ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" წლევანდელი "ოსკარის" სიაშია. გამოსვლის შემდეგ, არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. ცნობილი მოჭიდავის, მსახიობის, "ხარება და გოგიას" ვარსკვლავის ლევან თედიაშვილის გმირი ფილმის მთავარი პერსონაჟია - ყოფილი მოჭიდავე, რომელიც ბრაიტონში ვალებში ჩაფლული შვილის დასახმარებლად ჩადის. "მეოთხე ბრაიტონში" მონაწილეობენ გიორგი ტაბიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და კახი კავსაძე, რომლისთვისაც ეს როლი უკანასკნელი აღმოჩნდა... წლებია ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს ჟურნალისტთან არ ულაპარაკია. "კვირის პალიტრა" ამჯერადაც პირველია:
- ბატონო ლევან, მადლობა ექსკლუზიური ინტერვიუსთვის. როგორ დაგითანხმათ ლევან კოღუაშვილმა ფილმში მონაწილეობაზე?
- საიდუმლოა. ფილმის შესახებ უფრო მეტი ვილაპარაკოთ სექტემბერში, როცა თბილისში ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. რაც შეეხება ლევან კოღუაშვილს, ის ძალიან კარგი კაცი და რეჟისორია და აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას, "ოსკარსაც" მიიღებს - ასეთი წინათგრძნობა მაქვს! ერთი ძალიან დიდი რეჟისორი ვახტანგ გორგასლის როლის შესრულებას მთავაზობდა, მაგრამ უარი ვთქვი. მე ლევანს ველი და თუ გადაიღებს ამ თემატიკის ფილმს, დავთანხმდები.
- არტისტიზმი ხასიათში გაქვთ, მაგრამ პირველ ფილმში მონაწილეობიდან ხომ სამ ათეულ წელზე მეტი იყო გასული და გადასაღებ მოედანზე დაბრუნება არ გაგიჭირდათ?
- რა გითხრათ... გამიჭირდა თუ არა, როგორ ვითამაშე, ეს გადამღებ ჯგუფს, რეჟისორს, მაყურებელს უნდა ჰკითხოთ. სხვათა შორის, ერთხელ სიურპრიზიც გავუკეთე: ერთი ეპიზოდი, ქალთან შეხვედრის სცენა ინგლისურად წავიკითხე. არ იცოდნენ, რომ ცოტათი მეხერხება და რომ დავილაპარაკე, გადაირივნენ. სალაპარაკო დონეზე რამდენიმე ენა ვიცი...
- ლევან კოღუაშვილის თქმით, ძნელია იპოვო მსახიობი, რომელიც იმას ითამაშებს, რაც თედიაშვილს 70 წლის განმავლობაში აქვს განვლილი. თქვენი მართლაც რომ მრავალფეროვანი, ტრაგიკული ცხოვრების რომელიმე ნაწილი ფილმში მონაწილეობის დროსაც გადაიტანეთ?
- ბევრი რამ არის დამოკიდებული რეჟისორსა და კოლექტივზე. ძალიან მომწონს ნადეჟდა მიხალკოვა, ჩინებული მსახიობია, კარგად ითამაშა გიორგი ტაბიძემაც. ძალიან დამწყვიტა გული კახი კავსაძის გარდაცვალებამ. სხვათა შორის, კახი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვნახე და ომახიანად, იმედიანად იყო, მაგრამ... ერთ კვირაში გარდაიცვალა. დასანანია, თავისი ბოლო ფილმის წარმატებას რომ ვერ მოესწრო.
- უნიკალური მიღწევები გაქვთ: ხართ ოლიმპიადის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, ერთადერთი მოჭიდავე, ვინც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. გარდა ამისა, 1973 წელს თეირანში ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდით მსოფლიო ჩემპიონი, სამი დღის შემდეგ - სამბოში!
- ვახტანგ ბალავაძემ მითხრა, სამბოც უნდა იჭიდაოო! ჩვენებური კაცი, დვალიშვილი მუშაობდა თეირანში ინჟინრად და ტურნირის დასრულების შემდეგ მასთან ერთად მოვილხინე. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ოქროს მედალი ფანჯრის რაფაზე დავაგდე და სუფრას მივუსხედით. ქეიფი ახალი გახურებული იყო, როცა ვახტანგი მომადგა, ბევრი არ დალიოო. უფრო სწორად, იმერულად მითხრა, ნამეტანი არ მოგივიდესო. ხომ მოგიტანე ოქროს მედალი და პრემია, მეტი რაღა გინდა-მეთქი? ერთი მედალი კიდევ მინდა, სამბოშიც უნდა იჭიდაოო! ახალგაზრდობაში სამბოც მიჭიდავია - ყველა სახეობას ვჭიდაობდით, ბერძნულ-რომაულსაც კი. სად მიშვებთ, წესები მაინც გამახსენეთ კარგად, რაღაც სისულელე არ გავაკეთო-მეთქი! გავედი და... ჩემპიონობასთან ერთად ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის პრიზიც ავიღე! ბედი არ არის?!
- "მეოთხე ბრაიტონში" თამაშობთ მამას, რომელიც აშშ-ში შვილის დასახმარებლად ჩადის. ამერიკაში კი არა, სად არ წახვიდოდით, რეალურ ცხოვრებაშიც რომ შეგძლებოდათ შვილის დახმარება...
- როცა ვახტანგი აფხაზეთში გაემგზავრა, მეც ჩავჯექი თვითმფრინავში და მასთან ერთად წავედი. ჩემი შვილი ომში მიდიოდა და მე სახლში დავრჩებოდი?! მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ როცა ბაბუშერის აეროდრომი დაიბომბა და თვითმფრინავი აფეთქდა, ვერაფერი ვუშველე... საავადმყოფოში ჩემს ხელში დალია სული.
მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას, ძალიან რთული გზა მაქვს გავლილი. იხილეთ სრულად