სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გია გოგიშვილის პერსონაჟის - ბონდოს გამოჩენა მაყურებლისთვის თითქმის ყოველთვის ღიმილის მომგვრელია: ობლობაში გაზრდილი სოფლელი კაცი შვილის "გადიდკაცებას" ალღოს ვერ უღებს და ცოტა არ იყოს, დაბნეულია... როგორც მსახიობმა გვითხრა, ბონდოს პერსონაჟის გამო, მისი რეალური შვილებიც ხალისობენ.
- ამჟამად, თეატრებში ვმუშაობ. ზოგ მათგანში, მსახიობობასთან ერთად, ტექნიკურ საქმესაც ვხელმძღვანელობ. ახლა ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს: თოჯინების თეატრს ვაშენებთ. ფაქტობრივად, 70-კაციან დარბაზს უფულოდ ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია; სოხუმის თეატრში განათების ფერმებს ვკიდებთ... რეპეტიციებიც მაქვს, სპექტაკლებშიც ვთამაშობ და "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვმონაწილეობ...
- შვილებისთვის სათანადო დროის დათმობას ახერხებთ?
- ბოლო თვეა, რაც სახლში ძალიან გვიან ვბრუნდები, მაგრამ შვილებთან ერთად დროის გატარებას მაინც ვახერხებ, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს და რაღაცნაირად ვცდილობ, მათთან მამაშვილური ურთიერთობა მქონდეს. უფროსი შვილი - სანდრო 16 წლის არის. მას უკვე სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. უმცროსი - ანა მარია 12 წლისაა. უკვე კეკლუცობს, იპრანჭება... ყურადღება მასაც სჭირდება. ამიტომ საღამოობით შვილებთან დალაპარაკებას ვახერხებ.
- შვილებთან თქვენი ურთიერთობა განსხვავდება იმ ურთიერთობისგან, რომელიც მამასთან გქონდათ?
- კი, რა თქმა უნდა! მამაჩემი ცოტათი მკაცრი კაცი გახლდათ. პირადად მე, ბავშვებთან ყვირილი არ მიყვარს. ჩემი მეუღლე უფრო მკაცრია. სწავლასთან დაკავშირებით ბავშვებთან ურთიერთობა მას უფრო უწევს - ისწავლეთ, ადრე ადექითო... ჩემს შვილებს სწავლა არ უჭირთ. მგონი, ყოჩაღები არიან. როცა მეუღლე მათ მიმართ სიმკაცრეს იჩენს, ბავშვები ჩემთან მორბიან - ვიცავ ხოლმე (
იღიმის)... მამაჩემი ჩემს სწავლა-განათლებაში არ ერეოდა. მგონი, არც იცოდა, რომელი სკოლა დავამთავრე. მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა დედამ უთხრა, - ბავშვს წიგნები არა აქვს, მოუტანეო. მეშვიდე კლასის მოსწავლეს მამამ მეოთხე კლასის სახელმძღვანელოები მომიტანა (
იცინის)... სამაგიეროდ, ძალიან მკაცრი იყო: რომ დამიძახებდა, ოთახში შემოდიო, მერიდებოდა - ვიცოდი, რაღაცაში იყო საქმე... მე და ჩემი უფროსი შვილი ვძმაკაცობთ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, მასთან ვიმეგობრო და რამე ისეთი არ გამომეპაროს, რაც მერე გვანერვიულებს...
- მამას დაუსჯიხართ?
- არა. რომ გითხრათ, ხელი მოუქნევია ან რამე მსგავსი მომხდარა-მეთქი, ტყუილი იქნება. ჩემთვის ნამდვილად არასოდეს დაურტყამს. ერთადერთხელ ფეხი მომიქნია, რადგან ძალიან ვანერვიულე: მაშინ პატარა ვიყავი. სკოლიდან ბავშვები მდინარეზე საბანაოდ გავიპარეთ. წარმოიდგინეთ, მშობლები ავტომობილებით გვეძებდნენ - ეგონათ, დავიხრჩვით, ჩვენ კი ვიბანავეთ, საზამთრო ვჭამეთ და სადღაც წავბორიალდით... ჰოდა, მამამ რომ დამინახა, გავიქეცი, გამომეკიდა და ალბათ ინსტინქტურად პანღურის ამორტყმა უნდოდა...
