მონაკოს პრინცის ალბერისა და მისი მეუღლის, პრინცესა შარლენის ქორწინებას ბედნიერს ნამდვილად ვერ უწოდებს კაცი. პრინცის გაუთავებელი სასიყვარულო თავგადასავლებმა პრინცესა შარლინი მორალურად გატეხა. ამას პრინცესას ჯანმრთელობის გაუარესებაც დაერთო და შედეგად შარლენს ყველაზე უბედური პრინცესა უწოდეს. მონაკოს სამეფო ოჯახში იდილია არც არასდროს სუფევდა, ახლა კი ოფიცილურად დადასტურდა, რომ ოჯახში განხეთქილებაა. რამდენიმე დღის წინ პრინცმა ალბერმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ სამეფო რეზიდენცია ოფიციალურად დატოვა. მორიგ ოფიციალურ ღონისძიებაზე პრინცი ისევ ცოლის გარეშე გამოჩნდა ბავშვებით, რომლებსაც ნახატები ეჭირათ ხელში და დედას მიმართავდნენ. ხმები გავრცელდა, რომ შარლენი საბოლოოდ წავიდა, ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ის ისევ კლინიკაში მოხვდა.
გაზაფხულზე პრინცესა შარლენი საქველმოქმედო ორგანიზაციის საკითხების მოსაგვარებლად მონაკოდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაფრინდა. ვიზიტი 6 თვეს გაგრძელდა, ოფიციალური ვერსიით შარლენი ავად გახდა და მონაკოში დაბრუნება შეაგვინდა. თუმცა, გაჩნდა მეორე ვერსიაც, რომ არდაბრუნების მიზეზი გაცილებით მწვავე იყო.
პრინცესა შარლენი სამეფო რეზიდენციიდან გადასახლდა. იგი მეუღლესა და შვილებისგან შორს იმყოფებოდა. ფრანგულ პრესას პრინცმა გაუმხილა, რომ შარლენმა მოიხსნა სამეფო ვალდებულებები და უახლოეს მომავალში არ აპირებს რეზიდენციაში დაბრუნებას.
"უკეთესადაა, მაგრამ სრული სიმშვიდე ესაჭიროება. მისი უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი დეტალის გასაჯაროვება არ მიმაჩნია საჭიროდ. დაიღალა, არა მარტო ფიზიკურად, მორალურადაც. მას სჭირდება სრული სიმშვიდე და ექიმების მეთვალყურეობა", - განაცხადა ალბერმა.
პრინცმა ისიც თქვა, რომ მათი შვილები, ტყუპი ჟაკი და გაბრიელა ძალიან იტანჯებიან უდედობით, თავად კი ცდილობს, არ იგრძნოს თავი მიტოვებულად.
"როცა ერთ-ერთი მშობელი ავადაა ან შორს შვილებისგან, მეორე მშობელი შვილების გვერდით უნდა იყოს. ხშირად მესმის ჩემი მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, რომ სურდათ, მეტი დრო გაეტარებინათ შვილების გვერდით, განსაკუთრებით მათი გარდატეხის ასაკში, მაგრამ სამსახურის გამო ვერ ახერხებდნენ. მე არ მსურს ასეთი შეცდომა დავუშვა. ჩემთვის ჩემი ოჯახი მუდამ პრიორიტეტულია".
არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ შარლენი თავიდანვე წინააღმდეგი იყო ალბერის ცოლობის. მას სპორტსმენის კარიერის გაგრძელება სურდა. ალბერს კი დონ ჟუანის რეპუტაცია ჰქონდა. მისი საყვარლების სია შთამბეჭდავია: ნაომი კემპბელი, ბრუკ შილდსი, კაილი მინოუგი... ცნობილების გარდა პრინცს რომანი ჰქონდა ფრანგ სტიუარდესასთან ნიკოლ კოსტთან და ოფიციანტ ტამარა როტოლოსთან. ორივეს თითო შვილი ჰყავს პრინცისგან.
მეუღლისგან განსხვავებით შარლენი ვერ დაიკვეხნის ცნობილი საყვარლებით. ქორწინებამდე რომანი თუ ჰქონდა, არც არის ცნობილი. შარლენ უიტსტოკი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაა. ტრავმის გამო შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მიიღო. მას საერთოდ არ სურდა გათხოვება, მაგრამ ალბერმა მისი ცდუნება შეძლო და 2006 წელს ოფიციალურად გამოაცხადეს ნიშნობა. შეყვარებულები ერთად დაესწრნენ 2006 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც იტალიაში ჩატარდა.
