მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლაში, ერთ-ერთ კლასში ჭერი მაშინ ჩამოიშალა, როცა საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ჭერის კონსტრუქცია მსუბუქი იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა. ჩვენ მარტვილის მინიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლას დავუკავშირდით, სადაც დაგვიდასტურეს, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.
"მსუბუქი კონსტრუქციის ჭერის ნაწილი დაზიანდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ზედამხედველობის სამსახური და კომპანიის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ, შეაფასებენ მდგომარეობას და ხარვეზს გამოასწორებენ. სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია და გაცდენილი საათები აუცილებლად აღდგება." - გვითხრა მარტვილის რესურსცენტრის დირექტორმა პაშა გულორდავამ.
სკოლის დირექტორი თამილა შულაია კი განმარტავს, რომ ახლა არა მხოლოდ კონკრეტულ კლასში, არამედ მთლიანად სკოლაში მიმდინარეობს უსაფრთხოების შემოწმება:
"მეექვსე გაკვეთილი სრულდებოდა, როცა ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. მაშინვე მივიღეთ შესაბამისი ზომები, დავუკავშირდით კომპანიას. მათ აქვთ ვალდებულება შეასრულონ ვალდებულება და აღმოფხვრან მსგავსი ფაქტები. გუშინ საღამოდან მიმდინარეობს სამუშაოები. სასწავლო პროცესი ერთი დღითაა შეწყვეტილი, ვინაიდან ყველა ოთახი, წერტილი საფუძვლიანად შეამოწმონ და თუ სადმე ხარვეზებია, გაასწორონ. თუ სამუშაოები დღეს დასრულდება, ხვალიდან განვაახლებთ სწავლას, თუ არა, ორშაბათიდან, რაც შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან."- აღნიშნა მან.
თამარ იაკობაშვილი