საქართველოში სისხლძარღვთა მიმართულებით 2 ურთულესი კარდიოქირურგიული პროცედურა ჩატარდა. ოპერაციები „ნიუ ჰოსპიტალსის“ სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ ჩაატარა. ორივე შემთხვევის უნიკალურობა დაზიანების სირთულეში მდგომარეობდა. ეს გახლდათ გულმკერდის და მუცლის აორტის სტენტირება TEVAR და EVAR პროცედურებით, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება, თუმცა ამ ტიპისა და სირთულის დაზიანებებზე მსგავსი პროცედურა ადრე არ ჩატარებულა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი პაციენტი კარდიოქირურგიული პროცედურის ჩასატარებლად სპეციალურად უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა. ამჟამად კი წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ პოსტოპერაციულ კონტროლს ადგილზე, უკრაინაში ახორციელებს.
უნიკალური ოპერაციებისა და ზოგადად სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობასა და პრევენციაზე თავად გიგი ბრეგაძე გვესაუბრება.
აორტის აშრევების ჩარევები ჩვენს კლინიკაში დიდი ხანია წარმატებით ხორციელდება. ამ შემთხვევის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ პაციენტს ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის აღდგენა სჭირდებოდა.
აღნიშნული კარდიოქირურგიული ჩარევის შემდეგ მთავარი საშიშროება ის არის ხოლმე, რომ შეიძლება ზურგის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა მოხდეს, რაც ქვედა კიდურებში მგრძნობელობისა და მოძრაობის სრული მოშლით დასრულდეს. ჩვენ ამ გართულების პოსტოპერაციული მართვაც წარმატებით შევძელით, რაშიც მთელი კლინიკა იყო ჩართული. პაციენტი უკვე უკრაინაშია და მონიტორინგს იქ აგრძელებს.
პაციენტი არითმოლოგთან მკურნალობდა გულის დაავადებას და დამატებით დანიშნული კვლევების დროს მუცლის აორტის ტომრისებური ანევრიზმა აღმოაჩნდა. ანევრიზმა არსებობს თითისტარისებრი და ტომრისებური. ეს უკანასკნელი უფრო ხშირად ხასიათდება გასკდომით. ანევრიზმის გასკდომა კი უმეტესად ფატალური შედეგით სრულდება. საბედნიეროდ, ჩვენ გასკდომამდე აღმოვაჩინეთ ანევრიზმა და ის ისე გამოვთიშეთ სისხლის მიმოქცევის წრიდან, რომ მაგისტრალური სისხლძარღვების გამავლობა შევინარჩუნოთ. პროცედურის ჩასატარებლად აორტაში შესვლა ბარძაყიდან ხდება. ამ ტიპის ოპერაციებიც რამდენიმე წელია ჩვენს კლინიკაში ტარდება, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა უნიკალური და ძალიან რთული იყო მისი ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი თირკმლის არტერიას ახასიათებდა გარკვეული თავისებურება, რომელიც მას ფუნქციურად არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე აყენებდა. ჩვენ ამ სირთულის გადალახვაც შევძელით. ოპერაცია ტექნიკური თვალსაზრისითაც რთული გამოდგა, რადგან პაციენტს თეძოს არტერიების პათოლოგიური დაკლაკნილობა ჰქონდა. ის ორმაგ მარყუჟს აკეთებდა. დაგრეხილ სისხლძარღვებში გასვლა და პროცედურის ჩატარება რიგ შემთხვევაში შეუძლებელია. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი წარმატებით დასრულდა და პაციენტი ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ ბინაზე გაეწერა.
რისკჯგუფის წარმომადგენლებისა და არა მხოლოდ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროულად აღმოჩენა და მისი სწორი მართვა. ყველას ვურჩევ, დროულად ჩაიტარონ გეგმური კვლევები და პირველადი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს. დაავადების პრევენცია ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე მისი მკურნალობა. მისი საწყის ეტაპზე აღმოჩენა კი გართულებული და ფატალური შედეგის მიღებისგან გიცავთ.