“ომიკრონი” თითქმის ყველა ქვეყანაში ანტირეკორდებს ამყარებს - მისი შეჩერება უკვე ვეღარ ხერხდება. იგი ყველაზე მეტად ვაქცინირებულ და მკაცრი ეპიდემიოლოგიური ზომების მიმღებ ქვეყნებშიც კი ელვისებურად ვრცელდება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი სწრაფი გავრცელების პირობებში ყველა თუ არა, დედამიწის ძალიან დიდი ნაწილი ამ შტამით დაავადდეს, თუმცა ამ დროის მონაცემებზე დაყრდნობით იმედოვნებენ, რომ ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობის იქნება. ეს ძირითადად ვაქცინირებულ ადამიანებს ეხება და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ომიკრონის” შეჩერება ვეღარ ხერხდება - “როგორც გრიპი, ყველამ უნდა მოიხადოს”.
“ქვეყნებიდან, სადაც “ომიკრონი” დომინანტური გახდა ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, 1-ლი იანვრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევათა 95,4% „ომიკრონ” ვარიანტზე მოდის. “როიტერის” ცნობით, “ომიკრონი” შეერთებულ შტატებში 1-ელ დეკემბერს გამოჩნდა და ზუსტად ერთ თვეში “დელტა” “ომიკრონმა” ჩაანაცვლა, რის გამოც ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღა დაიწყო. ყოველდღიური შემთხვევათა რაოდენობა კი ერთი მილიონია. რთული მდგომარეობაა ევროპაშიც. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არავაქცინირებული ადამიანებისთვის ერთგვარ გაფრთხილებას აგზავნის და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინაციას არავის დააძალებს, მას სურს, რომ ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“არავაქცინირებულ ადამიანებს საპყრობილეში არ გავგზავნით. თუმცა, მათ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან რესტორანში წასვლას ვეღარ შეძლებენ, ვერც ყავის დასალევად წავლენ, ვერ წავლენ კინოში და თეატრში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. საქართველოში ოთხშაბათის დილის მონაცემებით, ლაბორატორიულად სულ “ომიკრონის” 159 შემთხვევა დადასტურებული. თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ იანვრის ბოლოსთვის ეს შტამი ქვეყანაში დომინანტური გახდეს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პერსონალი მზად არის, კლინიკებს მედიკამენტების მარაგი აქვთ და მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლოა, ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“კოვიდის მართვის პროცესში ახალი გამოწვევებია, მსოფლიო დღეს უმკლავდება “ომიკრონის” ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე. დღეს, საბედნიეროდ, კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ... ასევე ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც, ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200 ლარიან წახალისებას”, - აღნიშნა გაბუნიამ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საქართველოშიც მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში “ომიკრონი” დომინანტური გახდეს და ასეთ პირობებში “ბუსტერი” აუცილებელია”, - დასძენს გამოცემა.
“მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს. უბრალოდ, მეცნიერები როგორც ინფორმაციას გვაწვდიან, ბუსტერ დოზები აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ისრაელმა მაგალითად მეოთხე აცრაც დაუშვა. გავრცელებას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ და ვერ შევაჩერებთ, რადგან ათჯერ უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე ინდური შტამი. მთავარია, რომ მაღალი სიკვდილიანობა არ იყოს და გამოდის, რომ როგორც გრიპი, ყველამ უნდა მოიხადოს, ვინც აცრილი არაა. ვისაც აცრა აქვს, დიდი შანსია, რომ არ დაემართოს, თუმცა ყველაზე მეტად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც გავრცელება მაღალია. აქ მთავარი ისაა, რომ ვაქცინირებულთა შორის გარდაცვალების შემთხვევები ძალიან მცირეა, შესაძლოა ითქვას, რომ პრაქტიკულად არაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“ამ დროის მოინაცემებით “ომიკრონს” განსაკუთრებული თვისება არ აქვს, თუმცა, შესაძლოა გართულებები ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას ჰქონდეს. როგორც სხვა შტამებზე, ახლაც დიდი სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებში, ვისაც თანდაყოლილი მძიმე დაავადებები აქვთ. მაგრამ აშკარაა, რომ ბევრად მსუბუქად მიდის, განსაკუთრებით ბავშვებში. მიუხედავად ამისა, ამ სიტუაციაში ოპტიმისტი არასდროს არ ვარ, რადგან თუ გავრცელება დიდია, ვირუსის გაძლიერება ხდება ხოლმე და არაა გამორიცხული, რომ როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, ისე განმეორდეს. თავიდან თითქოს მსუბუქად მიდიოდა, მაგრამ შემდგომში ვირუსის მოქმედება ბევრად უფრო აქტიური გახდა, რადგან მისი ვირულენტურობა იზრდება და გადაცემა ხომ “ომიკრონს” ისედაც ძალიან აქტიური აქვს”, - განაგრძობს ჯანდაცვის ექსპერტი.
“ყველა თუ არა, დიდი ნაწილი მაინც გადაიტანს, რადგან გადამცემლობა ძალიან მაღალია, როგორც ერთ-ერთ უცხოურ გადაცემას ყური მოვკარი, ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ინდურ შტამს 12 მუტაცია აქვს, ამისი 24-ია, ანუ ბევრად უფრო მუტირებული და გაძლიერებულია პირველ რიგში გადაცემის თვალსაზრისით და რაც უფრო მეტს გადაეცემა, მერე უკვე ალბათ ვირულენტურობაც გაიზრდება”, - დაასკვნის ხმალაძე. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას პროგნოზით კი “ომიკრონით” ბევრი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს და იანვრის ბოლოსთის საქართველოში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. მისი თქმით ასეთ ვითარებაში კი აუცილებელია, რომ ვაქცინაცია აქტიურად წავიდეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ყველას გადაედება თუ არა, რა მოგახსენოთ, მაგრამ, დიდი ალბათბით “ომიკრონით” ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, მათ შორის ალბათ ჩვენს ქვეყანაშიც. სავარაუდოდ 2-3 კვირაში იანვრის ბოლოსთვის ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, თუმცა ყოველდღე მაინც მოდის ცნობები, რომ ამ ეტაპზე “ომიკრონის” მიმდინარეობა ისეთი მძიმე არაა, როგორიც “დელტა” შტამის დროს იყო. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია აქტიურად წავიდეს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, სადაც მაღალია იმის ალბათობა, რომ დაავადება მძიმედ წავიდეს. ვიცით, რომ სამი დოზა ვაქცინა „ომიკრონის" დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან იცავს. აქედან გამომდინარე ამ შტამის შეჩერების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა და შეკითხვაზე - “რამდენად შესაძლებელია პიკურ პერიოდში დღიური ინფიცირება არა 5-6, არამედ 20 ათასამდეც ავიდეს”, - პასუხობს:
“ეს შესაძლებელია. დავიცვათ რეკომენდაციები, ჩავიტაროთ ვაქცინაცია და ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს შესაძლო დატვირთის გაზრდისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ “ომიკრონს” სწრაფი გავრცელება ახასიათებს, შესაძლებელია, რომ ეს ციფრები მივიღოთ, მაგრამ ამ ეტაპზე რაც ინფორმაცია გვაქვს, იქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ბევრი მძიმე პაციენტი არ გვეყოლება. თუმცაღა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტლების დატვირთვას მაინც გამოიწვევს და ამიტომ ამისთვის მაინც მზად უნდა ვიყოთ”.
"ინტერპრესნიუსი"