გაიცანით კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული, რომელიც ჟიურის რჩეული გახდა
გაიცანით კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული, რომელიც ჟიურის რჩეული გახდა


„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021“ უკვე დასრულდა და ჟიურიმ და მკითხველმა 6 გამარჯვებული გამოავლინა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 33 წლის თუთა ჯგუშიაა, რომელიც თავდაპირველად სახალისო და შემეცნებით ლექსებს მხოლოდ 5 წლის შვილისთვის ქმნიდა. მას შემდეგ კი, რაც ისინი „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, გადაწყვიტა ბედი ლიტერატურულ კონკურსში ეცადა.
თუთა პროფესიით ტელერადიო ჟურნალისტია, მისი ყოველდღიური საქმიანობა მედიამონიტორინგთანაა დაკავშირებული. როგორც თავად გვიამბობს, „პალიტრა L“-ის კონკურსის შესახებ მეგობრისგან შეიტყო და შვილისთვის დაწერილი 10 ლექსი გაგზავნა. როგორც აღნიშნავს, კონკურსში იმდენი შემდგარი და

ცნობილი პროექტი და მწერალი მონაწილეობდა, რომ ჟიურისგან ასეთ აღიარებას არ ელოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
მისი ლექსებში სხარტად და მარტივად არის ნათქვამი სტერეოტიპების უსარგებლობის შესახებ, რათა ბავშვები დარწმუნდნენ, რომ საგნებსა თუ მოვლენებს იარლიყები არ სჭირდებათ:
„თავდაპირველად აღიარება ჩემი შვილისგან მივიღე, ამგვარი კომუნიკაცია გვქონდა სტერეოტიპების წინააღმდეგ, როცა, მაგალითად, ვარდისფერ საქანელაზე გართობის უფლება არ მისცეს იმის გამო, რომ ბიჭია. ხან ლექსებს ვკითხულობდით, ხან ვმღეროდით და ასეთი ფორმით ვაწვდიდი დარიგებებსა და მითითებებს. ჩემი აზრით, ბავშვებთან საუბარი ძალიან რთულია. მათს ენაზეც უნდა ისაუბრო და მიღებული ინფორმაცია მომავალშიც უნდა გამოადგეთ. სანამ ლექსი საბოლოო სახეს მიიღებს, ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, რადგან ბავშვისთვის ეს ყველაფერი ძალიან სენსიტიურია. მივხვდი, რომ ჩემი ლექსებით ისინი მხარდაჭერას
გრძნობენ და გადავწყვიტე, სხვებსაც ამ ფორმით ვესაუბრო,“ - განგვიმარტა თუთა ჯგუშიამ.
მისთვის ჟიურის აღიარება ერთგვარი მოტივაცია გახდა, რომ მომავალშიც საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო ლექსები შესთავაზოს პატარებს, მანამდე კი ისინი თუთას პირველ ნამუშევრებს გაიცნობენ.
ლექსების ილუსტრაციებზე უკვე ზრუნავს მარიამ პაპუაშვილი, რომელიც თავის გამოცდილებას გვიზიარებს და გვეუბნება, რა დახვდებათ პატარებს, როცა თუთა ჯგუშიას ლექსებს გაეცნობიან.
„თუთა ჯგუშიას ლექსები იმდენად ლაღად იკითხება და ყველა მოქმედ გმირს ისეთი დასამახსოვრებელი ხასიათი აქვს, რომ წაკითხვისთანავე მკაფიოდ დამიდგნენ თვალწინ ეს საყვარელი პერსონაჟები: მშიერი ნიანგი, თმაქოჩორა ბიჭი, ტკბილეულის მოყვარული დათუნია, ცირკის ცხოველები და ა. შ. ყველა სცენა და მოქმედება ცოცხალი და ხალისიანია. შესაბამისად, ტექსტზე მუშაობა, სწორი სცენის შერჩევა და ილუსტრირება საკმაოდ მხიარული პროცესი, ბავშვობაში დაბრუნების ტოლფასი იყო ჩემთვის,“ - განგვიმარტა მან.
„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021“-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი მწერალი დათო გაბუნია განმარტავს, რომ ბავშვისთვის წერა იმდენად რთულია, რომ მისთვის მხატვრული ღირებულების შეძენა პრობლემას წარმოადგენს ხოლმე.
„თუთას ლექსები ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო, რადგან საერთოდ არ ვიცოდი, რომ საბავშვო ლიტერატურაში ასეთი ავტორი არსებობს და, რაც მთავარია, ნამუშევრები ფორმის თვალსაზრისით არის ძალიან სადა, გონებამახვილური, კარგი, სახალისო, ოსტატურად არის დაწერილი და, ამავე დროს, არის სავსებით თანამედროვე. განსხვავებით ბევრი ავტორისგან, რომელთა ნაწილი იმეორებს იმას, რაც უკვე მიგნებულია საბავშვო პოეზიაში, თუთას ლექსები არის რაღაც ახალი, განსხვავებული სიტყვა, რაც არაფერს არ ჰგავს და ეს ჩემთვის ძალიან მომხიბლავი იყო,“ - აღნიშნა მწერალმა დათო გაბუნიამ.
თუთა ჯგუშიას ილუსტრირებული ლექსები წიგნის მაღაზიების თაროებზე მალე გამოჩნდება და პატარების საყვარელ წიგნებს შორის საპატიო ადგილს დაიკავებს.

150
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები