სესხის განაკვეთი ძალიან ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. თითქმის ყველა, ვისაც სესხი ერთხელ მაინც აუღია, აღნიშნავს, რომ საქართველოში მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. თვალშისაცემია, სხვაობა ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის. შესაბამისად, ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება შეკითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, გადავწყვიტეთ მოკლედ აგვეხსნა, რატომ არის ასეთი სხვაობა საპროცენტო განაკვეთებში და ზოგადად, რა განსაზღვრავს სესხზე განაკვეთის ოდენობას.
როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრება საქართველოში არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით არის ის, რომ ძალიან მაღალია. მაგალითისთვის, გერმანიაში და შვეიცარიაში გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს, მაგრამ მათი ეკონომიკა ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს მათთან საბანკო პროდუქტებზე - ისინი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, შესაბამისად, ფულის სესხად აღებაც იქ უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, სესხის განაკვეთის განმსაზღვრელი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერეა. საქართველო კი ღარიბ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში 101-ე ადგილზეა.
მოდი ვნახოთ რა განსაზღვრავს სესხებზე განაკვეთის დონეს.
პირველ რიგში ეს არის მოზიდული სახსრების ღირებულება.
სესხის განაკვეთზე მოქმედებს ბანკის სამი ტიპის ხარჯი, საიდანაც პირველი გასაცემი სესხის სახსრების ღირებულებაა. ანუ, ბანკი ფინანსური რესურსის გამტარია. მან ჯერ უნდა ისესხოს ფული, რომ შემდეგ კლიენტზე გადაასესხოს რომელიმე საკრედიტო პროდუქტის ფორმით. ფაქტია, რომ რაც უფრო ძვირი უჯდება ბანკს მოზიდული სახსრები, მით უფრო ზრდის გასაცემი სესხის საპროცენტო განაკვეთს, რათა თავისი ხარჯები დაფაროს.
სესხზე განაკვეთის ოდენობას ასევე განსაზღვრავს სესხების დანაკარგების რისკი. გაცემული სესხებიდან შესაძლო დანაკარგები, რასაც ბანკირები საკრედიტო რისკს უწოდებენ, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პროცენტის ოდენობას განსაზღვრავს. სამწუხაროდ, ბანკის მიერ გაცემულ ყველა სესხს კლიენტები ვერ აბრუნებენ. რაც უფრო რთული ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში, სესხის დაბრუნების რისკიც პროპორციულად იზრდება. ამ რისკის ზრდასთან ერთად კი იზრდება სესხის განაკვეთებიც. ზოგ შემთხვევაში, ეს რისკი შესაძლოა სულაც არ იყოს დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად, ასეთი შესაძლოა იყოს სიკვდილის რისკი.
მესამე ნაწილი, რაც სესხებზე განაკვეთის დონეს განსაზღვრავს ბანკის საოპერაციო ხარჯებია. ეს ის ხარჯებია, რასაც ბანკი თანამშრომლების ხელფასებში და ფილიალების ოპერირებაში იხდის. ბანკს ყოველთვიურად უწევს დენის, გაზის, საკანცელარიო მასალების და კიდევ უამრავი სხვა ხარჯის გაწევა, რომ შესაძლებელი იყოს სესხის მიწოდება კლიენტებამდე. ჯამში, სესხის განაკვეთი უნდა ფარავდეს ამ სამ ხარჯს, რომ ბანკს უღირდეს კლიენტთან თანამშრომლობა.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც მომხმარებელს უჩნდება, რატომ არის ლარში სესხის განაკვეთი უფრო ძვირი, ვიდრე დოლარში ან ევროში?
ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯის ტიპებიდან პირველი, ანუ მოზიდული სახსრების ღირებულება ის ხარჯია, რა ფასადაც ბანკს თავად უჯდება ფულის სესხება. ლარში დღეს ეს ფასი მინიმუმ 10%-ია. ეს არის განაკვეთი, რომლითაც ბანკებს შეუძლიათ ეროვნული ბანკისგან ისესხონ ფული, რომელსაც შემდეგ კიდევ სხვა ხარჯები ემატება და ასე განისაზღვრება კლიენტისთვის ხელმისაწვდომი კრედიტის განაკვეთი. ეროვნული ბანკი კომერციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფულის ლარში სესხად აღების ძირითადი წყაროა, რადგან დანაზოგის შენახვა ბანკებში ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციებს, უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ. ლარის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი წყარო, ფიზიკური პირების და ბიზნესის მიერ ბანკებში განთავსებული სახსრებია. ლარში ვადიანი დეპოზიტები (1 წლიანი ანაბარი) დღეს ბანკს წლიური 11-12% უჯდება. დოლარის ან ევროს მოზიდვა ბანკებს ორჯერ ან სამჯერ უფრო იაფი უჯდებათ, რაც აიაფებს ამ ვალუტაში გაცემული სესხის ღირებულებას. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ბანკებს შეუძლიათ დოლარი 4%-ში, ხოლო ევრო 2.5%-ად მოიზიდონ. შესაბამისად, მინიმუმ 5%-6%-იანი სხვაობა ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს შორის არ უნდა გაგვიკვირდეს.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 200 ათას ლარამდე სესხები, მხოლოდ ლარში გაიცემა. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ უცხოურ ვალუტაში სესხით ვისარგებლოთ, 200 ათას ლარზე მეტი უნდა ავიღოთ. ამ შემთხვევაში ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტს, რომ 60 -70 ათას დოლარზე მეტი გვექნება გადასახდელი. როცა ამხელა თანხას ვსესხულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტხანს დავფიქრდებით, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, უფრო მეტი ცოდნა გვექნება სესხთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ერთგვარ გარანტიას, რომ გავითვალისწინებთ იმ სავალუტო რისკს, რაც სესხს ახლავს.
