ჰიპერჰიდროზი – ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. ეს არის დაავადება, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს და მათ შორის, თურმე ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც.
მაშინაც კი, როცა მაკიაჟი, ვარცხნილობა და სამოსი უზადოა, შეიძლება მცირე უსიამოვნებამ ყველა ძალისხმევა წყალში ჩაგიყაროთ - ოფლის კვალმა სამოსზე, სველმა შუბლმა ან ხელებმა, უსიამოვნო სუნმა. ამისგან არავინაა დაზღვეული და თვით ისეთი უზრუნველყოფილი და მოვლილი ადამიანებიც კი, როგორებიც არიან ცნობილი მსახიობები თუ მომღერლები, იტანჯებიან ამგვარი დისკომფორტით.
ჰოლივუდის ვარსკვლავ ჰოლი ბერის არაერთხელ უღიარებია, რომ როდესაც ნერვიულობს, ფაქტობრივად ოფლში ცურავს. პაპარაცებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ სველი იღლიებით მნიშვნელოვანი ინტერვიუების თუ პრესკონფერენციების დროს.
"ბინდის" ვარსკვლავებისთვის, კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონისთვისაც ძალიან ახლობელია ეს პრობლემა. კრისტენი ამბობს, რომ როგორც კი ცოტას ინერვიულებს, მაშინვე ოფლად იღვრება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტენ სტიუარტი დეზოდორანტს არ იყენებს. სხვათა შორის, ასევე არ უყვარს კბილების გახეხვა, თავის დაბანა და შხაპის ხშირად მიღება, რის გამოც ხშირად აკრიტიკებენ. ამბობს, რომ არც აღელვებს გარშემო მყოფების აზრები.
პოპის დედოფლად აღიარებულ ბრინტი სპირსსაც ერთ-ერთ ყველაზე უსუფთაო ვარსკვლავად მიიჩნევენ. ხშირად ამბობენ მისი ახლობლები, რომ არ უყვარს კბილების გახეხვა, ფრჩხილებს იკვნეტავს და ჭუჭყიანი ტანსაცმლით დადის. როგორც გაირკვა, ოფლიანობის პრობლემაც ჰქონია.
არადა, როგორც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, რაც მეტად ვიღებთ შხაპს, მით ნაკლებად ვოფლიანდებით. სასურველია თბილი წყლით ბანაობა და არა ცხელით, მერე კი, ვისაც ოფლიანობა აწუხებს, ურჩევენ, ეცადოს ბუნებრივად შეაშრეს ნაწილი სისველის და მერე კარგი, ხაოიანი პირსახოცით შეიმშრალოს.
არადა, ასეთ მარტივ წესს, როგორიც რეგულარული შხაპია, ბევრი ვარსკვლავი უგულებელყოფს. მათ შორის ყოფილა ლეონარდო დი კაპრიოც. ბევრი მისი ახლობელი ამტკიცებს, რომ საკმაოდ ცუდი სუნი სდის ხოლმე. საქმე ისაა, რომ ლეო გარემოზე ზრუნავს, მზის პანელები აქვს, მანქანაც ელექტრო აქვს და შხაპსაც კვირაში 2-3-ჯერ იღებს, წყალი რომ დაზოგოს.
ამბობენ, რომ ასევე არც ისე სასიამოვნო სუნი ასდის ხოლმე ქალების საყვარელ მეორე ვარსკვლავს - ბრედ პიტს. ისიც არ სარგებლობს ხშირად შხაპით და ურჩევნია, ხელსახოცებით გაიწმინდოს ტანი.
ასევე წყალს ზოგავს ჯულია რობერტსი და ამიტომ იშვიათად იღებს შხაპს. ამბობს, რომ ნატურალური სურნელი არ აღიზიანებს და უფრო მოსწონს კიდეც. ეგ კი არა, არაერთხელ დაუფიქსირებიათ გაუპარსავი იღლიებითაც.
