სიახლეებიკალეიდოსკოპი
„არ მინდოდა, ქართველს უცხო ენაზე ენახა ხაჭაპურის რეცეპტი“ – გაიცანით „აპოლინეს სამზარეულოს“ ემიგრანტი დიასახლისი
„არ მინდოდა, ქართველს უცხო ენაზე ენახა ხაჭაპურის რეცეპტი“ – გაიცანით „აპოლინეს სამზარეულოს“ ემიგრანტი დიასახლისი
„აპოლინეს სამზარეულო“ კულინარიული იუთუბარხია, რომელიც ემიგრანტმა ქალმა, ლალი ჭიღლაძემ, 5 წლის წინ შექმნა. დეტალურად ახსნილი, ზუსტი და სანდო რეცეპტები, რჩევები, მშვიდი ხმა – ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც კულინარიული არხის გამომწერთა რაოდენობა უკვე 110 ათასს აჭარბებს.

ლალი თავისი ცხოვრებისა და კულინარიის სიყვარულის შესახებ გვესაუბრა, ბოლოს კი ისიც გაგვიმხილა, რომ სულ მალე საქართველოში ბრუნდება და წინ დიდი გეგმები აქვს. ახლოს გაიცანით „აპოლინეს სამზარეულოს“ დიასახლისი ლალი ჭიღლაძე.

- თბილისში დავიბადე, პროფესიით მუსიკოსი ვარ, დ. არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე. 2002
წელს „ოპერის“ პროგრამით (პროგრამა, როდესაც ახალგაზრდა გერმანიაში, მასპინძელ ოჯახში ძიძის სტატუსით მიდის) წამოვედი გერმანიაში. წესით, 1 წლით მოვდიოდი, ენა უნდა მესწავლა, მემუშავა და უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ორი წლის შემდეგ დავქორწინდი, ბავშვები შემეძინა. 3 შვილი მყავს – ერთი ვაჟი და ორი გოგონა.

გერმანიაში საავადმყოფოში, პალიატიურ განყოფილებაში ვმუშაობ. აქ არიან პაციენტები, რომლებსაც 3, 4 თვე ან უფრო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. ანუ ყოველდღიურად მიწევს სიკვდილთან შეხვედრა. უკვე ბევრი წელია, რაც აქ ვმუშაობ, ნელ-ნელა ვისწავლე ემოციის, დარდის, სამსახურში დატოვება, თორემ ამ განცდებით ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა.

– კულინარიისადმი სიყვარული როდის გაგიჩნდათ?


– სიმართლე გითხრათ, სამზარეულოსთან დიდად არ ვმეგობრობდი. ისე ვიყავი მუსიკით გატაცებული, რომ სხვა არაფერი არ მაინტერესებდა, სულ ვუკრავდი,
კონცერტებზე დავდიოდი. ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ კულინარია ასე შემიყვარდებოდა. ახლობლებიც ხშირად მეუბნებიან: „ვაიმე, რა ზარმაცი იყავი და შენგან რა დადგა!“

ოჯახის შექმნის შემდეგ დავიწყე მზადება. აქ ინსტრუმენტი არ მქონდა, არადა ძალიან მინდოდა ხელებით რამე გამეკეთებინა, თანაც მეუღლე ძალიან პრეტენზიული მჭამელი იყო. ამ ორმა ფაქტორმა ნელ-ნელა შემიყვანა სამზარეულოს სამყაროში. თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან აქ არავინ არ მყავდა, ვისთვისაც შეიძლებოდა რჩევა ან რეცეპტი მეკითხა. დავიწყე რეცეპტების მოძიება და აღმოვაჩინე, რომ ქართულენოვანი რეცეპტები (განსაკუთრებით, ვიდეორეცეპტები) არ იყო და რაც ვნახე, ვცადე, არასოდეს არ გამოვიდა. ხან ინგრედიენტების მოცულობა იყო არასწორად მითითებული, ხან ესა თუ ის პროცესი ზედმიწევნით ზუსტად არ იყო აღწერილი. განაგრძეთ კითხვა
ბეჭდვა