"ავუხსენი, რა იქნებოდა მომავალში, მითხრა - მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო, არავითარი გირაო არ მოუთხოვია - მხოლოდ იმას ამბობს, შეურაცხყოფა მომაყენა და კონფლიქტი მოხდა შეურაცხყოფის ნიადაგზეო", - ამის შესახებ ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებული მედიკამენტებს ყოველდღიურად იღებს.
„ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა - მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო, არავითარი გირაო არ მოუთხოვია. წარსულში ნასამართლევი იყო თუ არა არ ვიცი. ბიჭი იყო ძალიან უხასიათოდ და დღესაც საუბრის სურვილიც კი არ ჰქონდა. სტაციონარულ მკურნალობას არა მაგრამ, აღრიცხვაზე ვფიქსირდებოდი და დანიშნული მქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომ დავწყნარებულიყავიო, მე მაქვს ფსიქიკური აშლილობა და დამაწყნარებელი იყო ჩემთვის ის ფსიქოტროპულები, რომლებიც დამინიშნა ექიმმაო. პიროვნება იყო ძალიან არაადეკვატური, უხალისოდ, ამიტომ მეც არ გადავტვირთე კითხვებით. შვილი წაიყვანეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა. შეურაცხყოფა მომაყენა და კონფლიქტი მოხდა შეურაცხყოფის ნიადაგზე - ამას ამბობს მხოლოდ, კონკრეტიკა ვერ მოვისმინე“, - განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციას თავად დაურეკა.
"როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ, - განაცხადა გზირიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.