ჩემს შვილებთან დიდად მკაცრი არ ვარ: შეიძლება, "შე მაიმუნო" ვუთხრა ან რაღაცის გამო გავბრაზდე, მაგრამ ჩემი ლმობიერი ხასიათის შესახებ იციან... მოკლედ, როცა მათ მიმართ დედა სიმკაცრეს იჩენს, ბავშვები ჩემთან მორბიან, რომ დავუყვავო, მეუღლეს ვუთხრა - დაანებე თავი, ეს ბავშვები ნუ შეჭამე, ცოდოები არიან, ამდენი სწავლა არ შეიძლება. ველოსიპედს ბორბლებიც ვერ გაუცვითეს-მეთქი. მეუღლე ამბობს, - სხვა ცხოვრება დადგა, სხვაგვარი ტემპიაო. მინდა, ჩემი შვილები ბავშვობაში გაერთონ, ეზოში ჩავიდნენ, ცოტათი "იმაიმუნონ", გორგოლაჭებით ისეირნონ...
- შვილების აღზრდის თქვენეული მიდგომა ამართლებს?
- ხანდახან მანერვიულებენ, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. თან, სწავლის პარალელურად, სანდრო მუშაობასაც ახერხებს. გერმანულ ენაში მომზადების სურვილი თავად გამოთქვა - მსურს, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ სწავლა გერმანიაში გავაგრძელოო... სკოლის დამთავრებამდე წინ კიდევ წელიწად-ნახევარი აქვს. გადაწყვეტილებებს თავად იღებს... უმცროს შვილს პროფესია ჯერ არ აურჩევია. კარგად ხატავს. ამჟამად ფრენბურთითაა გატაცებული.
- შვილებთან ურთიერთობის რთული პერიოდი გქონიათ?
- მე - არა, მაგრამ თავად ბავშვებს რთული პერიოდი ხომ აქვთ, არა? მშობლის ნების წინააღმდეგ მიდიან, მაგალითად - ჩაცმულობასთან დაკავშირებით. პირადად მე, პრობლემა არ მაქვს - რაც უნდათ, ის ჩაიცვან, როგორი ვარცხნილობაც სურთ, ატარონ... მთავარია, ზრდილობიანები იყვნენ. ჩაცმულობასთან დაკავშირებით, გართულება მამაჩემს ჰქონდა. არ მეჩხუბებოდა, მაგრამ მაგალითად, "ესპადრელები" მოდაში რომ შემოვიდა, მისი უწინდოდ ჩაცმა იყო მოდური. მამა მეუბნებოდა, - ბიჭო, "უნასკოდ" როგორ გაცვია, თავს მჭრი, ხალხი იფიქრებს, რომ "ნასკის" საყიდლად საჭირო ფული არ გვაქვსო (
იცინის)... მაშინ ფართო შარვლები გახლდათ მოდაში. მამა მეუბნებოდა, - კინტოსავით რატომ დადიხარ, ეს რა უბედურებააო (
იცინის)?!.
- თქვენს საქმიანობასთან შვილებს როგორი დამოკიდებულება აქვთ? სპექტაკლებს ესწრებიან?
- პრემიერებზე უფრო მოდიან ხოლმე. ჩემს ხასიათს იცნობენ: არ მიყვარს, როცა სპექტაკლზე დასასწრებად ახლობელი მოდის, რადგან თუ დაპატიჟებული მყავს, როლის ნაცვლად იმაზე ვფიქრობ, სტუმარი დარბაზში შემოვიდა თუ არა... შეიძლება, ჩემი მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერაზეც არ მივიდე. ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა: "სუსას" (რომელშიც მთავარ როლს ვასრულებ) პრემიერაზე მისვლა არ მინდოდა და მოვიტყუე, - მაღალი სიცხე მაქვს, ვერ მოვალ-მეთქი. ფილმს მთავარი პრიზი მიენიჭა... სულ ვამბობ, რაღა საკუთარ თავს, გამოჩერჩეტებულ გოგიშვილს ვუყურო? 150 ლარი ვღირვარ. არ მირჩევნია, 25-მილიონიან ალ პაჩინოს უფასოდ ვუცქირო-მეთქი (
იღიმის)?!. საერთოდ, ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს იშვიათად ვუყურებ.
განაგრძეთ კითხვა