ზღაპრები განმავითარებელი აქტივობებით – პატარა მკითხველისთვის მალე ლელა ცუცქირიძის განსაკუთრებული კრებული გამოიცემა
ზღაპრები განმავითარებელი აქტივობებით – პატარა მკითხველისთვის მალე ლელა ცუცქირიძის განსაკუთრებული კრებული გამოიცემა
ფისო ფიო-ფიო – ეს პერსონაჟია, რომელიც სულ მალე ქართველი პატარების საყვარელი გმირი გახდება. ბავშვების საყვარელი საბავშვო მწერლის ლელა ცუცქირიძის ავტორობით უახლოეს მომავალში ჯერ წიგნის თაროებზე და შემდეგ უკვე პატარა მკითხველის ხელსა და გულში ზღაპრების კრებული „ფისო ფიო-ფიო“ გამოჩნდება. გამოცემა ბაზარზე არსებული საბავშვო ლიტერატურისგან სრულიად განსხვავებული და ორიგინალური იქნება, რადგან ის მცირე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრების გარდა სხვადასხვა ტიპის განმავითარებელ აქტივობასაც მოიცავს.

ლელა ცუცქირიძე გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია და ახალი წიგნიც სწორედ კონკურსის ფარგლებში
გამოიცემა. წიგნის განსაკუთრებული დატვირთვისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე ის ჟიურის ერთ-ერთი რჩეული გახდა.
ავტორმა ფისო ფიო-ფიოს ისტორიებზე მუშაობა გარკვეული პერიოდის წინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობდა და ბავშვებისთვის განმავითარებელი ზღაპრების დაწერა სურდა.
„ფისო ფიო-ფიო“ აერთიანებს 9 ზღაპარს, საიდანაც სამი თავად ფიო-ფიოს თავგადასავალია. დანარჩენი ზღაპრის პერსონაჟები კი არიან: ფუტკრები, დათუნიები და სხვა საყვარელი ცხოველები. ზღაპრებს თამაშები მოჰყვება, რომელთა მიხედვითაც საბავშვო ბაღის აღმზრდელები თუ მშობლები პატარებს მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, მეტყველების განვითარებაში, ფორმებისა და მიმართულებების შესწავლაში დაეხმარებიან. ზღაპრების შექმნა სწორედ საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის დავიწყე. მოგვიანებით კი, როდესაც კონკურსის შესახებ შევიტყვე, გადავწყვიტე ისინი წიგნად მექცია,“ – განმარტავს ლელა ცუცქირიძე.

ავტორმა კონკურსის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო და მასში მონაწილეობა
გადაწყვიტა. როგორც თავად გვიყვება, დღეს, სამწუხაროდ, საბავშვო ლიტერატურის ძალიან ცოტა კონკურსი არსებობს და მისთვის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021-ში“ მონაწილეობა საინტერესოსთან ერთად მეტად აზარტულიც იყო. ის კიდევ ერთ, უფროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებების კატეგორიაშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა სწორედ ამ კატეგორიაში და ამ ნაწარმოებით გამარჯვებას ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.
„კონკურსების მომხრე ყოველთვის ვარ. საბავშვო ლიტერატურას კი განსაკუთრებით სჭირდება მსგავსი მხარდაჭერა და წახალისება. ორმაგად მისასალმებელია, როდესაც კონკურსს ერთ-ერთი უძლიერესი გამომცემლობა აცხადებს და გამარჯვებულ წიგნებს გამოსცემს, მათს პოპულარიზაციაზე იმუშავებს. აქ მხოლოდ ჩემს წიგნზე არ არის საუბარი. დღეს ქართველი საბავშვო ავტორები არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან, რადგან მშობლები უმეტესად უპირატესობას უცხოური გამოცემების თარგმანებს ანიჭებენ. ისინი ყიდულობენ წიგნებს, რომელთა გმირებიც ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი ანიმაციური გმირები არიან. სწორედ ამიტომ სჭირდება ქართულ საბავშვო ლიტერატურას გაძლიერება და მხარდაჭერა. მსგავსი კონკურსი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც ავტორების მოტივაციაზე, რომ შექმნან უფრო მეტი ნაწარმოები, ისე, ზოგადად, ქართული ლიტერატურის გაძლიერებაზე,“ – განმარტავს ლელა ცუცქირიძე.

გამომცემლობა „პალიტრა L“ წიგნის გამოცემაზე უკვე მუშაობს. გამოცემის ილუსტრატორი კი მხატვარი იულიანა მესხია. როგორც მხატვარი აღნიშნავს, მისთვის „ფისო ფიო-ფიოზე“ მუშაობა ძალიან სასიამოვნო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო პროცესი იყო.
„თავდაპირველად, პატარა ფიო-ფიო დავხატე. მუშაობის პროცესში ფისოც დ სხვა პერსონაჟებიც ძალიან შემიყვარდა. წიგნში დიდი სიყვარული ტრიალებს და ძალიან თბილი გარემოა. ზღაპრებმა ჩემში ძლიერი, თბილი ემოციები გამოიწვია. სწორედ მთავარი პერსონაჟების ხასიათის და თვისებების დახმარებით შეიქმნა ისტორიების ილუსტრაციები. ისინი ასაკის შესაბამის სტილშია გაკეთებული და, ვფიქრობ, პატარა მკითხველს ძალიან მოეწონება,“ – აღნიშნავს იულიანა მესხი.
როგორც ლელა ცუცქირიძე განმარტავს, თუ ზღაპრების კრებული მკითხველს მოეწონება, მათს გაგრძელებაზეც დაიწყებს მუშაობას და პატარებს მხიარული ისტორიებითა და განმავითარებელი აქტივობებით გაანებივრებს. მისივე თქმით, ეს ზღაპრები და აქტივობები კარგი დამხმარე საშუალებები იქნება არა მხოლოდ საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. მათ სახლში, ეზოში შეუძლიათ განახორციელონ მოცემული აქტივობები. დაწყებითი კლასის მასწავლებლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ გუნდური თამაშებისა და ჩართულობის გასაძლიერებლად.
კონკურსს ლელა ცუცქირიძის გარდა კიდევ 5 გამარჯვებული ჰყავს. ძლიერი კონკურენციის პირობებში ისინი კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. რჩეულები ავტორები და მათი ნაწარმოებები კი შემეგია: ლელა ცუცქირიძე - „ფისო ფიო-ფიო“, თუთა ჯგუშია - ლექსების კრებული, ვასო გულეური - „ამბები კატა-კოტოსი“, დავით ალთუნაშვილი - „უფარფლებო თევზი“, თამრი ფხაკაძე - „ბებე - მაწანწალების უფლისწული“ და ნინო მანძულაშვილი - „სახლი ტყის პირას“.
კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი პროექტია, რომლის მიზანი საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ქართველი ავტორების ხელშეწყობაა. გამარჯვებული ნამუშევრები მალე გამოიცემა და წიგნის თაროებზეც გამოჩნდება.

966
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები