9 ოქტომბერს მოსკოვის დიდ თეატრში ტრაგედია მოხდა - სცენაზე, ოპერა "სადკოს" წარმოდგენისას, უზარმაზარი, ორტონიანი დეკორაციის ქვეშ ოპერის მსახიობი მოყვა, 37 წლის ევგენი კულეში და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კულესი მიმანსის მსახიობი იყო, რომლებიც მასობრივ სცენებში მონაწილეობენ ხოლმე. როგორც თეატრში ამბობენ, მას სკამი უნდა გამოეტანა, სცენის ცენტრში დაედგა და სხვა მხარეს გასულიყო. თუმცა ის რატომღაც უკან წავიდა და სწორედ ამ დროს დაეშვა უშველებელი დეკორაცია, რომელმაც ქვეშ მოიყოლა. თეატრის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ მსახიობის ბრალი იყო და თავად უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული ჰქონდათ.
თუმცა ჟურნალისტებმა აზრი ჰკითხეს დიდი თეატრის ცნობილ სოლისტს, ბალერონსა და ქორეოგრაფ ნიკოლოზ ცისკარიძეს. ის ამბობს, რომ ახლა ეცდებიან ყველანაირად, მსახიობს დააბრალონ, თუმცა ფაქტია, უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული: "ძალიან მალე დასრულდა ამ ოპერის დადგმა და სულ ორი რეპეტიცია ჰქონდათ... ყველაფერი ალბათ არ იყო გათვლილი და დაზუსტებული. წესების მიხედვით, პროცესს უნდა აკონტროლებდეს დამდგმელი რეჟისორი და ორი დამატებითი რეჟისორი. ასეთი კონსტრუქცია სცენაზე უნდა იცვლებოდეს მაშინ, როცა იქ მსახიობები არ არიან და ფარდაც დაშვებულია... თუმცა დიდ თეატრში, სამწუხაროდ, უსაფრთხოების ზომები კრიტიკას ვერ უძლებს. კულისებს მიღმა ჯოჯოხეთი ტრიალებს. ყოველ ჯერზე, როცა ფარდა იწეოდა, ასობით ადამიანი იყო რისკის ქვეშ: მუშები, მსახიობები, ორკესტრის წევრები...", - ამბობს ცისკარიძე.
საქმეზე ძიება დაწყებულია.