ბოლო რამდენიმე დღეა არაერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ წყალზე გაცილებით დიდი გადასახადი მიუვიდა და ამის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. ჯივიპის ინფორმაციით, ტარიფი არ გაზრდილა და ეს 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედებას უკავშირდება.
"2022 წლის იანვრიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.
ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში - გარდამავალ პერიოდში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს.
დეკემბრის თვეში მიღებულ პირველ ქვითარში მრიცხველიან აბონენტებს აესახათ ნოემბრისა და დეკემბერის ნაწილის გაწეული მომსახურების გადასახადი. ხოლო აბონენტებს, რომელთაც გადასახადი სულადობის შესაბამისად ერიცხებათ, პირველ ქვითარში აესახათ მხოლოდ ნოემბრის თვის მომსახურების საფასური.
რაც შეეხება მეორე ქვითარს, რომელიც აბონენტებმა მიიღეს დეკემბრის ბოლოს: მრიცხველიანი აბონენტებისთვის ქვითარში ასახული იქნება მხოლოდ დეკემბერის დარჩენილ პერიოდში გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო სულადობით დარიცხვის შემთხვევაში აბონენტებს მეორე ქვითარში აესახებათ დეკემბრის სრული თვის მოხმარებული წყლის საფასური.
მომხმარებელთა მცირე ნაწილი დეკემბერში მიიღებს მხოლოდ ერთ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურის შესახებ." - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე განმარტებით, შემდეგი თქვეებიდან მოქალაქეები, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთ ქვითარს მიიღებენ, რაც დაბნეულობას აღარ გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის შეადგენს:
ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მოხმარებისას – თვეში 4.518 ლარი 1 სულზე ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 0.500 ლარი 1 კუბურ მეტრ წყალზე.
თამარ იაკობაშვილი