ბევრი ამბობს, რომ ჰიპერჰიდროზის დროს დეოდორანტი სულაც არ არის ეფექტური. ის ნივთიერებები, რაც მასშია, უბრალოდ უსიამოვნო სუნს აცხრობს, თორემ ოფლის გამოყოფას ხელს არ უშლის. ამ დაავადების მქონე ადამიანებს ურჩევენ, დერმატოლოგთან გაიარონ კონსულტაცია და ინდივიდუალურად შეარჩიონ ისეთი საშუალებები, რომლებიც კონკრეტულად ამ დაავადების დროს არის ეფექტური.
დეოდორანტების წინააღმდეგაც ბევრი ვარსკვლავი გამოდის. მაგალითად, გვინეტ პელტროუ. ისიც ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარია და მხოლოდ ორგანულ პროდუქტებს მიირთმევს. "ქიმიის" გამოყენებას კი ნებისმიერი სახით ერიდება. მათ შორის, თავის მოვლის საშუალებებშიც.
ჰიპერჰიდროზი ახლობელი პრობლემაა კამერონ დიასისთვისაც, რომელიც ასევე არაერთხელ გადაუღიათ სველი იღლიებით. ამბობს, რომ ხშირად ოფლიანობს, თუმცა ამაში ვერაფერს ვერ ხედავს არაბუნებრივს და ისიც აღიარა, რომ 20 წელზე მეტია დეოდორანტებით არ სარგებლობს, რადგან ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიაჩნია.
კამერონი იმასაც ამბობს, რომ რეგულარულად იკეთებს ეპილაციას იღლიებზე, რადგან როდესაც ბეწვი არ არის, უსიამოვნო სუნიც არ შენარჩუნდება დიდხანს.
გარდა ამისა, ვისაც ოფლიანობა აწუხებს, მას ურჩევენ, გამოიყენონ სპეციალური ანტიპერსპირაციული ხელსახოცები, რომლებიც ასუფთავებენ და აშრობენ კანს. ასევე ურჩევენ ერთგვარ გამოსაკრავს, საფენს იღლიისთვის, რომელიც იწოვს სისველეს.
ოფლიანობას ხელს უწყობს ასევე არასწორი კვება, ცხარე და მარილიანი საკვები. უნდა შეამციროთ ყავა, ალკოჰოლი, ცხარე და ტკბილი საკვები. რაც შეეხება წყალს, დერმატოლოგები და დიეტოლოგები ამბობენ, რომ წყლის შემცირება არაფრით არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ოფლიანობის დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს ხარჯავს და მისი აღდგენა აუცილებელია.
ოფლიანობას იწვევს ასევე დიდი წონა. რაც მეტია წონა, მით მით მეთ სითბოს გამოიმუშავებს სხეული. ცხიმის ფენა ბლოკავს სითბოს გამოსვლას ორგანიზმიდან. სხეული მხოლოდ ოფლდენით ახერხებს გაგრილებას. ეცადეთ დაიკლოთ რამდენიმე კილოგრამი და შეადაროთ, შეგიმცირდათ თუ არა ოფლდენა.
ხშირად ადამიანები ოფლიანობენ სტრესის ფონზე. ამიტომ აუცილებელია ფსიქოემოციური სტაბილურობა, რადგან სტრესი კიდევ ბევრ სხვა სერიოზულ პრობლემასაც იწვევს.
ასევე ოფლიანობის მიზეზია ხოლმე ჰორმონალური ცვლილებები, განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში და კლიმაქტერულ პერიოდში.
თუ არ გშველით არც საშუალებები, არც ლაიფჰაკები, ექიმს მიმართეთ. ხშირად ჰიპერჰიდროზი რაიმე დაავადების გამოვლინებაა - ჰიპოთირეოზის, ნევრიტის, გაცხიმოვნების.
დღესდღეობით ჰიპერჰიდროზს ქირურგიული ჩარევითაც კი მკურნალობენ, ასევე ლაზერული სხივებით და ა.შ. მთავარია, ექიმმა დაადგინოს მიზეზი და უკვე შემდეგ ხდება მკურნალობის გზების ძიება.