საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი საქართველო, ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ პროექტს - "გავიღიმოთ".
პროექტის ფარგლებში იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებისა და სოციო-ემოციური განვითარებისთვის განკუთვნილი პროგრამის/კურიკულუმის დანერგვა საქართველოს 15-მდე სკოლაში.
"ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემების 50% საწყისს იღებს მოზარდობის ასაკში. სკოლა და მასწავლებლები წამყვან როლს თამაშობენ მოზარდთა ჰარმონიული განვითარების პროცესში. სამწუხაროდ, არსებული სასწავლო პროგრამები ამ ამოცანას თავს ვერ ართმევენ. ჩვენი ინიციატივის მიზანია, საქართველოს სასკოლო სასწავლო პროგრამებში დავნერგოთ ევროპის ქვეყნების სასკოლო პროგრამებში მოქმედი პრაქტიკა, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების ბაზისურ ჩვევებს, რაც მოზარდებს დაეხმარება გაცნობიერებულად მართონ სოციალურ-ემოციური პროცესები", - ამბობს სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი, პროფესორი.
BBSA - საქართველოს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სასაუბრო სივრცე "ღია"-ს წევრი, King’s College London-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, მკვლევარი რუსუდან ზაალიშვილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ფონზე უფრო აქტუალური გახდა მოზარდობის ასაკში ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნება და ემოციების მართვა:
"ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს სასკოლო პროგრამები, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების ბაზისურ ჩვევებს. ეს პროგრამები აძლიერებენ მოზარდებში სტრესის დაძლევის მექანიზმებს, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, პროსოციალურ ქცევაზე, პრობლემის გადაჭრის უნარებზე და სხვა. მიმდინარე კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე, სეს საჭიროება კიდევ უფრო რელევანტური ხდება. 2021 წლის თებერვალში BBSA-Georgia-ს მკვლევართა გუნდი ჩაერთო საერთაშორისო შედარებით კვლევაში, რომელმაც დაადასტურა, რომ პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე".
აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდა ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამუშაო ჯგუფის მიერ. კურიკულუმი ეფუძნება მრავალდისციპლინურ ეფექტიან ინტერვენციებს, რომლებიც ნაჩვენებია, როგორც მოსწავლეების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების საშუალება. კურიკულუმი შემუშავდა და მისი პილოტირება განხორციელდა 2017-2021 წლებში, ხოლო შემდგომ გადაიხედა დაინტერესებული მხარეების, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტებისა და საპილოტე პროგრამაში მონაწილე მასწავლებლების ვრცელი უკუკავშირისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
კურიკულუმი შედგება 20 სტრუქტურირებული გაკვეთილისგან, რომელიც ტარდება ემპირიული, საგანმანათლებლო აქტივობებისა და დისკუსიების ფორმით, სადაც მასწავლებელი მოსწავლეების ორიენტირი და მისაბაძი მაგალითია. პროგრამა მოიცავს 5 ძირითად თემატურ ბლოკს. მიზანია, სამომავლოდ პროგრამა ინტერგირდეს საგაკვეთილო ცხრილში. პროგრამის სწავლება არის დამოკიდებული მოსწავლეების აქტიურ ჩართულობაზე და მოსწავლეებს მოამზადებს რეალურ სტრესულ სიტუაციებთან ჯანსაღი გზებით გამკლავებაში.
პროექტის აქტივობები მოიცავს ტრენერების დატრენინგებას ჩეხი კოლეგების მიერ, მასწავლებლების დატრენინგებას, მასწავლებლების მიერ ამ პროგრამის დანერგვას თავიანთ სკოლებში/კლასებში, პროგრამის საქართველოს რეალობაში ეფექტურობის კვლევას, ფსიქო-საგანამათლებლო რესურსების მომზადებას და სახელმძღვანელოს ადაპტაცია/თარგმნას ქართულ ენაზე. დატრენინგდება 20 მასწავლებელი და 800 ბავშვი. მასწავლებლები ტრენინგის გავლის შემდეგ შეძლებენ, მიღებული ცოდნა და პრაქტიკა საკუთარ კლასებში გამოიყენონ. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მე-5-მე-7 კლასის მოსწავლეები და ის მეორე სემესტრიდან განხორციელდება.
ეს არის ერთწლიანი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის საელჩო, თბს ბანკი და რე ბანკი.
"განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა უკვე მესამე ათწლეულია თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის სასიხარულოა განათლების ამ მასშტაბის პროექტის ხელშეწყობა, რომელიც საქართველოს სასკოლო პროგრამებში განვითარებული ევროპული ქვეყნების სასარგებლო პრაქტიკას დაამკვიდრებს და მოზარდებს ასწავლის ემოციების მართვას, სოციალური ურთიერთობების ჩვევებს, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, პროსოციალურ ქცევაზე, პრობლემის გადაჭრის უნარებზე", - ამბობს ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელი.
პროგრამის ინიციატორია სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი, პროფესორი. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები არიან დარგის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები: პეტრ ვინკლერი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (პრაღა) წარმომადგენელი; პროფესორი თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), Baltic to Black Sea Alliance – Georgia თავმჯდომარე, "ღიას" დამფუძნებელი და სხვა მოწვეული სპეციალისტები; გიორგი ჭანტურია - განათლების სპეციალისტი, საქართველოს განათლების კოალიციის დირექტორი; თემო სუყაშვილი-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ელენე ლომაძე - ინტეგრირებული სოციალური და კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, მკვლევარი; რუსუდან ზაალიშვილი, King’s College London ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, მკვლევარი.
R