თითქმის 2 წელია ადამიანები განსაკუთრებულ რეჟიმში ვცხოვრობთ, უფროსებსაც ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრების ასეთი პირობების მიღება და ამის აღქმა ალბათ განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. რა კვალს ტოვებს ასეთი ატმოსფერო მათზე? - გვესაუბრება ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.
- ბავშვებზე ყველა სტრესი თავისებურად აისახება, თუმცა, ერთი შეხედვით, თითქოს უფროსები უფრო ვწუწუნებთ, უფრო ვიაზრებთ, რა ხდება. ბავშვები ამას კონკრეტულ მომენტში ასე მძაფრად ვერ აცნობიერებენ, რადგან მათში მაინც სიხარულის განცდა ჭარბობს ყოველთვის, ჩაკეტილობაზე უფრო მეტად მათზე უფროსების განწყობა, მუდმივი დაძაბულობა და შიშში ყოფნა ტოვებს კვალს, სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე ეს სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მაგალითად, პატარა ბავშვებს, რომლებიც ახლა 3-4 წლის არიან, შეიძლება გაუჭირდეთ ურთიერთობები, რადგან ბოლო პერიოდში ურთიერთობები მაქსიმალურად იყო შეზღუდული და აკრძალული. მე არაერთი ფაქტი შემხვედრია, როდესაც ბავშვი უფროსებს ეკონტაქტება, მაგრამ თანატოლებთან ვერ თამაშობს. ზოგადად, ბოლო წლებში მობილურ ტელეფონებსა და გაჯეტებზე ინტერნეტდამოკიდებულებამ საზოგადოება დააყენა ამ პრობლემის წინაშე და ახლა ეს პროცესი უფრო გაღრმავდა.
ბავშვები, რომლებიც სკოლაში წავიდნენ პანდემიის პერიოდში და პროგრამის ონლაინათვისება მოუწიათ, ძალიან სერიოზულ სირთულეს წააწყდნენ, რადგან პროგრამის ათვისებას ხელს უწყობს ის მომენტები, რაც ბავშვს სკოლაში მოსწონს, ანუ ბავშვისთვის დისკოფორტია ახალი გარემო, ის, რომ მაგიდასთან უნდა იჯდეს 45 წუთი, დისკომფორტია, რომ უნდა იმეცადინოს, მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლდა შესვენებაზე მეგობრებთან თამაში, თანატოლების გაცნობა... წელს კი, როდესაც მათ სწავლა ონლაინრეჟიმში დაიწყეს, მხოლოდ ვალდებულებები დარჩათ...
რაც შეეხებათ მოზარდებს - ამ კატეგორიაში უფრო გამწვავდა გარდატეხის ასაკი. მათ უნდათ, რომ გაიზარდონ და შედგნენ პიროვნებებად, მშობლების „მფარველობიდან უნდა გამოვიდნენ“. ისინი აპროტესტებენ მშობლებს. ყველაზე უშიშარი მოზარდობის პერიოდია, ისინი ყველაზე ნაკლებად იცავენ რეგულაციებს, მაგრამ მაინც უნდათ კონტაქტი ერთმანეთთან. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა პრობლემები. ამ პერიოდში ორმაგად და ათმაგად გაიზარდა ეს პროტესტი, ამიტომ ყველა ასაკს შეეტყო ეს პერიოდი, თუმცა ყველას - თავისებურად.
არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - ჩაკეტვამ გააშიშვლა ადრე არსებული პრობლემები. მაგალითად, თუ ადრე ოჯახის წევრებს არც უფიქრიათ ერთმანეთისთვის ტონის შერჩევაზე, არც დაფიქრებულან თავიანთ საქციელზე, ახლა ამან თავი იჩინა ურთიერთობებში. იმ ოჯახებში, სადაც ოდნავ მაინც დაძაბული იყო ვითარება, კიდევ უფრო გამძაფრდა. ეს ყველაზე მეტად ბავშვებზე აისახება, რადგან ისინი ამ ყველაფერს ხედავენ.
