"ოჯახს ერთი ექიმი არ აწყენდა..." - მაკა ძაგანია შვილებისთვის საოცნებო პროფესიაზე, შიშებზე და პანდეიაზე
"ოჯახს ერთი ექიმი არ აწყენდა..." - მაკა ძაგანია შვილებისთვის საოცნებო პროფესიაზე, შიშებზე და პანდეიაზე
სახელი, გვარი: მაკა ძაგანია.
ასაკი: 41 წლის.
განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში". ასევე აქვს საბავშვო თეატრალური სტუდია.
ცხოვრების დევიზი: "რასაც დასთეს იმას მოიმკი"; "თუ ვინმემ შეძლო, ე.ი. შენც შეგიძლია".

- მაკა, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ცოტათი პანიკიორ, ცოტათი მშიშარა და კარგად დამთმობ ადამიანს.

- ყველაზე მეტად რა გაშინებთ?

- ბევრი ფობია მაქვს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი სიკვდილის შიშამდე მიდის. სავარაუდოდ, ჩემი ყველა ფობია სიკვდილის შიშს უკავშირდება. მაგალითად, ახალ ლიფტებში მარტო ვერ შევდივარ,
რადგან როცა რკინის კარი იკეტება, მგონია, ვაკუუმი იქმნება და რომ გავიჭედო, ჰაერი არ მეყოფა, მოვკვდები. ძველ ლიფტებში შესვლის არ მეშინია: ვფიქრობ, რომ გავიჭედო, ჰაერი მაინც მოძრაობს და არ გავიგუდები.

- თქვენს ცხოვრებაში რამე ისეთი მოხდა, რამაც ლიფტთან დაკავშირებული შიში განაპირობა?

- ერთ ზაფხულს, ერთ-ერთი კვების ობიექტში, ერთი სართულიდან მეორეზე ასვლა ლიფტით მომიხდა. ლიფტში ვენტილაცია არ იყო. ზაფხულის სიცხეში ლიფტში შესულსაც ჩახუთულობა რომ დამხვდა, იმ 2 წამში მეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდი. ლიფტებში შესვლა მანამდეც არ მსიამოვნებდა. სადაც ფეხით ასვლა შემიძლია, ფეხით ავდივარ... კიდევ, ნისლის დროს, როცა ხილვადობა ჭირს, მგონია, რომ ვერ ვსუნთქავ - ასეთი შეგრძნება მეუფლება. შინაგანი შფოთვა მეწყება - ვაი და ჰაერი არ მეყოს-მეთქი (იღიმის)?..

-
თქვენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- ალბათ, ჩემს ახლობლებთან, გარშემო მყოფებთან კომუნიკაციას "გამოვყავარ". შეიძლება, უცბად რაღაცის გამო გავბრაზდე, მეწყინოს, ვიტირო, მაგრამ შვილებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ჩახუტება, მოფერება მშველის.

- რას ნიშნავს თქვენთვის სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"?

- ჩემი ცხოვრების ნაწილია. "სამსახურსაც" ვერ ვარქმევ, რადგან როცა 11 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავეს აკეთებ, რაღაცნაირად, შენი ნაწილი ხდება. შეიძლება, სადმე ბუღალტრად იმუშაო, მაგრამ ფურცლები შვილივით ვერ გეყვარება, ხომ? მსახიობი როლს რომ ქმნი, ის შენთვის ბავშვივით სათუთი ხდება, რომელსაც გააჩენ, უვლი, ზრდი... 11 წელია, ჩემს პერსონაჟს ვუვლი. როგორ შეიძლება, ჩემი ცხოვრების ნაწილი არ იყოს?..

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?

- ნორმალური. რომ გითხრათ, - არიქა, ვარსკვლავებს ვწყვეტდი-მეთქი, მართალი არ ვიქნები. თან, ქორეოგრაფიულში ვსწავლობდი და მთელი ჩემი მონდომება იქით იყო მიმართული.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?

- ნორმალურად, დამაკმაყოფილებლად (იცინის)...

- თქვენს შესაძლებლობებზე ოდესმე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- ცოტათი მშიშარა ვარ, გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ. საკუთარ თავთან ეს კითხვა სულ მაქვს - შევძლებ? მიუხედავად ამისა, ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე - კი, შეძლებ, რადგან თუ ვიღაცას გამოსდის, შენც გამოგივა-მეთქი, მაგრამ პანიკური შეტევა მქონია - ვაიმე, შევძლებ კი? ნამდვილად გამომივა-მეთქი?

- საუკეთესო ვარიანტში, თქვენი შვილები რომელი პროფესიის წარმომადგენლები გინდათ, რომ იყვნენ?

- რავი, ალბათ, ოჯახს ერთი ექიმი არ აწყენდა (იცინის). ეს ისეთი რამაა, რომ თავად უნდა გადაწყვიტონ - პროფესიის არჩევა მხოლოდ მათ ეხებათ, თორემ ისე, შინ ერთი ექიმი რომ გყავს, უფრო მშვიდად ხარ ადამიანი... განაგრძეთ კითხვა
925
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები