გაიცანით ფეხბურთის მწვრთნელი, რომელმაც თავის პატარა მოსწავლეს ემოციური გაცილება მოუწყო და ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, მწვრთნელი და თანაგუნდელები პატარა სანდროს როგორ აცილებენ იტალიაში. ემოცია იმდენად გულწრფელი და თბილი იყო, მალევე უამრავმა ადამიანმა გააზიარა და ბევრმა მათგანმა ვერც ცრემლების შეკავება შეძლო. დღეს გაგაცნობთ მწვრთნელს, გიორგი ტუხაშვილს. როგორც თავად გვეუბნება, საფეხბურთო კლუბის შექმნის დღიდან მიზნად დაისახა, ბავშვებისთვის ჯერ მეგობრობა, თანადგომა და ემოციების გაზიარება ესწავლებინა.
გიორგი ტუხაშვილი 6 წლიდან ფეხბურთს თამაშობდა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლიგაში მიიღო მონაწილეობა. თამაშობდა მოლდოვასა და ლატვიაში. ის საკუთარ საქმიანობასა და ზოგადად, ფეხბურთის როლის
შესახებ გვიყვება:
mshoblebi
- გარკვეული მიზეზების გამო, 26 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე და ამ სფეროს ჩამოვშორდი. ჩემი მეუღლის ინიციატივა იყო, რომ საფეხბურთო გუნდი გაგვეკეთებინა. თავიდან არ მჯეროდა, რომ გამოგვიდოდა, მაგრამ 2 წლის წინ გუნდი "ზეკარი" შევქმენით, 4 ბავშვით დავიწყეთ და დღეს 170 გვყავს. ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ეს მარტივი არაა, რადგან ყველას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. 170 სხვადასხვანაირი ადამიანი გვყავს და ყველა მათგანი განსხვავებულად რეაგირებს შენიშვნებსა თუ შექებაზე.

- როგორ ფიქრობთ, რაში ეხმარება ფეხბურთი ბავშვებს?

- სპორტის ეს სახეობა მხოლოდ თამაშს არ გულისხმობს და ძალიან ბევრ ისეთ გამოცდილებასა და უნარს სძენს ბავშვს, რომლებიც მთელი ცხოვრება გამოადგებათ. ფეხბურთელები გახდებიან თუ არა, მათ უკვე ეცოდინებათ, რას
ნიშნავს გუნდურობა, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანებთან ერთად რაღაცის გაკეთებას. აქ ყველა ბავშვს თავის ადგილი აქვს და ერთად დგომით ძალიან ბევრჯერ იმარჯვებენ. ფეხბურთი ბავშვებს ასწავლის თანადგომას, მიზანდასახულობას და შრომისმოყვარეობას. უამრავ ადამიანს გაიცნობენ და სწავლობენ მეგობრობას. რაც მთავარია, ვფიქრობ, ფეხბურთი მათ ცხოვრებას ასწავლის.

- ამბობენ, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული სპორტია...

- სპორტის უამრავი სახეობა არსებობს, მაგალითად კრივი, რაგბი, რომელთა დროს შეჯახება და ფიზიკური დაზიანება ხდება, მაგრამ, როგორც ცნობილია, ყველაზე ტრავმული სპორტი ფეხბურთია. ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგალითად სტადიონის არასათანადო მოწყობა და სხვა. თუმცა, ბავშვთა ასაკში დიდი და სერიოზული ტრავმები არ გვხვდება და ეს ზოგადი ფაქტი სულაც არ უშლით მათ ხელს, რომ ფეხბურთი უყვარდეთ.
mshoblebi

- რა წესები უნდა დაიცვას მწვრთნელმა, როდესაც ბავშვებს ავარჯიშებს?

- მწვრთნელზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგანაც როდესაც ბავშვი პატარა ასაკიდან იწყებს ფეხბურთზე სიარულს, საფუძველი ეყრება როგორც პროფესიულ, ასევე ადამიანურ უნარებს. ამიტომაც ძალინ მნიშვნელოვანია იმ უნარების განვითარება, რომლითაც შემდეგში ფეხბურთის თამაშის გაგრძელებას შეძლებს. აუცილებელია, რომ მწვრთნელი ბავშვებს ესაუბრებოდეს, გამოხატავდეს სითბოს, მაგრამ საჭიროა დისციპლინაც. თუ ამ ასაკიდანვე არ მიეჩვივნენ დისციპლინას, არ ისწავლეს, რა არის წესრიგი, როგორ უნდა ჩაიცვან, იკვებონ და რამდენ ხანს უნდა იძინონ, მერე ძალიან გაუჭირდებათ. ეს მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. 6-7 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჩიფსები, გაზიანი სასმელები სასარგებლო არაა. გუნდში გვაქვს შემუშავებული წესები, რომლებსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ. მარტო სირბილი არაა ჯანსაღი ცხოვრება. აუცილებელია სწორად კვება. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რაც უფრო მეტს ჭამს მისი შვილი, კარგია და კიდევ აძალებს. ყველაფერს თავისი დრო და დოზა აქვს. ბავშვი რომ პირველ საათზე საუზმეს ჭამს, უკვე პრობლემაა. წინასწარ გამზადებულ პროგრამას ყველას ვაძლევთ, სადაც რეკომენდაციებია, როდის უნდა დაიძინონ, როგორ იკვებონ და რა დროს. ჩემი რეკომენდაციაა, 10 საათისთვის დაიძინონ, რომ ძალების აღდგენა და დასვენება შეძლონ.

- როდის არ შეიძლება ბავშვის ფეხბურთზე მიყვანა?

- როდესაც აქვს ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, გულის პრობლემები, რა დროსაც ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. ამას ექიმი განსაზღვრავს და ისე გასცემს რეკომენდაციას. რაც შეეხება გავრცელებულ პრობლემას - ბრტყელტერფიანობას, ეს არ არის იმის წინაპირობა, რომ ბავშვი ფეხბურთზე აღარ წავიყვანოთ. თანაგუნდელებიც მყავდა და ახლა მეც მყავს ბავშვები, რომლებსაც ბრტყელი ტერფი აქვთ, მაგრამ სუპინატორების დახმარებით ვარჯიშობენ და პრობლემა არ ექმნებათ.

- არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მშობელსა და მწვრთნელს შეეძლება წინასწარ შეფასება, კონკრეტული ბავშვი ამ სფეროში წარმატებას მიაღწევს თუ არა?

- როდესაც 6 წლის ბავშვი ფეხბურთზე მოჰყავთ, რამდენიმე დღეში მშობელი მეკითხება: "გამოვა რამე?" ამაზე პასუხი არ არსებობს. მშობელმა არ უნდა გაანერვიულოს ბავშვი შენიშვნებით, არ უნდა მოსთხოვოს ზედმეტი. მათ თანადგომა სჭირდებათ. თავადაც შენიშვნის მიცემისას სულ ვარჩევ სწორ ფორმას, რომ ამან ბავშვების ფსიქიკაზე არ იმოქმედოს. ზოგჯერ მშობელი გადამეტებული შენიშვნით, მოთხოვნებით, რომ იყოს ყველაზე მაგარი, საერთოდ აძულებს შვილს ფეხბურთს. მთავარი მიზანია, რომ ბავშვი იყოს ბედნიერი და ფეხბურთზე მოსვლა უხაროდეს, დანარჩენი დროზე, ვარჯიშზე, მოტივაციაზე, მონდომებასა და საქმისადმი მიდგომაზეა დამოკიდებული.
mshoblebi

- ზოგადად, სპორტს რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ცხოვრებაში და როგორ უნდა შეარჩიონ მშობლებმა ბავშვისთვის სწორად?

- ვფიქრობ, სპორტს ადამიანის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მაინც უპირატესობას მივანიჭებდი ისეთ სახეობებს, სადაც ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობაა პრიორიტეტული და ბავშვი ძალიან დატვირთულიც არაა. თავიდანვე სპორტით დაკავება ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია. რაც შეეხება ფეხბურთს, ახლა ის ძალიან პოპულარულია და უამრავი ბავშვი ვარჯიშობს.