მე ვმონაწილეობდი ბავშვებისთვის საკრებულოს მიერ ინიცირებულ კონკურსში -„პანდემია როგორც შესაძლებლობა“. მასში სხვადასხვა სკოლის გუნდი მონაწილეობდა, რომელთაც უნდა გადაეღოთ ვიდეო თემაზე - რა მისცა პანდემიამ მათ დადებითი. მათ საოცარი კუთხით ჰქონდათ ეს ყველაფერი დანახული, მაგალითად, თითქმის ყველა აღნიშნავდა, რომ მათ ურთიერთობები დააფასეს და, ადრე სკოლაში წასვლა თუ ეზარებოდათ, ახლა ნატრობენ. მაშინ ეზარებოდათ მერხთან ჯდომა, ახლა მიხვდნენ, ეს რა მნიშვნელოვანია. ადრე თუ სულ ტელეფონი და კომპიუტერი უნდოდათ, ახლა ცოცხალი ურთიერთობები სურთ და მზად არიან, გაკვეთილზე დასხდნენ და იმეცადინონ, ოღონდ კი ყველაფერი „გაიხსნას“. გარდა ამისა, ბევრმა მათგანმა აღმოაჩინა თავისი ნიჭი, ისწავლა თავისუფალი დროის შევსება, მათ ფარული უნარების გამომჟღავნების საშუალება მიეცათ. ამ ვიდეოებში ჩანდა, როგორ დააფასეს, უყვართ და ენატრებათ ერთმანეთი, სკოლა, პედაგოგები.
როცა ჩვენ უსაშველოდ ვუსახავთ ბავშვებს რაღაც პრობლემის გადაწყვეტას, ეს შეიძლება შემდგომში ძალიან მძიმედ აისახოს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ბავშვი არ უნდა იყოს მიშვებული. როცა ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი სახლშია და არსად წავა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისთვის არის უსაფრთხო გარემო. გაჯეტთან ჯდომა უსაფრთხო გარემო არ არის, მშობელმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს მისი შვილი, მისთვის გარკვეულწილად ლიმიტირებული უნდა იყოს ის ინფორმაცია და კომპიუტერთან ჯდომის საათები. მშობელს ისეთი კონტაქტი უნდა ჰქონდეს მასთან, რომ ბავშვი უზიარებდეს თავის ტკივილს. მშობელს უნდა ჰქონდეს უნარი, რომ სწორი ფორმით გაუქარწყლოს შიში და დარდი, რადგან მაშინაც კი, როცა ბავშვი მშობელს არ ეთანხმება და ეურჩება, მშობლის სიტყვას დიდი გავლენა აქვს.
21-ე საუკუნეში თავისუფლად ხელმისაწვდომია უამრავი ლიტერატურა, ტრენინგი, ლექცია ბავშვის აღზრდის თემაზე. უკვე მივედით იქამდე, რომ ბავშვის აღზრდა ვერ იქნება ინსტინქტური პროცესი. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს მართული მშობლის მიერ. მშობელმა აუცილებლად უნდა დაიმატოს გარკვეული განათლება ამ მიმართულებით, რათა, შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელი თაობა გაიზარდოს.
მივმართავდი მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ყველაფერი იციან, კიდევ ერთხელ გავახსენებდი, რომ მთავარი არის სიყვარული, უნდა შევძლოთ ამის გამოხატვა და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის უპირობოდ გვიყვარს ნებისმიერ შემთხვევაში. ყველაზე ხშირად აქ უშვებენ მშობლები შეცდომას, ისინი ეუბნებიან მას, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, არავის ეყვარება.
როდესაც ზრდასრული ადამიანები ჩემთან მოდიან და ვიწყებ მუშაობას, ასიდან 95 ადამიანს აქვს კომპლექსი და ჩადებული პროგრამა, რომ სიყვარულს უნდა დამსახურება. დედ - მამის სიყვარული ერთადერთი უპირობო სიყვარულია, დამსახურების გარეშე. ამიტომ მინდა მშობლებს მოვუწოდო, რომ მთავარი, რაც ბავშვს უნდა ჩავუდოთ, დაცულობის განცდაა, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა იცი, რომ შენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც, რაც არ უნდა შეგეშალოს, მაინც ეყვარები. ამ უპირობო სიყვარულს ვუსურვებ მშობლებს და შვილებს.