აშშ-ს მსოფლიო რანგის მსაჯი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მთავარი მსაჯი, პროდიუსერი, ქორეოგრაფი და მსახიობი გოჩა ჩერტკოევი გადაცემაში "ნოესთან" საკუთარ ბავშვობასა და ძმის გარდაცვალებას იხსენებს:
- დავიბადე თბილისში, ბოლო, მეხუთე შვილი ვიყავი და ჩემი მშობლებიც უკვე ხანშიშესულები იყვნენ. დედაჩემი იმ დროს 50 წლამდე იყო. ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი, ყველაფერს მიკეთებდნენ, იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ვიყავი. მაგრამ, ესაა პრობლემა - როცა მშობლები უკვე ხანშიშესულები არიან, იმხელა განსხვავებაა თაობებს შორის, იმის გარდა, რომ ძალიან კარგი დედა და მამა იყვნენ, არანაირი კავშირი არ მქონდა მათთან. ამაში რაღაც ნეგატიურიცაა და პოზიტიურიც.
როგორიც ახლა ვარ, ასეთი ვიყავი ბავშვობაშიც. სულ 5 დედმამიშვილი ვიყავით. ჩემი ძმა გარდაიცვალა. ჩემი დებიდან ერთი ვლადიკავკაზშია. ეს მართლა მაბრაზებს. აბსოლუტური პატრიოტიზმის თემაა იმიტომ, რომ მთელი ჩემი არსებობით რუსეთს ბავშვობიდან პროტესტი გამოვუცხადე.
ჩემს ძმას ვლადიმერი ერქვა. ბავშვობაში დიდი კონტაქტი არ გვქონდა იმიტომ, რომ 15-16 წლით დიდი იყო ჩემზე. რომ წამოვიზარდე, ამერიკაში წავედი, ის აქ დარჩა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემს ძმას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. დიდი ხანი იყო ავად და ყველამ ვიცოდით. რაც შემეძლო იქიდან ყველაფერს ვაკეთებდი. არც ის ჩამოსულა ამერიკაში და არც მე საქართველოში. როცა ჩამოვედი, უკვე ავად იყო. ჩემთან სანახავად მოვიდა, მეუღლემ მოიყვანა. ერთი კვირა იყო და მერე ისევ მოითხოვა სახლში წასვლა. ექიმთანაც მივიყვანეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან გვიანი იყო. რომ მნახა, მერე გარდაიცვალა. ნახვა მოვასწარი. ჩემი ძმის გარდაცვალების შესახებ ძალიან არასწორ დროს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ლაივამდე, საათ-ნახევრით ადრე გავიგე. არასდროს ხარ მზად იმისათვის, რომ ვინმემ სამუდამოდ დაგტოვოს. მაშინ გრძნობ გამოწვევას, არა როგორც გოჩა, არამედ როგორც არსება, როგორი ძლიერი ხარ. სამწუხაროდ, ძლიერი აღმოვჩნდი. არ უნდა იყოს ადამიანი ეგეთი ძლიერი. შოუ გაგრძელდა, არ მეგონა თუ გამომივიდოდა. მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ ჩემი თავი არ მომეწონა.