ბიჭების გოგოს ტანსაცმლით შემოსვა და პირიქითაც, უკვე ჰოლივუდის ტენდენციად იქცა. ამჯერად საზოგადოება მეგან ფოქსის ვაჟების ახალი ფოტოებით დაინტერესდა, რომლებშიც ისინი გოგონებს ჰგვანან. ფოტოები ოქტომბერში გამოქვეყნდა, მაგრამ საკითხი ისევ აქტუალური გახდა, ბავშვებს ზოგიერთმა ტრანსგენდერი უწოდა და განახლებული ენერგიით შეუტია ფოქსს.
ყოფილი ქმრისგან, ბრაიან ოსტინისგან, 34 წლის კინოვარსკვლავს სამი ვაჟი ჰყავს- რვა წლის ნოა, შვიდი წლის ბოდი და ოთხი წლის ჯონი. ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, მეგან ფოქსი საკმაოდ თავისუფლად ზრდის შვილებს. მეგანმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ბრაიან ოსტინ გრინმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ნებას რთავენ შვილებს გამოიყურებოდნენ ისე, როგორც მათ სურთ - მაშინაც კი, თუ ეს სხვებს არ მოსწონთ. ამიტომაც, პაპარაცები ფოქსის ვაჟებს ხშირად ხედავენ გოგონების ტანსაცმელში, კაბებში... უფრო მეტიც, სამივე მათგანი იმაზე გრძელ თმას ატარებს, ვიდრე მათი თანატოლები. ხანდახან მეგანი თავის მცირეწლოვან შვილებს თმის შეღებვის უფლებასაც კი აძლევს. განსაკუთრებით ნოას, ფოქსის უფროს ვაჟს, უყვარს ეს საქმე. მისი ერთ-ერთი საყვარელი ფერია ვარდისფერი და უკვე რამდენჯერმე შეიღება თმა.
მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბავშვები ასე გამოხატავენ საკუთარ თავს და არ უნდა გაანაწყენონ და გაუფუჭონ ფსიქიკა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭებს კაბების ჩაცმა სურთ. მეგანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით შვილებზე გავლენას არ ახდენს.
"ნოა თავად იგონებს კოსტიუმებს, თავად ქმნის დიზაინებს. ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ის ნამდვილად არის მოდაში ჩართული და დიახ, უყვარს კაბების ტარება. მე ის ყველაზე ლიბერალურ სკოლაში მივიყვანე. მაგრამ, იქაც ეუბნებიან: "ბიჭები ვარდისფერს არ იცვამენ", "კაბები ბიჭებისთვის არ არის". ჩვენ ახლა გავდივართ ამ ყველაფერს, ვასწავლი, რომ იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული და სხვისი აზრის მიუხედავად, მიჰყვეს გულის ხმას", - თქვა ფოქსმა ინტერვიუში.
მსახიობმა ასევე თქვა, რომ რაღაც მომენტში ნოამ შეწყვიტა კაბების ჩაცმა და დაიწყო "ბიჭური" სამოსის არჩევა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ კაბებს დაუბრუნდა. ბიჭს სკოლაში დასცინოდნენ, მაგრამ შემდეგ მეგანი დაელაპარაკა და უთხრა, რომ თვითგამოხატვის არ უნდა შეშინებოდა.
მსახიობი ინტერნეტში უცხო ადამიანების რჩევებსა თუ კრიტიკას არ იზიარებს და ურჩევნია, ვაჟები დამოუკიდებლად აღზარდოს. იმავეს ურჩევს სხვა მშობლებსაც.
მეგან ფოქსი ერთადერთი არ არის, ვისაც აკრიტიკებენ ბავშვების "არასათანადოდ" აღზრდის გამო. შარლიზ ტერონს არაერთხელ საყვედურობდნენ იმის გამო, რომ მის შვილს, ჯექსონს ვარდისფერი საცურაო კოსტიუმები და კაბები აცვია, ასევე თავს გოგონად ასახელებს და არა ბიჭად.
რა შეგვიძლია ვთქვათ შაილო ჯოლი-პიტზე, რომელიც ადრეული ასაკიდანვე ითხოვდა "ჯონი" დაეძახათ და მამაკაცის ჰორმონოთერაპიის კურსიც კი დაიწყო, ემზადებოდა სქესის შეცვლის ოპერაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შაილომ ცოტა ხნის წინ გადაიფიქრა ბიჭობა, ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მხარი დაუჭირეს ქალიშვილს გადაწყვეტილებაში.