დედაქალაქის მასშტაბით 400 უსახლკარო ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"არც ერთი უსახლკარო თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. საბინაო ფონდის შექმნა დიდი ხანია დაწყებული გვაქვს და მზად ვართ, უკვე 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელება დავიწყოთ." - თქვა მერმა.
არსებული ინფორმაციით, ბინების მოძიება დედაქალაქის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ და 400 ოჯახი 2022 წელს საკუთარ ფართს მიიღებს.
იმისათვის, რომ გაგვერკვია, როგორ რეგისტრირდება პირი უსახლკაროდ და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, თბილისის მერიას მივმართეთ:
"სტატუსის მოსაპოვებლად მოქალაქემ თბილისის მერიას უნდა მიმართოს. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადს განიხილავს. არსებობს სპეციალური ფორმები, რომლებიც განმცხადებლის მხრიდან ივსება და რეგისტრირდება. სამსახური საკითხს კომისიური წესით განიხილავს. კომისიაზე გადის დოკუმენტაცია, ასევე საჯარო და კერძო უწყებებიდან კომისია თავადაც იძიებს ინფორმაციას. მოძიებული მონაცემების დამუშავების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ბრძანების სახით მზადდება და განმცხადებელს ეცნობება. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მოქალაქე იურიდიულად ქალაქ თბილისში რეგისტრირებული იყოს და არ ფლობდეს უძრავ ქონებას. სხვა დეტალებს, როგორც გითხარით, განმცხადებელი თავად ავსებს სპეციალურ ფორმაში."- გვითხრეს თბილისის მერიაში.
დამატებითი დეტალებისთვის დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22
თამარ იაკობაშვილი