საახალწლოდ სკოლებსა და ბაღებში ღონისძიებების გამართვა ბევრი ბავშვისთვის ტრადიციის ნაწილია, თუმცა კორონავირუსის ფონზე მასშტაბური ღონისძიებების გამართვა არ არის რეკომენდებული. დავინტერესდით, რა ფორმატით გაიმართება აქტივობები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება არ არის რეკომენდებული.
"თუ სკოლები საახალწლოდ ღონისძიებების გამართვას გადაწყვეტენ, ეს არ უნდა იყოს ძალიან ხალხმრავალი და მოხდეს საყოველთაოდ არსებული, ზოგადი რეგულაციებისა და დისტანციის დაცვით, შესაბამის სივრცეში უნდა ჩატარდეს", - გვითხრეს სამინისტროში.
რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებს, იქ ჯგუფებში თემატური ღონისძიებები ჩატარდება:
"ბაღებში საახალწლოდ თემატური აქტივობები პერსონალისა და ბავშვების მონაწილეობით ჩატარდება. მასშტაბური ღონისძიების გამართვა, მშობლებისა და უცხო პირთა შესვლა კი აკრძალულია. თემატურ აქტივობებზე ბავშვებს გადაეცემათ საახალწლო საჩუქრები." - გვითხრეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელებს საახალწლოდ სხვადასხვა სახის ტკბილეული გადაეცემათ:
შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 30 გრ. (რძიანი, შავი) ვაფლის ბატონი არანაკლებ 60 გრ. შოკოლადის ბატონი არანაკლებ 40 გრ. შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 5 სახეობა) კარამელის კანფეტი სხვადასხვა შიგთავსით (მინიმუმ ოთხი სახეობა ) არანაკლებ 170 გრ. ჟელეს კანფეტი არანაკლებ 50 გრ. თითოეული შეფუთვა 450 გრ ტკბილეულისგან უნდა შედგებოდეს და მათი გადაცემა ეტაპობრივად, 15 დეკემბრიდან მიმდინარეობს.
თამარ იაკობაშვილი