თამუნა მუსერიძე 3 შვილის დედაა, ამასთან, მუდმივად დაკავებულია, თუმცა მიანც ახერხებს, საახალწლო კერძები თავად მოამზადოს. რა გეგმები აქვს ტელეწამყვანს ახალი წლის ღამეს და რას ფიქრობს პროდუქტების გაზრდილ ფასებზე, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.
- მე გრინჩი ვარ, დიდად არ მიყვარს ახალი წელი, ვიღლები ყველაფრით და მიჭირს წინასაახალწლო პროცესის მართვა. რაც მარიანა გაჩნდა, ნაძვის ხე არ გვქონია იმიტომ, რომ გლეჯდა ტოტებს, ბურთებს, წელს ანიკაა იმ ასაკში, განათებები და ნაძვის ხის სათამაშოები რომ იზიდავს, შესაბამისად არ ვიცი, ნაძვის ხეს რა ვუყო და სად დავკიდო.
რაც შეეხება სამზადისს, ნებისმიერი ქალისთვის, ვინც სახლში ამზადებს საახალწლო სუფრას, ეს დღესასწაული არის დამღლელი და რთული. საუბარი არ მაქვს იმ ადამიანებზე, ვინც მზა კერძებს ყიდულობს, ვგულისხმობ იმათ, ვინც მრავალნაირ კერძს ამზადებს ამ დღისთვის. მახსოვს, დედაჩემი ყველაფერს რომ მოამზადებდა, სრულიად ძალაგამოცლილი ხვდებოდა 12 საათს, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვულოცავდით ერთმანეთს და აქეთ დედა იყო „მოსასულიერებელი“.
- მას შემდეგ, რაც მრავალშვილიანი დედა გახდი, ამ ყველაფრის კეთება შენც გიწევს?
- ზოგადად, ახალი წელი ძალიან ოჯახური დღესასწაულია და ამიტომაც მირჩევნია, მე გავაკეთო რაღაცები, თან ვფიქრობ, რომ გემრიელ საცივს ვაკეთებ, სანდროც მეთანხმება ამაში. შეიძლება სუბიექტურია ეს მოსაზრება, მაგრამ მე მომწონს ისეთი, როგორსაც ვაკეთებ და ამიტომ მირჩევნია ჩემი მომზადებული. იმდენად გემრიელი გამომდის, რომ სხვა დროსაც მთხოვენ და ვაკეთებ.
- რა საიდუმლოს მალავს შენი საცივის რეცეპტი?
- არ მაქვს არანაირი საიდუმლო, ფქვილს ვუმატებ ცოტას და ძმარს უფრო მეტს.
- თამუნა, რას იტყვი მომატებულ ფასებზე, საახალწლო სუფრას ძალიან დაეტყობა ეს ფაქტი?
- ფასების ზრდა შეგვეხო ყველას, კატასტროფული მდგომარეობაა, მაღაზიაში შედიხარ, ორ-სამ რაღაცას იყიდი და 50 ლარს ხარჯავ. როდემდე ვიქნებით ასე და რა გვეშველება, არ ვიცი.
- არც საახალწლო საჩუქრებია იაფი, მაგრამ ბავშვებისთვის ამ სიხარულზე უარის თქმა ძნელია...
- ვიყიდე საახალწლო საჩუქრები, დავტოვე ნახევარი ხელფასი, გაძვირებულია ყველაფერი. ყოველ ახალ წელს ჩვენთან მოდის ნამდვილი თოვლის ბაბუ, ჩემი მეგობარია, რომელიც თოვლის ბაბუად მუშაობს, ყოველ წელს ჯერ მოდის ჩვენთან და შემდეგ იწყებს მუშაობას. ასე რომ, ჩვენთან საჩუქრები ნამდვილ თოვლის ბაბუს მოაქვს.
- რას გეგმავ ახალ წელს, იყო შენს ცხოვრებაში ისეთი ახალი წლები, როცა მუშაობდი და დატვირთული გქონდა ეს პერიოდი ძალიან. პანდემიამ შეცვალა სიტუაცია?
- 18 წელია, მე ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ, შარშან იყო ერთადერთი წელი, როცა ამ დღესასწაულს შინ შევეგებეთ. მანამდე ყოველ ახალ წელს კონცერტი მიმყავდა, ერთ წელიწადს ორ ადგილას ერთდროულად მიმყავდა კონცერტი. ბენდი მღეროდა და ისე გავაკეთეთ, რომ წარდგენიდან 40 წუთი მუსიკა ჟღერდა სცენაზე, გამოვაცხადებდი ერთგან, მივდიოდი მეორეგან, იქ გამოვაცხადებდი, ვბრუნდებოდი მერე ისევ პირველ ადგილას, შუალედებში ვასწრებდი წასვლა-წამოსვლას. წელს ვმუშაობ, უკვე დაგეგმილია.
- ამ დროს ბავშვები სანდროსთან იქნებიან?
- ჩემი შვილი სანდრო პატარა რომ იყო, ყველა კონცერტზე დამყავდა, მაგრამ ახლა 3 ბავშვის წაყვანა არაა ადვილი საქმე (
იცინის). წელს შევხვდები სახლში, მერე დავტოვებ ძიძასთან და წავალ სამუშაოდ.
- რადგან პანდემია ვახსენეთ, აცრაზე მინდა გკითხო, აიცერი?
- კი, რამდენმე დღის წინ ავიცერი მეორე დოზით.
- კოვიდ პასპორტებს უკვე ყველგან ითხოვენ, ეს იყო აცრის მიზეზი?
- ასე დაემთხვა. ჩვენ ორჯერ გვქონდა კორონა. მე მართალია არ დამიდასტურდა, მაგრამ ყველაზე ცუდად ვიყავი, ერთ სახლში ვცხოვრობთ და გამორიცხულია არ მქონოდა, ძალიან ცუდად ვიყავი.
- ბავშვების აცრაზე რას ფიქრობ? ჯერ არ არის შენი შვილი ამ ასაკის, მაგრამ ზოგადი მოსაზრება როგორია შენი?
- არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არ მაქვს ამაზე პასუხი. ორაზროვანი კითხვები მაქვს, თუ მთელი მსოფლიო აიცრა, ჩვენ რატომ არ უნდა ავიცრათ? თუ გამოსავალი არის აცრაში, ავიცრათ ყველა, მაგრამ არის გამოსავალი აცრა? ისრაელში მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა, მაგრამ ვერ დაამარცხეს პანდემია. მე რომ 100%-იანი პასუხი მქონდეს ჯანდაცვის წარმომაგდენლებისგან კითხვებზე, მოვკიდებ ჩემს შვილს, დაუფიქრებლად, წავიყვან და ავცრი, მაგრამ როცა ვხედავ, რომ ეს სისტემა ჩვენს ქვეყანაში მართლა ჩამოშლილია, ჩემი კითხვები უპასუხოდ რჩება და ასე ვარაუდის დონეზე, როგორ მოვუწოდო სხვას, რომ აიცრას ან არ აიცრას? და როგორ უნდა ვთქვა გადაწყვეტით, რომ უნდა ავცრა/ან არ ავცრა ჩემი შვილი. ამიტომაც არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.
ციცი ომანიძე