- როგორ ფირობთ, რა პრობლემებია ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით?

- როცა მე ვთამაშობდი, ბევრი პრობლემა იყო, დღეს ფედერაცია სტადიონებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ჩვენ ფინანსური დახმარება არ გვქონია და არც სპონსორი გვყავს. თავად ვყიდულობთ ბურთებს, უზრუნველვყოფთ ეკიპირებას, ფორმებს. ახლა ვაპირებთ ფედერაციას მივმართოთ და იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან. სამგორის გამგეობა სტადიონის მოწყობაში ძალიან დაგვეხმარა. თუმცა, ჩვენთან ბევრი ბავშვი ვარჯიშობს და სტადიონის ეს სივრცე აღარ გვყოფნის, რაზეც მივიღეთ დაპირება, რომ გვერდით დაგვიდგებიან.

- რომელი ასაკიდან შეიძლება ბავშვის ფეხბურთზე მიყვანა?

- თავიდან 6 წლიდან ვიღებდით ბავშვებს, მაგრამ ახლა ხშირად 5 წლიდან მოდიან და რამდენიმე 4 წლის ასაკის ბავშიც გვყავს. ამ შემთხვევაში, ბავშვის ფიზიკურ მზაობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. მთვარია, რომ თავად უნდოდეთ სიარული და ეს მშობლის ძალდატანებით არ უნდა ხდებოდეს. მშობელი კი არა, ბავშვი თამაშობს და ვაცადოთ განვითარება.
mshoblebi

- რას გვეტყვით ვიდეოზე, რომელიც ასე გავრცელდა და ძალიან ბევრ ადამიანში დადებითი ემოცია გამოიწვია?

- არ ველოდით, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, რადგან ხშირად ვიღებთ ვიდეოებს დაბადების დღეების აღსანიშნავად, გაცილების დროს თუ სხვა. იმ დღიდან, როდესაც ეს საქმე დავიწყე, ჩემი მთავარი მიზანია, ეს ბავშვები კარგ ადამიანებად გაიზარდონ, შეიყვარონ ერთმანეთი და მეგობრობა, ერთგულება ისწავლონ. სანდრიკა პირველივე დღიდან ჩვენთანაა, რიგი მიზეზების გამო, მთელი ოჯახი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ვიდრე გაემგზავრებოდა, მოვეფერეთ და ასე დავემშვიდობეთ. ემოციების გამოხატვა ჩვენთვის უცხო არაა, ყოველდღე ასე ხდება. ვიდრე ვარჯიშს დავიწყებთ, ერთმანეთს ვესალმებით, ვეკითხებით, როგორ ვგრძნობთ თავს და გვერდით ვუდგავართ. სანდრიკას წასვლაზე აბსოლუტურად გულწრფელი ემოციები გამოვხატეთ და სულ არ გვიფიქრია, ამდენი ადამიანი თუ გაიზიარებდა. ჩემთვის ბავშვებთან მუშაობა ასეთი, ბუნებრივი და თბილი ემოციის გარეშე შეუძლებელია. მე მწვრთნელი ვარ, თუმცა ამ საქმეში ძალიან დიდი როლი ჩემს მეუღლეს აკისრია, რომელიც ყველაფერს აგვარებს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდითაა. ის ჩემზე მეტს აკეთებს.

თამარ იკობაშვილი

3889
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
გვანცა
0
ვუყურებ და გული ამოვარდნას მაქვს , ყოჩაღ მწვრთნელს აღარ აქვს მნიშვნელობა როგორი ფეხბურთელები იქნებიან ეს პატარა ვაჟკაცები მათ თქვენი დსმსახურებით უკვე იციან ადამიანების სიყვარული , წარმატებები სანდრიკას და მალე დაბრუნებიდეს თავის სამშობლოს და მოსიყვარულე თანაგუნდელებს .
08:18 / 12-12-2021
VVV
0
კაცებად ზრდი, ყოჩაღ!!!
21:34 / 10-12-2021
მსგავსი სიახლეები