რა ხანია, მსოფლიო ადევნებს თვალს მსოფლიოს ყველაზე უბედურ პრინცესად წოდებული მონაკოს პრინცესას, შარლენის ბედს. როგორც ცნობილია, თითქმის ერთი წელია, შარლენის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია და კარგა ხანს ოჯახთანაც ვერ ჩადიოდა მონაკოში. მაშინ ეს ამბავი ინფექციას დააბრალეს - შარლენი მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მარტორქების გადარჩენისთვის წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში იყო ჩასული და სწორედ იქ აიკიდა ინფექცია. თუმცა ბევრი მაშინვე ამბობდა, რომ მისი ამდენხნიანი დაშორება ოჯახთან, პირადი ტრავმებით იყო გამოწვეული. ყველასთვის ცნობილია ალბერის მექალთანეობისა და უკანონო შვილების ამბავი. როგორც გაირკვა, არც დაოჯახების შემდეგ შეუცვლია მას ცხოვრების წესი და მუდმივად სტკენდა გულს შარლენს. ორი შვილის გაჩენამაც არ უშველა, მას მერე კიდევ ვრცელდებოდა ამბები მისი საყვარლებისა და მორიგი უკანონო შვილის შესახებაც კი. შარლენი ამის გამო მუდმივად დანაღვლიანებული იყო და ფოტოების უმრავლესობაც, რაც გათხოვების შემდეგ გადაიღო, სულ სევდიანია.
ამჯერად აჟიოტაჟი ატყდა ჟასმინ გრეის გრიმალდის ფოტოს გამო. ალბერ მეორე 14 წელი მალავდა ქორწინების გარეშე გაჩენილ ჟასმინს.
29 წლის ჟასმინმა ფოტო გამოაქვეყნა და ამ ფოტოსთან ერთად გაიხსენა სამყარომ კიდევ ერთი ქალი - სტიუარდესა ნიკოლ კოსტი, რომელმაც ასევე გაუჩინა ალბერს ვაჟი - ერიკ-ალექსანდრი. სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ნიკოლს ალბერი შარლენის შემცვლელად ამზადებს.
ნიკოლ კოსტი პრინცის ცხოვრებაში 25 წლის წინ გამოჩნდა. ისინი ერთმანეთს თვითმფრინავში შეხვდნენ. მექალთანე ალბერმა ნომერი სთხოვა და შემდეგ მონაკოში, თავის ბინაში დაპატიჟა.
"მე ვფიქრობ, ჩემმა სირბილემ და სიმსუბუქემ მოხიბლა, თუმცა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, არ გავმხდარიყავი მის სათამაშოდ. მე მინდოდა, რომ პატივისცემა ჰქონოდა ჩემი. ამიტომ თავიდან ინტიმი არ გვქონდა", - ამტკიცებს ნიკოლი.
წყვილი 6 წელი ხვდებოდა ერთმანეთს და როდესაც დაშორება გადაწყვიტეს, მაშინ აღმოაჩინა ნიკოლმა, რომ ორსულად იყო. იმ პერიოდში მონაკოს პრინცი რანიე მესამე გარდაიცვალა, ალბერის მამა, ამიტომ ალბერს მორიგი უკანონო შვილისთვის არ სცხელოდა. მან მამის ადგილი დაიკავა და კიდევ 6 წლის შემდეგ შარლენზე იქორწინა.
ნიკოლმა ჩრდილში ყოფნა არ ისურვა და საჯაროდ გამოჩნდა შვილთან ერთად. "მომბეზრდა საიდუმლოდ ყოფნა", - გამოუცხადა ჟურნალისტებს.
მოგვიანებით ნიკოლი ვაჟთან ერთად ლონდონში დასახლდა, სავარაუდოდ, ალბერის ფინანსური მხარდაჭერით, თუმცა უკმაყოფილო იყო მისგან გამოვლენილი ყურადღებით - ალბერი იშვიათად ურეკავდა ვაჟს და "მხოლოდ" ალიმენტს იხდიდა წარმატებით - თვეში 30 ათას ევროს.
ჟურნალისტებმა ნიკოლს დაუსვეს ამ თემაზე შეკითხვები და ასევე შარლენზე, რომელზეც მთელი ქვეყანა ღელავდა. "რატომ უნდა ვიღელვო? რაც მის თავს ხდება, ეს კარმაა. ხალხს მონაკოში მე უფრო ვუყვარვარ, ვიდრე შარლენი. მათ ნამდვილად ვუყვარვარ და პატივს მცემენ. მე ძალიან ახლოს ვარ ალბერთან, მას 25 წელია ვიცნობ", - თამამად გამოაცხადა სტიუარდესამ.
და ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი იყო ფოტო, რომელიც ალბერის უფროსმა ქალიშვილმა ჟასმინმა გამოაქვეყნა. ფოტოზე ჟასმინი ერიკ-ალექსანდრსა და ალბერის უმცროს ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთადაა აღბეჭდილი. ამ ფოტოთი საზოგადოებამ ისიც შეიტყო, რომ ალბერმა არა მხოლოდ თამამად გამოაჩინა თავისი უკანონო შვილები, არამედ თავის კანონიერ მემკვიდრეებს, ტყუპ შვილსაც გააცნო.
როგორც ჩანს, ალბერს კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და ამ გეგმებში საწყალი შარლენი აღარც განიხილება. ცნობილია, რომ მონაკოში მცირე ხნით დაბრუნებული ის კვლავ დაბრუნდა სამშობლოში და ისევ ოჯახისგან შორს იმყოფება. მაშინ თქვეს, რომ მიზეზი კვლავ მისი ჯანმრთელობაა, თუმცა ალბერის ნაბიჯებიდან გამომდინარე ჩანს, რომ შარლენი უბრალოდ აიძულეს, სცენა დაეტოვებინა.