"რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება - ვნახოთ, რა შედეგი ექნება ამ "ომიკრონს”, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური სა
ავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კორონავირუსის "ომიკრონ“ შტამს, რომლის ორი შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა, ნაკლებად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა, ახალი სახეობისა და "დელტა“ შტამს შორის განსხვავებაზე, ასევე, ძირითად სიმპტომებზე.
"ორი ახალი მედიკამენტი, რომელიც სავარაუდოდ ერთ თვეში გამოვა, გამოყენებაზე ოფიციალურ ნებართვას და რეკომენდაციას ელოდება. საქართველოს, პრაქტიკულად, გატარებული აქვს ყველანაირი მოლაპარაკება და ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც იმ ორ ტაბლეტირებულ მედიკამენტს მიიღებს, რომელიც 50%-დან 90%-მდე შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევებს. ასე რომ, მიუხედავად დღევანდელი სერიოზული ეპიდსიტუაციისა, მე ძალიან იმედიანად და ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.
მესამე დოზა საკმაოდ მყარად იცავს "ომიკრონისგან.“ როგორც უცხოური წყაროებიდან ვიცით, მიმდინარეობა არის შედარებით ნაკლებად მძიმე. ყველა შტამით გამოწვეული კოვიდი, სიმპტომებით პრინციპულად დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ნიუანსებშია განსხვავება, მაგალითად "ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო ჭარბობს სურდო, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე და შემდეგ ყველაფერი, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირია ასეთი დაწყება.