"არ მაქვს მოლოდინი, რადგან ცხოვრებაში რაც კი მოლოდინი მქონდა, არ გამართლდა" - როგორ უმკლავდებიან პანდემიურ პერიოდს ცნობილი დედები
"არ მაქვს მოლოდინი, რადგან ცხოვრებაში რაც კი მოლოდინი მქონდა, არ გამართლდა" - როგორ უმკლავდებიან პანდემიურ პერიოდს ცნობილი დედები
მიმდინარე პანდემიამ, შიდაიზოლაციამ, შეზღუდვებმა, ქვეყანაში ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რამაც ყველა ადამიანზე მოახდინა გავლენა, განსაკუთრებით ბავშვებზე და თინეიჯერებზე. როგორ უმკლავდებიან დედები ამ სირთულეებს, ამაზე საზოგადოებისთვის ცნობილ დედებს გავესაუბრეთ.

ნანიკო ხაზარაძე:
- თუ ჩემი ოჯახით ვიმსჯელებთ, ჩვენ დიდად არაფერი დაგვეტყო, რადგან სახლი ისედაც ძალიან გვიყვარს, სოციალური ცხოვრებით არ ვტკბებით, ანუ ისედაც სულ სახლში ვიყავით და მითუმეტეს პანდემიის დროს. გარდა იმ ნეგატიური ინფორმაციის ფლობისა, რაც ბოლო პერიოდში ჭარბადაა ჩვენ გარშემო, დიდად არაფერი გვაწუხებს. ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა და განსაკუთრებული
გავლენა არ მოუხდენია პანდემიას. ჩვენ ისევ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ ცხოვრებას.
მთლიანობაში, ალბათ ერთმანეთის გაცნობა მოუწიათ ადამიანებს. სხვანაირი თვალით დავინახეთ რეალობა. კორონამ ყველა კარი გადაკეტა და ღია დატოვა მხოლოდ სახლის კარი. ბევრისთვის ეს ძალიან რთული აღმოჩნდა.
mshoblebi

- საქართველოში დიდი დავის საგანია ვაქცინაცია. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ?

- ძალიან მარტივი პასუხი მაქვს ამაზე... მედიცინა და მეცნიერება ვითარდება. გარკვეული პერიოდის წინ, სანამ მედიცინა ამ დონეზე არ იყო, ადამიანები საშუალოდ 30 წელს ცოცხლობდნენ. ახლა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია და ყველამ იცის რა არის ახლა საშუალო ასაკი. ამიტომ, შინაგანად მე მათი მჯერა. მე ვიცი, რომ ისინი არაფერს ისეთს არ გააკეთებენ, რაც სამომავლოდ რამეს მავნებს. შესაძლებელია იყოს ბევრი კითხვა,
რომელზეც მე არ მაქვს პასუხი, მაგრამ არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ნელ-ნელა გასცემენ ამ კითხვებზე პასუხს.

- სულ ახლახანს დაუშვეს მოზარდების ვაქცინაციაც. ხომ არ აცერით, ან ხომ არ გეგმავთ ლილუს აცრას?

- ლილუ თავად, დამოუკიდებლად დარეგისტრირდა საიტზე და აიცრა. ჩემთვის არც უკითხავს. ეს აბსოლუტურად უჩემოდ მოხდა, არც ყოფილა მსჯელობის და განხილვის საგანი. თავად გადაწყვიტა და თავადვე აიცრა, სრულიად დამოუკიდებლად. რაც მთავარია, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა ამ ყველაფერმა.

- რას ურჩევთ მშობლებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში გაუჭირდათ სირთულეებთან გამკლავება, შვილებთან ურთიერთობა?

- ვფიქრობ, რაიმე უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. მე, როგორც რიგითი მშობელი ვურჩევ, მოუსმინონ შვილებს. ჩემთვის პირადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემს შვილთან ურთიერთობის ღერძად მიმაჩნია. ჰკითხეთ რა აწუხებს, არასოდეს აგრძნობინოთ, რომ მასზე რაიმეთი მეტი ხართ. ყველა მათი პრობლემა უნდა აღვიქვათ ისე, რომ ის არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში რაღაცნაირად დგება სწორი ურთიერთობა. ხშირად ამან შეიძლება მოიტანოს ისეთი თემა, საკითხი, „აღსარება“ ჩვენი შვილების, რისთვისაც შესაძლოა არ ვიყოთ მზად. აქაც გულისყურით უნდა ვუსმინოთ და აქაც უნდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა. სიღრმეებში უნდა ჩავიდეთ და გავიგოთ, რატომ აკეთებენ ამას. მე მგონია, რომ დიალოგი და პირველ რიგში სმენის კულტურა არის ყველაზე მთავარი.

