტროლოდ დავტოვოთ. ყველა მშობელმა მშობლის კონტროლი უნდა დააყენოს, რამდენ ხანს და რას უყურებს ბავშვი. ეს უნდა კონტროლდებოდეს. თუ ეკრანსაა მოშორებული, თუ კონტროლირებადია მისი ინტერესის სფერო, გარემო, მაშინ ამ შედეგს ნაკლებად მივიღებთ. იხილეთ ვრცლად

რას ამბობენ თავად ბავშვები? 
  • მარიამი, 14 წლის: - ტიკ-ტოკში ახალი ვარ, ჯერ არ მყავს ბევრი გამომწერი. კლასელებს ჰქონდათ და მეც გადმოვწერე, სკოლაში დასვენებაზე ვიდეოების გადაღებით ვერთობით ხოლმე, სახალისოა.
  • სალომე, 14 წლის: - ყველაზე მაგარი ის არის, რომ დედაჩემი ვერ ნახავს იმ ვიდეოებს, რომლებსაც აქ ვდებ, იმას გავაკეთებ, რაც მინდა, ვერ მეტყვიან, ეს წაშალე, ეს დადე. დედამ არ იცის, რომ აქ ვარ დარეგისტრირებული. არ ვფიქრობ, რომ დიდ დროს ვატარებ ტიკ-ტოკში და მეცადინეობაში ხელს მიშლის.
  • ნიკა, 16 წლის: - ადრე უფრო აქტიური ვიყავი ტიკ-ტოკში, ახლა იმდენად აღარ, დრო არ მაქვს. მე გასართობად ვიყენებდი, ბევრი ფოლოუერი რომ გყავს, ბევრი კომენტარი გაქვს, ბევრს მოსწონხარ, პოპულარული ხარ, სასიამოვნოა, ეს მომწონდა.
  • ნინი, 17 წლის: - მე მსახიობი მინდა ვიყო, ეს კი კარგი პლატფორმაა საკუთარი თავისა და ნიჭის წარმოსაჩენად. თან შეიძლება ისეთი ვიდეო დავდო, რომელსაც "ფეისბუქზე" მშობლების და ნათესავების გამო ვერ გამოვაქვეყნებდი, ამ სივრცეში თავისუფლად ვახერხებ საკუთარი თავის პრეზენტაციას. ვიდეოს დავდებ, რამეს ვიტყვი და მერე არ მიწევს დედაჩემს ავუხსნა, თუ რატომ გავაკეთე ეს.

ერთი სიტყვით, მიზეზი, თუ რატომ ატარებს ბავშვი დიდ დროს სოციალურ ქსელში და ჰყვება თანატოლებს ათასგვარ წამოწყებაში, ბევრია. თუმცა ყველანი - ფსიქოლოგებიც და მშობლებიც ვთანმხდებით იმაზე, რომ მოზარდთან აუცილებლად უნდა ვიმეგობროთ, მას ჩვენთვს ყველაფრის გაზიარება უნდა შეეძლოს. რომ, ნაკლები დრო უნდა რჩებოდეს სოციალური ქსელისთვის - იყოს დაკავებული სწავლით, სხვადასხვა გატაცებით, გასართობით. და რომ მშობელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, სად არის და რითაა დაკავებული მისი შვილი.

11559
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები