უიღბლო ქორწინება რბილად ნათქვამია ამაზე. რაც დუბაის მმართველსა და მის უმცროს ცოლს შეემთხვათ, საუკუნის მოვლენაა. ორ წელიწადში ქალმა დაანგრია მისი რეპუტაცია, მოიგო რეკორდული თანხები, თუმცაღა ვერასოდეს იქნება უსაფრთხოდ.
პრინცესა ჰაია პანარაბული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, დიპლომატი, ოქსფორდის კურსდამთავრებული და ერთადერთი ქალი თავის ქვეყანაში, რომელსაც სატვირთო მანქანების მართვის მოწმობა აქვს. ერთი სიტყვით, არაბულ სამყაროს თუ გავითვალისწინებთ, სუპერ-ქალია. მაგრამ სახელი გაითქვა მაინც იმით, რომ ქმარს გაექცა და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სასამართლო მოიგო.
რატომ გაჰყვა თავის დროზე ჰაია დუბაის მმართველ მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმს, რომლის მძიმე ხასიათის შესახებ ლეგენდები დადიოდა? მისი განათლებითა და ქონებით, შეეძლო ინტელიგენტი ევროპელი ამოერჩია და ქველმოქმედებით დაკავებულიყო. იორდანიაში, სადაც ჰაია გაიზარდა, ქალების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებაა. მაგრამ არა, ის მაინც საუდელ პრემიერ-მინისტრს გაჰყვა ცოლად და 15 წლის განმავლობაში ერთხელ არ გაუსაჯაროება, რომ უკმაყოფილო იყო ქორწინებით.
პირიქით, საკმაოდ თამამად ცხოვრობდა არაბული კანონებით. მაგალითად, პირველი სპორტსმენი ქალი იყო ემირატებიდან, რომელმაც შესარჩევი ტური გაიარა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ცხენით ჯირითზე. იცის შვიდი ენა და ყოველთვის თამამად გამოთქვამდა საკუთარ აზრებს მისი წრის ადამიანებთან შეხვედრისას.
მორიგი კეთილი ნების ვიზიტიდან დაბრუნებულმა პრინცესამ ხელი დაავლო შვილებს - ვაჟ ზაიედსა და ქალიშვილ ალ ჯალილას, თან წაიღო 40 მლნ დოლარი და ქმრის კერძო თვითმფრინავით გაფრინდა გერმანიაში. რატომ? ქვეყანა გააოგნა ამ ნაბიჯმა - შეიხის საყვარელი ცოლი, რომლის გამოც მაღალი წრის წესებიც დაარღვია, მას გაექცა!
ის, რომ მოჰამედი გიჟდებოდა თავის ცოლზე, ყველასთვის აშკარა იყო. სხვანაირად ეს თავისუფლებისმოყვარული ძლიერი ქალი მას არ გაჰყვებოდა. ემირატებში ქალს არ შეუძლია მუშაობა ქმრის ნებართვის გარეშე, მით უმეტეს, მმართველის ცოლებს არ შეუძლიათ "ცუდი" მაგალითის მიცემა და მამაკაცური ვალდებულებების შესრულება, როგორებიცაა დიპლომატია და სპორტი. მაგრამ შეიხი ჰაიას თავისუფლებას შეპირდა, რაც არ აქვთ, სხვათა შორის, მის სხვა ცოლებს და გრანდიოზული ქორწილიც გამართა ჰაიასთან.
თავისი სიტყვა მოჰამედმა მართლაც შეასრულა და ბევრი რამის უფლებას აძლევდა ჰაიას, არაბულ სამყაროში ქალების უფლებებისთვის ბრძოლაშიც კი არ უშლიდა ხელს. მაგრამ მერე მოხდა რაღაც, რაც შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ ან ჭორებს დავუჯეროთ.
ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მოჰამედს ახალი რჩეული გამოუჩნდა. სანამ ჰაია თავისი უფლებებისთვის იბრძოდა, შეიხს მეორე, უფრო მორჩილი ცოლი უღიმოდა. ამაყი და დამოუკიდებელი პრინცესა არ სჯერდებოდა მცირედს და ამბობენ, ქმარს აეჭვიანებდა კიდეცო. თანაც, საკუთარ დაცვის წევრზე...
რა მოხდა სინამდვილეში, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, ჰაიას საკუთარი სიცოცხლის გამო შეეშინდა. დაუახლოვდა უფლებადამცველ მერი რობინსონს, რომელიც ეხმარებოდა ლატიფას საქმეში. ლატიფა მოჰამედის ქალიშვილია, რომელიც მისგან გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ინდოეთის სანაპიროებამდეც ვერ მიაღწია, ისე დააბრუნეს საემიროებში. სავარაუდოდ, თავის გერ ლატიფას დაუახლოვდა კიდეც ჰაია და მისგან ისეთი ამბები გაიგო, რამაც კიდევ უფრო გადააწყვეტინა, დროზე გასცლოდა შეიხს.
ლატიფას საჯაროდაც ჰქონდა აღიარებული, რომ მამამისმა თავისივე ძმის ერთ-ერთი ცოლი მოკლა და რამდენიმე ადამიანის დაკარგვაში იყო მხილებული. სავარაუდოდ, ჰაიამ გაქცეულ ლატიფას სხვა ინფორმაციაც დასტყუა და ასევე გამოიყენა მისი წარუმატებელი გაქცევის გამოცდილება და სულ სხვაგვარად დაგეგმა საკუთარი გაქცევა.
სხვათა შორის, ლატიფამდე კიდევ ერთი გოგონა ცდილობდა გაქცევას - შეიხის უფროსი ქალიშვილი შამსა. მან ინგლისამდე მიაღწია და კემბრიჯში იმალებოდა, სადაც ორ თვეში მიაგნეს და გაცოფებულ მამასთან დააბრუნეს. მას მერე ის არავის უნახავს. გაქცევის დროს 18 წლის იყო, ახლა კი სავარაუდოდ 39 წლისა უნდა იყოს. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ის ცოცხალი აღარცაა.
ასე რომ, ჰაიას სრული საფუძველი ჰქონდა, ევარაუდა, რომ მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, თუ გაქცევის ორგანიზებას სწორად არ მოახდენდა. ამიტომაც დამალვას არჩია, ოფიციალურად შეეტანა სარჩელი ლონდონის სასამართლოში განქორწინებაზე და თავშესაფარიც მოითხოვა. ქმარი ოჯახურ ძალადობაშიც ამხილა და მუქარების შთამბეჭდავი სიაც მიამატა.
"შენ და შენი შვილები ლონდონში უსაფრთხოდ არ იქნებით", - სწერდა გამძვინვარებული მოჰამედი. პრინცესამ ისიც დაამტკიცა, რომ მოჰამედის გარემოცვა აპირებდა მისი სახლის გვერდით სახლის ყიდვას, რომ მისთვის ეთვალთვალათ.
რამდენიმე თვე გრძელდებოდა ჩვენებების მიცემა. საბოლოოდ ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ ჯერ ერთი, შეიხი დამნაშავეა თავისი ქალიშვილების გატაცებაშუ, და მეორეც, ცოლისთვის გადასახდელი აქვს თანხა, რომელიც ეკუთვნის განქორწინების სანაცვლოდ.
ასე რომ, სასამართლოს დადგენილებით, შეიხმა ცოლს 730 მლნ დოლარი უნდა გადაუხადოს საერთო ჯამში. ამ თანხაში შედის სახლის გადასახადი, სადაც ის ბავშვებით ცხოვრობს, ბავშვების ძიძების ჯამაგირი, მძღოლების, ბავშვების განათლების და ა.შ.
გარდა ამისა, შეიხი ვალდებულია, წელიწადში 13 დოლარი იხადოს ქალ-ვაჟისთვის, სანამ ისინი სრულწლოვნები არ გახდებიან.
ვინ არიან შეიხთა ცოლები - ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება