ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრი „თიკოს სახლი“ და მენტალური არითმეტიკის სკოლა „სუმატო+“ ერთობლივ პროექტს იწყებენ. პროექტის მიზანი სკოლამდელი ბავშვების (არამხოლოდ) განვითარება და მათი სკოლისათვის მომზადებაა. პროექტი უნიკალური იმით, რომ ამ კოლაბორაციით შექმნილი პროგრამა ბავშვებთან მუშაობაში ყველაზე ეფექტური და დახვეწილი მეთოდების ნაზავი იქნება. თანაც, ეს საქართველოში ამ კონკრეტული მეთოდების სინთეზის პირველი შემთხვევაა.
რასაკვირველია, ამ ერთობლივ პროექტში როგორც „თიკოს სახლის“, ასევე „სუმატო+“-ის მოსწავლეები ჩაერთვებიან.
როგორც „თიკოს სახლის“ დამფუძნებელი თიკო ზენაიშვილი განმარტავს, საქმე ეხება „თიკოს სკოლაში“ მოქმედ სასკოლო მზაობის პროგრამას, რომელსაც მენტალური არითმეტიკის მიმართულება დაემატება და ერთი სრულყოფილი პროგრამა შეიქმენა.
„ჩვენს სახლში ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის პროგრამა 5-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის, რომელიც გულისხმობს ბავშვის სრულ მომზადებას სასკოლო გამოწვევებისთვის. ეს მოიცავს ბავშვების სამი სფეროს განვითარების სტიმულირებას, ესენია: შემეცნებით-კოგნიტური სფერო, წვრილი მოტორული უნარების განვითარება და სოციალურ-ემოციური მზაობა.
ფიზიკური მზაობა გულისხმობს მსხვილი და წვრილი მოტორული უნარების განვითარებას. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წვრილი, ნატიფი მოტორული უნარების სრულყოფას, რაც არა მარტო წერითი, არამედ სამეტყველო უნარების დახვეწისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კოგნიტური მზაობა ნიშნავს იმას, რო ბავშვის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები ასაკის შესაბამისად იყოს განვითარებული. ამაში იგულისხმება აღქმის, ყურადღების, აზროვნების, მეხსიერების, მეტყველების ფუნქციონირების განვითარების ხელშეწყობა.
ემოციური სფეროს განსავითარებლად საჭიროა, ბავშვს სოციალური უნარები განუვითარო.მას უნდა შეეძლოს ჯგუფთან ადაპტაცია,უფროსთან და თანატოლებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ამ პროგრამით ვაკეთებთ, არის ის, რომ ბავშვს აღარ ეშინია წარუმატებლობის. ამ ასაკში ძალიან უნდათ, რომ ყველაფერში წარმატებულნი იყვნენ. სკოლის დროს, პირველ კლასში, ემოციურად ძალიან რთულად აღიქვამენ იმას, რაც კარგად არ გამოსდით. ჩვენი სასკოლო მზაობის პროგრამა კი, სწორედ ამას აგუებს ბავშვს – შეიძლება, პირველ ჯერზე რაიმე არ გამოუვიდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია. საჭიროა, კიდევ სცადოს, რამდენჯერაც საჭირო იქნება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში მთლიან სიტყვათა მეთოდია. ამ ასაკის პატარას უნდა შეეძლოს ფონემა გადაიყვანოს გრაფემაში. მან სიტყვა უნდა განიცადოს, შეაფასოს როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. მთლიან სიტყვათა მეთოდი 20 სიტყვას მოიცავს, რომელთა დასწავლასთან ერთად ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს. უვითარდება შემოქმედებითი და ცნებითი აზროვნება, მდიდრდება ლექსიკა, უადვილდება საკუთარი ემოციების, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა. ეს ყველაფერი ინტეგრირებულია არტ-თერაპიულ ტექნიკებთან, რაც ქმნის სასიამოვნო, თავისუფალ და კომფორტულ გარემოს, რომელშიც პატარა ხალისით ერთვება,“ - აღნიშნავს თიკო ზეინაშვილი.
რაც შეეხება ამ მეთოდოლოგიაში უშუალოდ მენტალური არითმეტიკის დამატებას, ფსიქოლოგის განმარტებით, ეს ბავშვის შემეცნებით-კოგნიტური სფეროს განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მენტალური არითმეტიკა ტვინის ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მუშაობას უწყობს ხელს.
„ეს არის ტვინის ერთგვარი მასაჟორი, რომელიც ავითარებს მეხსიერებას, ყურადღებას და წარმოსახვას. გარდა ამისა, მენტალური არითმეტიკა ნიჭების აღმოჩენას, სიახლეების შემეცნებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს. ის არა მხოლოდ კოგნიტური სფეროს, არამედ მოტორული უნარების განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელიცაა. ამიტომაც მენტალური არითმეტიკის დამატებამ ჩვენი პროგრამა გაცილებით ეფექტური გახადა არა მარტო ტიპური განვითარების ბავშვებისათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც განვითარებაში გარკვეული ტიპის შეფერხებები აღენიშნება,“ - აცხადებს თიკო ზეინაიშვილი.