ბულინგის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ამ პრობლემამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო და დღეს ბავშვები არა მხოლოდ სკოლის კედლებში, არამედ კიბერსივრცეშიც განიცდიან ბულინგს.
ეს პროცესი უმძიმეს კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც, რაზეც ფსიქოლოგები აქტიურად საუბრობენ. სკოლებში ინერგება ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამები, ეწყობა სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა, იქმნება სპეციალური ლიტერატურა, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც, რომლებიც ბავშვებს სწორ ინფორმაციას მიაწვდიან.
ბოლო პერიოდში ბულინგზე უფრო მეტად დასაფიქრებლად და მისი მძიმე შედეგების გასააზრებლად საქართველოშიც აქტიურად ითარგმნება და გამოიცემა ლიტერატურა და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გამომცემლობები, მათ შორის „პალიტრა L“, რომელიც მოზარდებისთვის განკუთვნილ თანამედროვე ლიტერატურას გამოსცემს. „პალიტრა L”-ის მიერ გამოცემული სტიუარტ ფოსტერის წიგნი, „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს“ სწორედ ბულინგის თემას ეხმაურება და ორივე მხარის დასაფიქრებლად მნიშვნელოვან საკითხს სვამს. წიგნს მშობლები ხშირად მოზარდი შვილებისთვის იძენენ, რათა მათ პრობლემაში მეტად ჩაღრმავების, ბულინგის პრევენციის შესაძლებლობა მისცენ.
რამდენად მწვავეა ჩვენს ქვეყანაში ბულინგის პრობლემა და როგორ ებრძვიან მას მასწავლებლები, ამის შესახებ 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულსა და წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებელს ხათუნა რაზმაძეს ვესაუბრეთ.
სამწუხაროდ, ბულინგის შემთხვევებში ძალიან გაზრდილია და ამ პრობლემებმა სკოლებში ძალიან წამოიწია, რადგან ბავშვები მაინც გაჯეტებზე არიან ორიენტირებული, მეტნაკლებად სტრესულ გარემოში უწევთ ყოფნა და შემდეგ ეს ყველაფერი სხვის დაცინვასა და დაჩაგვრაში გადააქვთ ხოლმე. ეს შეიძლება არ ხდება საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ ხდება მის მიღმა. შესაბამისად, სასურველია, ყველა მასწავლებელმა დაიწყოს ბულინგის საწინააღმდეგო აქტივობები.
ყველაზე მტკივნეულია, როცა მსხვერპლის გვერდით მასწავლებელი და მშობელი არ არის და ეს სწორედ მაშინ ხდება, რადგან შეიძლება გამოგვეპაროს და თავადაც არ თქვას საჯაროდ, რომ ეს პრობლემა აქვს.
შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში უფრო მეტად გავაჩინოთ ემპათიის განცდა და ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ მოსწავლეებს, რათა უკეთ გაიაზრონ სხვების მდგომარეობა გაითავისონ სხვისი ტკივილი და მიიტანონ გულთან.
პრევენციულ ზომებს შორის შეიძლება იყოს ლიტერატურაც. თუნდაც ეს წიგნი: „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს“, ეხება სწორედ ბულინგის პრობლემას, რომელსაც მშობლებმა საინტერესო გადაწყვეტის გზა მოუძებნეს. ამ ნაწარმოებიდან ბევრი რამ გავიგე და საინტერესოა, როგორ ვითარდება მოვლენები, როცა მსხვერპლს და მხარეს, რომელიც მას ჩაგრავს, ერთად უწევთ რაიმეს გაკეთება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები უფრო მეტად ექცევიან ბულინგის მსხვერპლის როლში, ვიდრე სხვები, იმიტომ რომ მათ კიდევ უფრო ნაკლები სოციალური უნარები აქვთ, შესაბამისად, მათ მიმართ არის აგრესია, დაცინვა, არასწორი სიტყვით, წინადადებით მიმართვა... მეც ვცდილობ, რა თქმა უნდა და ერთ ადამიანსაც, ერთ მასწავლებელსა და მოსწავლესაც შეუძლია შეცვალოს ბევრი რამ. შესაბამისად, სასურველია, რომ რაც უფრო მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე იქნება ინფორმირებული, როგორ აიცილოს თავიდან ბულინგი, როგორ გაუჩინოს ბავშვს ემპათიის განცდა, როგორ მიაწოდოს ინფორმაცია, ეს კიდევ უფრო მეტ როლს ითამაშებს პრევენციის პროცესში.
მე ძირითადად, დაწყებით ეტაპზე ვასწავლი და ამჟამად პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებს ვასწავლი. ბულინგის თემატიკის წამოსაწევად და მისი პრევენციისთვის კი ხშირად ვიყენებთ ანიმაციებს, მოკლე ვიდეორგოლებს, რომლებიც შემდეგ გვაძლევს საშუალებას, გავმართოთ დისკუსია, ვიმსჯელოთ და განვმარტოთ რა იყო ანიმაციაში კარგი და რა არ მოგვეწონა.
ასევე, ძალიან კარგია რეალური ქეისებით სწავლება, ამ დროს ბავშვები იწყებენ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვას, უფრო მეტად ითავისებენ სხვის მდგომარეობას და ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ბულინგის მსხვერპლ რომელიღაც პერსონაჟს. ეს პროცესი მათ უფრო ემპათიურებს ხდით. ასევე სალექციო საუბრები, ამავე თემატიკაზე მცირე მოთხრობების წაკითხვა საკმაოდ გვეხმარება პრევენციასა და თემის წინ წამოწევაში.
გარდა ამისა, არაფორმალურ გარემოში პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, გუნდური თამაშები საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, თუმცა პანდემიამ ამაში გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა. ვცდილობთ, ჯგუფური მუშაობა რეგულაციების დაცვით მოვახერხოთ და შესაბამისი აქტივობები შევთავაზო ბავშვებს.
მე მაინც მგონია, რომ ბავშვების არაფორმალურ გარემოში დაახლოება, რაც სტიუარ ფოსტერის წიგნშიც არის, ამის კარგი მეთოდია. ასევე კარგია, თუ მასწავლებელი თემას საგაკვეთილო პროცესშიც საინტერესოდ წამოწევს, დაგეგმავს ბულინგის თემატიკაზე მორგებულ აქტივობებს, რაც ბავშვებს დაეხმარება გააცნობიეროს მსხვერპლის განცდები და მისი ტკივილი.
ვფიქრობ, რაც უფრო პატარა ასაკიდან დავიწყებთ ამ თემებზე საუბარს, პრევენციას, შემდეგ უკვე ზრდასრულ ადამიანს წინ დაგვხვდება უკვე დათესილი მარცვალი, რომელიც მას ბევრ რამეზე დააფიქრებს, სადღაც წამოტივტივდება იმის განცდა და იმაზე დაფიქრება რას გრძნობს სხვა, რას განიცდის, როგორია მისი ტკივილი.
ამის მარტივად მიღწევა რა თქმა უნდა, რთულია, მასწავლებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობის გამოყენება გვიწევს, რომ უფრო მეტად მივიტანოთ ბავშვებამდე ბულინგით გამოწვეული ტკივილი, რომ ვთქვათ, რომ ყველა ბავშვი ერთნაირია, რომ სწავლისა და სიცოცხლის უფლება აქვს ყველ ადამიანს და ნელ-ნელა, უფლებების გაცნობით ყველა ბავშვი გააცნობიერებს, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი.