ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ვაქცინა უშვილობას იწვევს, დეზინფორმაციაა, უფრო მეტიც - ექიმები ურჩევენ ყველა წყვილს, ვისაც შვილის გაჩენა სურს, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ჩაიტარონ.
კოვიდის საწინააღმდეგო აცრების შემდეგ უკვე უამრავი ქალი დაორსულდა, მათ შორის, ისინიც, ვინც ჯერ კიდევ კლინიკური ცდის დროს აიცრა. ამას გარდა, აშშ-ის მონიტორინგის სისტემამ აჩვენა, რომ 4800 ქალის ორსულობა დადგა მ-რნმ ვაქცინის („ფაიზერი“, „მოდერნა“) პირველი დოზის გაკეთების შემდეგ. კიდევ ერთი ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემებმა აღრიცხეს 1000-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი ორსულობის დადგომამდე ჩაიტარეს.
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ანტისხეულები, რომლებიც იმუნიზაციის შემდეგ ყალიბდება, ანდა - ვაქცინის ინგრედიენტები მოქმედებდნენ ფერტილობაზე - არც მოკლე და არც ხანგრძლივი დროის მონაკვეთში.
ქალების მსგავსად, ვაქცინის გამო უშვილობა არც მამაკაცებში ვლინდება - კვლევების დროს ჯანმრთელ მამაკაცებს გაუკეთეს ვაქცინა, აცრამდე და აცრის შემდეგ, დააკვირდნენ სპერმის მახასიათებლებს - რაოდენობას და მოძრაობას. მკვლევრებმა ამ მახასიათებლებს შორის ვერანაირი განსხვავება ვერ დაინახეს.
როგორც ექიმები განმარტავენ, ზოგადად, სხეულის მომატებული ტემპერატურა დროებით მოქმედებს სპერმის პროდუქტიულობაზე. შესაძლოა, ტემპერატურის მატება ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირდეს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ აცრის შემდეგ სიცხემ სპერმის პროდუქტიულობაზე იმოქმედა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინაცია იწვევს უშვილობას, ან - ორსული ქალების ნაყოფზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, არ არსებობს. ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში კონკრეტული სპაიკცილის ან ანტიგენის (უცხო სხეული) წინააღმდეგ იმუნური სტიმულაცია ხდება. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის შეფერხება.