წლების განმავლობაში წყვილმა შესანიშნავი შვილები გააჩინა. ახლა ოქსანა უსოვა ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს...
41 წლის ნოვოსიბირსკელი ოქსანა უსოვა გმირი დედაა - 10 შვილი გააჩინა ერთადერთი მამაკაცისგან. მისი ისტორია მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ქალმა გაიგო და მოგვიანებით, სოციალურ ქსელში უამრავი გამამხნევებელი შეტყობინებაც მიიღო. გამომწერები აღფრთოვანებულები იყვნენ ქალის გამძლეობითა და პასუხისმგებლობით. ბევრს მისი და ქმრის სიყვარულის შურდა კიდეც.
თუმცა, უსოვამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქმართან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. ქალს დაშორების მიზეზი არ უთქვამს, თუმცა აცხადებს, რომ ქმარი მისი ერთგული იყო და 14 წლის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ.
"დეტალებზე არ ვისაუბრებ. ეს უბრალოდ ფაქტია, რომ - დავიშალეთ. ის კარგი ადამიანია. გვიყვარს ჩვენი შვილები და მათთვის მხოლოდ სიკეთე და ბედნიერება გვემეტება. ამიტომაც, ძალიან სწრაფად ვუპსუხებ ყველა მოსალოდნელ შეკითხვას: მას სხვა ქალი არ ჰყავს. არც მე მყავს სხვა კაცი. ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ, ყოველთვის ასე იყო. სერგეის ვუსურვებ მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. თუმცა, გაგრძელება აღარ შემიძლია... მაპატიეთ", - დაწერა უსოვამ საკუთარ ინსტაგრამზე.
ოქსანამ ბავშვების თემაზე არსებულ შეკითხვებსაც უპასუხა და განმარტა, რომ მიუხედავად განქორწინებისა, ბავშვები ერთად გაიზრდებიან.
"ბავშვებმა იციან, რომ ყველაფერი მშვიდად გაგრძელდება. სახლს არ ვყიდით. არც არაფერს ვიყოფთ", - განუცხადა უსოვამ საზოგადოებას.
უსოვების უმცროსი ქალიშვილი მალე ორი წლის გახდება, უფროსი ვაჟი კი - 15-ის. სხვათა შორის, შარშან ქალმა გადაწყვიტა, რომ მე-11 შვილი გაეჩინა, თუმცა ორსულობა მოულოდელად შეუწყდა. ამავე დროს ერთ-ერთ გოგონას მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა - ლეიკემია აქვს. ამ დროისათვის ის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბავშვის მდგომარეობის შესახებ ქალის გამომწერები მუდივად ინტერესდებიან.
"როდესაც გამოწერენ, ბავშვებთან ერთად ბინაში გადავალ საცხოვრებლად, თუ სხვა სახლის ყიდვა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი საერთო სახლი დარჩება ისე, როგორცაა. მასში სული და გული ჩავდეთ და უამრავი ბედნიერი თუ სევდიანი მომენტი გვაკავშირებს. აქ დაიბადნენ ჩვენი შვილები. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ლუბაშას გამოჯანმრთელებაა", - თქვა ოქსანამ.
ამასობაში ოქსანა ძველ ფორმას დაუბრუნდა. ქალის მაქსიმალური წონა 107 კილოგრამი იყო, ახლა კი ამ წონის ნახევარია. მისი გახდომის ისტორია კი იქიდან დაიწყო, რომ ერთხელ ახლობელი ადამიანისგან შეურაცხმყოფელი კომენტარი მოისმინა. გარდა ამისა, წონასთან დაკავშირებული კრიტიკა ეხებოდა არა მხოლოდ ქალის გარეგნობას, არამედ მრავალშვილიანი დედის ჯანმრთელობას.
"ერთხელ, მახსოვს, როგორ შემადარა ჩემმა ახლობელმა ზურგსუკან ღორს. ძალიან მეწყინა. ახლა ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ცოტათი მართალი იყო. მაგრამ, მაინც არაეთიკური და საწყენია. საკუთარ შვილებსაც კი ვერასდროს ვეტყვი ამას. ყოველი მშობიარობის შემდეგ ვიმატებდი, ბოლოს კი ჩემი წონა 107 კგ გახდა", - დაწერა უსოვამ.
ოქსანას თქმით, წონაში კლების რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არ აქვს. ვარჯიშობს, აკონტროლებს კვებისა და დღის რეჟიმს. კარანტინის დროსაც კი, როდესაც კორონავირუსის გამო ყველა სპორტული დარბაზი დაკეტილი იყო, ქალი დილის 6 საათზე დგებოდა და დარბოდა პარკსა თუ სახლის ირგვლივ.
"რაციონიდან შაქარი ამოვიღე. თუმცა, საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ ხოლმე, რომ ტკბილი დღის პირველ ნახევარში შევჭამო. საღამოს სავარჯიშოდ დარბაზში დავდივარ. ჩემი ბოლო კვება 5-6 საათზეა. არ ვჭამ სწრაფი კვების საკვებს, მაგალითად, ჩემს რაციონში არ არის პელმენი. ბავშვებისთვის ყველაფერს ვამზადებ და საკუთარ თავსაც ვაძლევ უფლებას ერთი ბლინი ან ღვეზელი შევჭამო, მეტი არა. სავარჯიშო დარბაზში კარდიოვარჯიშებს ვაკეთებ, შემდეგ კი უფრო მეტად ვიტვირთები", - ამბობს მრავალშვილიანი დედა.
სხვათა შორის, ბლოგერი აქტიურად მუშაობს საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნზე, სადაც დედობის ყველა საინტერესო ასპექტის შესახებ გეგმავს ისაუბროს.
"ადამიანების უმეტესობას არ ესმის, საიდან მაქვს ამდენი ენერგია და ძალა. ბევრ შეკითხვას ვისმენ, რატომ გადავწყვიტე ამდენი შვილის გაჩენა და მრჩება თუ არა დრო საკუთარი თავისთვის. წიგნში ყველაფერზე ვისაუბრებ, რაც გავლილი მაქვს და რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში", - აცხადებს ოქსანა უსოვა.