როცა შარლენი მონაკოში გადაბარგდა, სახელმწიფოს მოსახლეობა კრიტიკულად განეწყო მის მიმართ. უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ქალი ფრანგულად არ საუბრობდა, არ მოსწონდათ მისი მანერები და შარლენი ვერ წარმოედგინათ თავიანთ პრინცესად და სამეფოს მემკვიდრეების შვილების დედად.
შარლენს ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკრიტიკებდნენ. მუდამ ადარებდნენ ინგლისის ჰერცოგინია კეიტს. მონაკოს მოსახლეობას სჯეროდა, რომ ქალი ალბერის მორიგი გატაცება იყო, ისეთივე, როგორიც მანამდე ჰყავდა პრინცს და ვისგანაც შვილებიც კი ეყოლა. თუმცა, როცა 2010 წელს 52 წლის ალბერმა შარლენი დანიშნა, საზოგადოება შოკში ჩავარდა. თუმცა, ცოტათი დაშოშმინდნენ, რადგან ურთიერთობის დასაწყისში, ოფიციალურ ფოტოებზე წყვილი ბედნიერი ჩანდა, მაგრამ გაჟონა ინფორმაციამ, რომ შარლენი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე რეზიდენციიდან გაიქცა.
უსიამოვნების მიზეზი ალბერი და მისი საყვარელი ქალი იყო, რომელმაც შვილი გაუჩინა. გარდა ამისა, მომავალ პრინცესას მუდმივად ადარებდნენ დედამთილს, ალბერის დედას, ამერიკელ მსახიობს გრეის კელის და მის ღირსეულ მემკვიდრედ არ მიაჩნდათ. შარლენმა ვერც თავის მულთან გამონახა საერთო ენა. პრინცესა კაროლინა მუდმივად აკრიტიკებდა მას.
აეროპორტში გაქცეულ შარლენს სამართალდამცველებმა პასპორტი ჩამოართვეს, რათა კეიპტაუნში ვერ გაფრენილიყო. პრინცმა ალბერმა კვლავ მოახერხა მისი შემორიგება და ოფიციალურ ნიშნობაზეც დაითანხმა, არ სურდა რეპუტაცია შელახვოდა საპატიო სტუმრებთან, რომლებიც უკვე მონაკოში იმყოფებოდნენ.
ქორწინებამდე შარლენმა რეზიდენციიდან გაქცევა კიდევ სცადა. ვითომ პარიზში გაფრინდა კაბის მოსასინჯად, სინამდვილეში კეიპტაუნის საელჩოში იმყოფებოდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ...
წყვილმა 2011 წელს იქორწინა. მხოლოდ უყურადღებო ადამიანი ვერ მიხვდებოდა, რომ ჯვრისწერაზე შარლენი ისტერიკის ზღვარზე იყო და ტირილამდე ცოტა აკლდა. მოგვიანებით მან ინტერვიუში განაცხადა რომ მისი ემოციები ოჯახურ პრობლემებთან კავშირში არ იყო. თუმცა, ყველამ ისედაც იცოდა, რომ მათი ოჯახი იდეალურისგან ძალიან შორს იდგა.
ტყუპის გაჩენის შემდეგ მონაკოს მოსახლეობა სიმპათიით განეწყო შარლენის მიმართ, მაგრამ ამით მისი ცხოვრება ბედნიერი ვერ გახდა. მას მილიონჯერ უთქვამს, რომ მონაკოში ვერავის დაუმეგობრდა და მარტოდ გრძნობს თავს. პრინცესა ოქროს გალიაში განაგრძობდა ცხოვრებას. ახლა კი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მაინც მოახერხა სამშობლოში დაბრუნება ძალების აღსადგენად. მას ნამდვილად სჭირდებოდა მშობლიური გარემო. ალბათ ალბერიც მიხვდა, რომ ძალით ცოლის დაჭერას ვეღარ შეძლებდა და თავისუფლება მიანიჭა. საინტერესოა, შარლენი ახლავე მოითხოვს განქორწინებას, თუ შვილების სრულწლოვანებას დაელოდება? ფაქტი ერთია: მეუღლეებს ერთად ცხოვრება აღარ სურთ.