„სასწორზე ბევრად უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამ დგას, ვიდრე ჩვენი კინოში, თეატრში, თუ რესტორანში შესვლის აუცილებლობაა“
ტელეწამყვანების, მომღერლების, მსახიობების წინასაახალწლო პერიოდში მოხელთება ინტერვიუს ჩასაწერად მარტივი არ არის. როგორც წესი, ესაა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი, როცა გადაღებიდან გადაღებაზე მიიჩქარიან და ყოველი წუთი გათვლილი აქვთ. ზუსტად ასეთ რეჟიმში იყო ტელეწამყვანი გვანცა დარასელია, მაგრამ მცირე დრო მაინც გამონახა Mshoblebi.ge-სთვის და ჩვენს შეკითხვებს უპასუხა. ახალი წელი, გაძვირებული ფასები, კოვიდის ახალი შტამი და ვაქცინაცია იყო თემები, რომლებზეც გვანცას ვესაუბრეთ.
- პანდემიიდან გამომდინარე, შარშან უჩვეულო ახალი წელი იყო მათთვის, ვინც მიჩვეულია ამ დღესასწაულის გარეთ, ხალხმრავლობაში ან სამუშაო გარემოში შეხვედრას. წელს რა გეგმები გაქვს?
- შარშანდელი წლისგან განსხვავებით, წელს ახალ წელს ფილარმონიაში შევხვდები, სადაც „ნიჭიერის“ ფინალი გაიმართება, რის შემდეგაც გავიქცევი სახლში, ბავშვებთან. რაც შეეხება პანდემიას, მართალია, ვიცავთ რეკომენდაციებს, ვცდილობთ მოვერიდოთ დიდ შეკრებებს, მაგრამ ასეთ დღესასწაულებზე გინდა მაინც ადამიანს, მეგობრების წრეში შემოუსხდე მაგიდას. თუმცა, ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი მაქვს დაგეგმილი გარდა იმისა, რაც უკვე გითხარით.
- თქვენთან ისევ მოდის სანტა საჩუქრებით დატვირთული? თუ უკვე გამოიარეთ ეს პერიოდი?
- ჩვენ სანტა კარებთან გვიტოვებს საჩუქრებს. 12 საათი რომ შესრულდება, ვაღებთ კარს და იწყება დიდი ჟრიამული. წელს ლილემ ერეკლეს დახმარებით დაწერა წერილი, რომელიც ჩამოვკიდეთ ნაძვის ხეზე და ველოდებით, როდის წაიღებს სანტა.
- საახალწლო სუფრის მომზადება წელს განსაკუთრებით ძვირი იქნება, რადგან პროდუქტზე, და არამარტო პროდუქტზე, ფასები ყოველდღიურად იმატებს, ეს კი ყველა ოჯახზე მოქმედებს და აისახება...
- მართლა კატასტროფა ხდება. მე მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ოჯახის საკვებზე, სამოსზე და ელემენტარულ საჭიროებებზე არ ვინერვიულო, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გაწვდეს იმ ოჯახების ჯიბე ამ ფასებს, ვისაც არ აქვს საკმარისი შემოსავალი. ჩემს მეუღლესაც ვეუბნებოდი ამას წინათ, მოდი, არ გვინდა სართულებად გაშლილი სუფრა, მოკრძალებულად გვქონდეს 1-2 კერძი და საახალწლო ტკბილეული-თქო. ვფიქრობ, არ დგას თავის გაგიჟების საჭიროება. მინდა, რომ საახალწლო სუფრაზე ყველას ჰქონდეს ტკბილეული და არც ერთი ბავშვი არ დარჩეს უსაჩუქროდ, ეს არის ჩემი სურვილი თოვლის ბაბუასთან.
- პროდუქტებთან ერთად ძვირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური, როგორ ფიქრობ, ეს რას გამოიწვევს?
- სიმართლე გითხრა, ჯერჯერობით ამ თემას კარგად ვერ გავეცანი, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა შეძლონ ადამიანებმა ცხოვრება. ამ ფასის საპირწონე კომფორტი თუ შეიქმნება - სისწრაფე და გადაადგილების კომფორტი, კიდევ რაღაც გამართლება ექნება.
- პანდემიის და ვაქცინაციის თემაზე მინდა გკითხო, ბუსტერი გაკეთებული გაქვს, ახალი შტამი „შემოგვეპარა“ და მგონი ახლა უფრო აუცილებელი ხდება ბუსტერ დოზის დამატება...
- ომიკრონის საქართველოში დაფიქსირების გამო განსაკუთრებულად აღელვებული არ ვარ, რადგან ჩემთვის არაფერი იცვლება, ვარ ორჯერადად ვაქცინირებული, ვაპირებ აუცილებლად გავიკეთო ბუსტერიც და ისედაც ვაპირებდი, სანამ ომიკრონი შემოვიდოდა, ვიცავ თავს და რეგულაციებს.
- კოვიდპასპორტებთან მიმართებაში როგორი მოსაზრება გაქვს?
- იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე ვიყავი ვაქცინაციის მომხრე, არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია ჩემთვის კოვიდპასპორტს, პირიქით, სივრცეში, სადაც კოვიდპასპორტს ითხოვენ, ბევრად უფრო მშვიდად შევდივარ, იმიტომ, რომ ესე იგი სხვებსაც სთხოვენ და მეტ-ნაკლებად შემცირებულია დაინფიცირების რისკი. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც კონკრეტული მოთხოვნებით ცხოვრობენ, ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციები არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. სასწორზე ბევრად უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამ დგას, ვიდრე ჩვენი კინოში, თეატრში, თუ რესტორანში შესვლის აუცილებლობაა. ჩემი აზრია ეს და თავს არავის ვახვევ.
- ბავშვების ვაქცინაციაზე რას ფიქრობ? ჯერ შენი არც ერთი შვილი არ არის 12 წლის, მაგრამ..
- კი, ჩემები პატარები არიან, მაგრამ 12-ის რომ იყვნენ, ალბათ გავუკეთებდი, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, როგორც გრიპის ვაქცინით ვარ კმაყოფილი, ასევე ვიქნები ამაზეც.
- გრიპზე ყოველწლიურად ცრი?
- შარშან ავცერი და წელს ვერ მოვაბი თავი, ვერ მოვასწარი, თუმცა ვაპირებ აცრას. შარშან გადასარევად იმუშავა ამ ვაქცინამ.
ციცი ომანიძე