"ვიყოთ ძალიან მოკრძალებული წელს - კი, ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული თუ შეიძლება, რამდენადაც შესაძლებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში მკაცრ „ლოკდაუნებს“ აღარ მიმართავენ და ყურადღება გამახვილებულია რეკომენდაციების და წესების აღსრულებაზე.
„არავინ არ ჩაკეტავს ქვეყანას, არც ევროპული ქვეყნები საშობაოდ არ კეტავენ ქვეყნებს და უკვე ეს ჩაკეტვები აღარ არის სრული, ე.წ. ძლიერი ლოკდაუნები, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. მძლავრი „ლოკდაუნები“ არ არის, ყველგან საუბარია წესრიგის დაცვაზე, წესების და რეკომენდაციების დაცვაზე და მათი აღსრულების მაქსიმალურ კონტროლზე. ამაზეა საუბარი, რომ არ შეიკრიბოს 50-ზე მეტი ადამიანი გარე სივრცეში, თუ შესაძლებელია, არ შეიკრიბოს 10-ზე მეტი ადამიანი ერთ ოჯახში, თუ შესაძლებელია. გადადების ყველაზე დიდი რისკია, როცა არის სუფრა და არის კვება, როცა ადამიანი პირბადეს იხსნის, მით უმეტეს „ომიკრონის“ დროს, როცა 3-4-ჯერ არის მომატებული გადამდებლობა, სწრაფი გავრცელებაა. ამ დროს ეს საშიშროებაა ამიტომ, ელემენტარული წესი და რიგი ყველამ უნდა დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში ჩამორჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.
თუმცა ასევე აღნიშნავს, რა შეიძლება გახდეს მკაცრი შეზღუდვების შემოღების საფუძველი:
"თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, აცრის მოცვის მაჩვენებელს ვერ გავზრდით, იანვრის შუა რიცვებში (ომიკრონის გავრცელებამ შეიძლება მაგ დროს მიაღწიოს სწორედ პიკს), თუ გვექნა დღეში 10-15-20 ათასი შემთხვევა ომიკრონის, ქვეყანა იძულებულ იქნება, მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები შემოიღოს".
"დამისვეს კითხვა, იმუნიზაციაში ჩამორჩენის მთავარი მიზეზების შესახებ. სამი მთავარი მიზეზი გამოვყავი.
პირველი: მოსახლეობასთან დავაკელით კომუნიკაცია. სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით დაახლოებით 60%, ცოტა ან ნაკლები, აცრისთვის მზად იყო. დაახლოებით 20-30% მერყეობდა, ხოლო 20% არის, რომელსაც ვერ დააჯერებ, ვერ აცრი, უბრალოდ არ იცრება. ალბათ, იმ მერყევ 30%-ს დავაკელით მუშაობა. ვფიქრობ,რომ მათთან მეტი უნდა გვემუშავა, რათა დაგვერწმუნებინა ეს ხალხი იმაში, რომ აცრა არის მთავარი, განსაკუთრებით კი, 60 წლის ზევით მოსახლეობისათვის, რადგან სიკვდილიანობის 85% ამ ასაკზე მოდის. 10% მოდის 50-დან 60 წლამდე. ამიტომ, ამ ასაკის მოსახლეობასთან მუშაობა ნამდვილად დავაკელით, მეტი იყო საჭირო. მუშაობა მხოლოდ იმ მხრივ კი არა, რომ აუხსნა, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება.
მეორე არის შემდეგი: სამწუხაროდ, ჩვენი განათლებისა და თვითშეგნების დონე არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა. ანუ ჩვენთან მოსახლეობის საშუალო დონე არ არის მაღალი, რომელიც აღიქვამს, რომ იმუნიზაცია მედიცინაში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, რომელსაც მილიონობით სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და კიდევ გადაარჩენს. ამაში მოსახლეობა ვერ დავარწმუნეთ.
მესამე - ეს ორი წელიწადი ქვეყანაში არის დიდი პოლიტიკური რყევების წელიწადი. ეს გავლენას ყველაფერზე ახდენს. მესმის, რომ კრიტიკა ბევრია. ოპოზიცია უნდა აკრიტიკებდეს მთავრობას, მთავრობა უნდა პასუხობდეს და ა.შ. მე ყოველთვის აპოლიტიკური პოზიცია მაქვს, არასდროს ვერევი, მაგრამ ერთი მოწოდება ყოველთვის მაქვს, მას ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი - ხომ შეიძლება ერთი თემის ირგვლივ ყველა ვიყოთ ერთიანი, ამ ვირუსმა ხომ არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია? ანუ ამ პოლიტიკურმა პოლარიზაციამ, რაც ქვეყანაში ამ ორი წლის განმავლობაში გრძელდება საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სწორედ იგივე პასუხში..." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი თუ აიწევა 95%-მდე, აპრილამდე 2 000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.