რა არის სავალუტო რისკი?
ახლა კი იმის შესახებ თუ რა არის სავალუტო რისკი. სავალუტო რისკია, როცა სესხს ვიღებთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი არ გვაქვს. მაგალითად, როდესაც შემოსავალი გვაქვს ლარში და სესხს ვიღებთ სხვა ვალუტაში, ლარის კურსის გაუფასურების შემთხვევაში, ყოველთვიურად ჩვენ გაცილებით მეტი ლარი დაგვჭირდება, კონკრეტული რაოდენობის დოლარის შესაძენად. მაგალითად, თუ 5-6 წლის წინ 100 დოლარი 200 ლარი ღირდა, ახლა 100 დოლარის შესაძენად 315 ლარი გვჭირდება. ანუ, 100 დოლარი რამდენიმე წელიწადში 115 ლარით გაგვიძვირდა. ამიტომ, ეს სავალუტო რისკი უნდა გავითვალისწინო.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩემს პირად მაგალითს გიამბობთ. 2012 წელს დოლარში ავიღე იპოთეკური სესხი. გახსოვთ ალბათ, წლების განმავლობაში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 1.65-ის ფარგლებში იყო, მაგრამ 2013 წლიდან ლარმა მკვეთრად გაუფასურება დაიწყო და თუ მანამდე 800-900 დოლარის შესაძენად თვეში დაახლოებით 1500 ლარი მჭირდებოდა, აღმოჩნდა რომ დოლარის შესაძენად საჭირო თანხა ყოველთვიურად განუხრელად მეზრდებოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე დოლარში აღებული სესხი ლარში გადამეტანა, რადგან შემოსავალი უცხოურ ვალუტაში არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე უფრო მაღალია, ყოველთვიურად იმაზე ნერვიულობა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა, აღარ მიწევს და ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის ფიქსირებულ თანხას ვიხდი, რომელიც კურსის ცვლილებაზე დამოკიდებული არ არის. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ლარში გადატანა ჩემთვის სრულიად მომგებიანი აღმოჩნდა. ამიტომ ეს რისკები ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვიწყებთ მსჯელობას იმაზე, ლარში ავიღოთ სესხი თუ დოლარში. მეტსაც გეტყვით, სესხი ლარში რომ არ გადამეტანა, გასულ წელს, როცა ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში საშუალოდ 3.1 ლარი შეადგინა, აღმოჩნდებოდა, რომ სესხის აღების მომენტთან შედარებით გადასახადი 188% ით გამიძვირდებოდა! მსგავსი არასასიამოვნო სიურპრიზისგან თავის დასაზღვევად კი, ლარში სესხის აღება და მხოლოდ 5% ით მეტის გადახდა ნამდვილად ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო.
თუ ეკონომიკა განუხრელად გაიზრდება, საპროცენტო განაკვეთებიც ნელ-ნელა დაიწყებს შემცირებას.
ამის ტენდენციას წლების განმავლობაში ვაკვირდებით, როდესაც საპროცენტო განაკვეთები, მუდმივად მცირდებოდა, მათ შორის ლარში და საბოლოო ჯამში მახსოვს იყო ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთები. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა. გვაქვს ორწლიანი პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ისევ ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ამიტომ არის პირდაპირ დაკავშირებული - საპროცენტო განაკვეთების საკითხი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. თუ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდება. ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომერციულ ბანკებზე. თუ ქვეყანა არ ვითარდება, საპროცენტო განაკვეთებს ბანკები თავისით ვერ დაწევენ. მე თუ რაიმე ნივთი 10 ლარში მაქვს აღებული, 9 ლარად ხომ ვერ გავყიდი? შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ და კომერციულმა ბანკებმა უფრო მეტი სესხი გასცენ, მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. და თუ რატომ არის საჭირო, რომ ბანკებმა სესხი გასცენ და ეს როგორ ეხმარება ეკონომიკურ ზრდას, ამას ცალკე რუბრიკას დავუთმობ.
ავტორი: ანა გელოვანი