63 წლის მსახიობი, პროდიუსერი და მრავალშვილიანი მამა მოულოდნელად ტრაგიკული შემთხვევის მონაწილე გახდა.
ჰოლივუდის ფილმის Rust-ის გადასაღებ მოედანზე საშინელი ტრაგედია მოხდა. ალეკ ბოლდუინი პროდიუსერი და ასევე, მთავარი როლის შემსრულებელი იყო. ის ცნობილ კრიმინალს ჰარლანდ რასტს თამაშობდა, რომელიც გაიგებს, რომ მის მოზარდ შვილიშვილს მკვლელობის საქმეში ადანაშაულებენ.
როგორც დასავლური პრესა აცხადებს, გადასაღებ მოედანზე კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევით მოკლა ერთი ადამიანი, მეორე კი დაჭრა. მოგვიანებით პოლიციამ თქვა, რომ სწორედ ალეკ ბოლდუინმა გაისროლა და ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
ინცინდენტი ნიუ-მექსიკოში, ერთ-ერთ რანჩოზე მოხდა. სცენარის მიხედვით, მსახიობებს ერთმანეთისთვის ცეცხლი უნდა გაეხსნათ. მხოლოდ გასროლის მომენტში გაირკვა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები ეწყო და არა ცარიელი ვაზნები. ტყვია ორ ადამიანს მოხვდა - რეჟისორს ჯოელა სოულსა და ოპერატორ გალინა ჰატჩინსს. ქალი საავადმყოშოში თვითმფრინავით გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"წარმოშობით უკრაინელი გალინა საბჭოთა სამხედრო ბაზაზე გაიზარდა, რომელიც გარშემორტყმული იყო ირმებითა და ატომური წყალქვეშა ნავებით", - ნათქვამია ქალის ბიოგრაფიაში. გალინამ კიევის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით დაამთავრა, რომლის შემდეგაც ბრიტანელ კინორეჟისორებთან, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი თანამშრომლობდა.
სულ რამდენიმე დღის წინ ქალმა ინსტაგრამზე ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გადაღება ძალიან მოსწონდა, ერთ-ერთი მიზეზი კი ცხენით გასეირნება იყო.
ის საკუთარ თავს "გამოუსწორებელ მეოცნებეს" და "ადრენალინის მოყვარულს" უწოდებდა. მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა Darling (2019), Nemesis (2020) და Blindfire (2020).
ექიმების თქმით, 48 წლის რეჟისორის მდგომარეობაც კრიტიკულია. მედიკოსები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.
"ამ დროისათვის გადაღებები გაჩერებულია. ჩვენი გუნდისა და მსახიობების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია", - ნათქვამია ფილმის გადამღები ჯგუფის გნცხადებაში. ჯერჯერობით, ბოლდუინისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.