- როგორ უყურებთ მომავალს, რა მოლოდინი გაქვთ?

- სიმართლე გითხრათ, არ მაქვს მოლოდინი, რადგან ცხოვრებაში რაც კი მოლოდინი მქონდა, არ გამართლდა. რაღაცნაირად ვისწავლე, რომ არ მქონდეს მოლოდინები არც ურთიერთობებში, არც კარიერაში, არც ზოგადსაკაცობრიო თემებში. ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი.

სალომე ბაკურაძე:
- არ მეგულება მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც მეტ-ნაკლებად თავისებური დაღი არ დაასვა მიმდინარე პანდემიამ. გამონაკლისი არც ჩვენ ვიყავით, ამიტომ მე ჩემს დამოკიდებულებაზე ვისაუბრებ. პანდემიამ, ჩაკეტილობამ მატერიალურადაც იქონია ჩვენზე გავლენა და მორალურადაც. უცბად დამთავრდა აქტიური ცხოვრება, მეგობრები, მხიარულება და ა.შ. ამასთან, მოგეხსენებათ მყავს 5 წლის შვილი და საკმაოდ რთული იყო მისი სხვადასხვა აქტივობით დაკავება, თუმცა საბედნიეროდ ეს შევძელი. სიტუაციის სირთულე განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა ბაღი სრულად და ხანგრძლივად დაიკეტა. სრულიად დაირღვა ჩვენი ცხოვრების რეჟიმი და მოულოდნელად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. ახლა რომ ვფიქრობ, თუ კი ვინმეს რამე დააკლდა ამ პანდემიაში, ეს არიან ბავშვები, რომლებმაც ძალიან მძიმე პერიოდი გადალახეს და ახლაც უწევთ ამის დაძლევა. სანტი ძალიან სოციალური და აქტიური ბავშვია. ჩაკეტვის და გაუცხოების მომენტი არ ჰქონია. სახლში დაკავებული ვიყავით სხვადასხვა აქტივობებით, სამაგდიო თამაშებით. ვთამაშობდით ლოტოს და ასე შევისწავლეც ციფრები. შემდეგ აღმოვაჩინე ლოტო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ასოების შესწავლა და ესეც ვუყიდე. მაგრამ ვცდილობდი ბალანსის დაცვას, არ მინდოდა წინასასკოლო პროგრამით დამეტვირთა. დღის მეორე ნახევარს ვატარებდით სანტის ბებიასთან, რომელსაც კერძო სახლი აქვს და იქ ფიზიკური აქტივობებით იყო დაკავებული. ასე რომ, ჩვენს შვილს ჩაკეტილობა დიდად არ უგრძნია.
mshoblebi

- ბაღში არ დაგყავთ?

- არა, რაც პანდემია დაიწყო, აღარ უვლია. ახლა აზრიც აღარ აქვს, ინფიცირების გამო ხშირად იკეტება ბაღები და კვირები ისევ სახლში უწევთ ბავშვებს ყოფნა.

- ფიქრობთ, რომ ვაქცინაცია პანდემის დამარცხების ერთ-ერთი საშუალებაა?

- დიახ, რა თქმა უნდა. ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აიცრა. ვთვლი, რომ ამაშია ხსნა. მე ვენდობი სპეციალისტებს და მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ამიტომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ.

- სულ ახლახან დაუშვეს ბუსტერ დოზა. გამართლებულად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება?

- რა თქმა უნდა, ამასაც იმედის თვალით ვუყურებ.

- წინა წელთან შედარებით, დადებითი ძვრები შეიმჩნევა თქვენს სფეროში?

- შარშანაც იყო გარკვეული ძვრები და ამას იმედის თვალით ვუყურებდი, მაგრამ ახალი წლის მერე ისევ ჩაგვკეტეს. იმედია წელსაც ასე არ იქნება. წინასაახალწლოდ ბევრი შემოთავაზებაა, რეკავენ რეგიონებიდან. მე პირადად უკვე ვიცი, სადაც ვიქნები ახალი წლის ღამეს. მართლა ძველი დრო გამახსენდა, როცა აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება მქონდა. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და უფრო და უფრო აქტიურად განვაგრძობთ ცხოვრებას.

მერი ბლიაძე

10860
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
გიოგიო
2
შენ?შენ ხარ? ავტორიტეტი? ეს ახალი თაობაა,რომლებსაც თავისი მაყურებელი-თავისი მსმენელი ყავს....
17:26 / 18-12-2021
იზა
4
აი ავტორიტეტები
14:34 / 16-12-2021
მსგავსი სიახლეები