ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია 2022 წლის პირველი იანვრიდან ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, აბონენტების ერთი ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადის გადასახდელად მეტი დრო ექნება, ვიდრე სხვებს.
"2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის საფასურის გდახდისას პენსიონერები და სოციალურად დაუცველების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, სპეციალური ვადებით ისარგებლებენ ის პირები, რომლებთაც მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, სარგებლობენ გარკვეული სოციალური პაკეტით. ამ პირებისათვის ელექტროენერგიის გადახდის ბოლო ვადა მორგებული იქნება საარსებო შემწეობის მიღების ვადაზე. სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეეძლებათ. რაც შეეხება პენსიონერებს, ეს ვადა 16 რიცხვამდე იქნება."- გვითხრეს სემეკში.
აღსანიშნავია, რომ შეღავათით ისარგებლებენ ჩამოთვლილი სტატუსის მქონე ის ადამიანები, რომლებიც აბონენტებად არიან რეგისტრირებულნი და მათ სახელზე მიდის ქვითარი. პირობითად, შეღავათინი ვადით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის პენსიონერები, რომელთა სახელზეც მიდის ქვითარი.
ძვირდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი როგორც ცნობილია, წინა წელს ელექტროენერგიის საფასური 3,5 თეთრით გაიზარდა. თუმცა, საქართველოს მთავრობამ მთელი 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა დააფინანსა, შესაბამისად, მოქალაქეებს, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, ეს გაძვირება წელს არ უგრძვნიათ. ეს პროგრამა დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.
გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება 2022 წლიდან ჯერჯერობით უცნობია.
"ზოგადად, სუბსიდირების ნაწილი მარეგულირებლის უშუალო კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, როგორც ვიცით, მომავალი წლის ბიუჯეტში გარკვეული მიზნობრივი ჯგუფებისთვის სუბსიდირება გათვალისწინებული იქნება. ამის შესახებ, მთავრობა შესაბამის განცხადებებს გააკეთებს."- გვითხრეს სემეკში.
მათივე ინფორმაციით, მრიცხველების წაკითხვის ცვლილება პირველი იანვრიდან თბილისში განხორციელდება, ხოლო აპრილიდან საქართველოს ყველა რეგიონში. ხოლო გარკვეული ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებული ცვლილება ყველგან, მთელ საქართველოში განხორციელდება.
თამარ იაკობაშვილი