სიახლეებიკალეიდოსკოპი
,,სხვა დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი, ნუ შეაშინებთ გამოწვევები და სიახლეები. თამამად ჩაერთონ საინტერესო პროექტებში და კონკურსებში!“ - ქრისტინე მაჭარაძე, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი იმერეთის რეგიონში
,,სხვა დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი, ნუ შეაშინებთ გამოწვევები და სიახლეები. თამამად ჩაერთონ საინტერესო პროექტებში და კონკურსებში!“ - ქრისტინე მაჭარაძე, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი იმერეთის რეგიონში

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი 2021 წელს პირველად ჩაატარა. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა კონკურსი სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში - დააფინანსა. ამ კონკურსის მთავარი მიზანი მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია იყო. საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარქსმა კონკურსის მიმდინარეობისას არერთხელ აღნიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ძლიერი საფუძველი კითხვასა და მათემატიკაში. ,,ამ საფუძველს მოსწავლეები დაწყებით კლასებში იქმნიან და ამაში უდიდესი როლი ენიჭება მასწავლებლებს. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მოსწავლის მომავალ აკადემიურ წარმატებაში. USAID-ის
საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის კუთხით.“
იმ ფაქტს, რომ დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება ერთ-ერთი გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის ეთანხმება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი. მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობა მეტ მოტივაციას შეუქმნის რეგიონის პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელიც კი რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი 2021 წელს პირველად ჩატარდა, მისი მონაწილეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცნენ. ქუთაისის #33 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქრისტინე მაჭარაძე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. ქრისტინე იმერეთის რეგიონის მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელიც გახდა.
რატომ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობის მიღება და რა არის დღეს
მისი საყვარელი პროფესიის მთავარი გამოწვევა? - გთავაზობთ ინტერვიუს იმერეთის რეგიონში დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო დამწყებ მასწავლებლთან.

mshoblebi

მასწავლებლობის პირველივე წელს გახდით რეგიონული კონკურსის გამარჯვებული. რა გამოცდილება მოგცათ ამ კონკურსმა?

კონკურსში მონაწილეობა ძალიან სწრაფად გადავწყვიტე და სიმართლე რომ ვთქვა, როგორც დამწყებ მასწავლებელს, უბრალოდ ახალი გამოცდილების მიღება მსურდა. ვფიქრობდი, რომ თუ ვერ გავიმარჯვებდი, სამაგიეროდ კიდევ ერთ პროფესიულ ნაბიჯს მაინც გადავდგამდი წინ. კონკურსში გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ ის, რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ ჩემი მოსწავლეებისთვის სასარგებლოა. გამარჯვებამ ნამდვილად მომცა მეტი თავდაჯერება და მოტივაცია გავაკეთო კიდევ უფრო მეტი, არ შევუშინდე სიახლეებს და მუდმივად ვიზრუნო ბავშვების განვითარებაზე.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?

ჩემი პროფესიის შესახებ გადაწყვეტილება ადვილად ნამდვილად არ მიმიღია. თავიდანვე ვიაზრებდი, რომ იყო პედაგოგი, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მასწავლებლის ხელშია მომავალი და მნიშვნელოვანია იყო არა მხოლოდ საგნის ბრწყინვალე სპეციალისტი, არამედ უნდა შეგეძლოს მუშაობა ბავშვებთან და გიყვარდეს ისინი. ყოველივე ეს მე ჩემმა მასწავლებლებმა დამანახეს, თუმცა განსაკუთრებული როლი ამ საკითხში მათემატიკის მასწავლებელმა - ქეთევან მაჩალაძემ ითამაშა, რომელმაც შემაყვარა საგანი და მომანდომა გავმხდარიყავი მისი კოლეგა. მინდა, რომ მეც შევძლო და ისე შევაყვარო მოსწავლეებს მათ მიერ ხშირ შემთხვევაში ათვალწუნებული მათემატიკა, როგორც ეს თავის დროზე მან მოახერხა ჩემთან და კიდევ სხვა უამრავთან.

რა არის ამ პროფესიის მთავარი გამოწვევა?

მასწავლებლობის მთავარი გამოწვევაა საინტერესო და თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. კარგად ფლობდე საგანს და შეძლო საგნის ეფექტურად სწავლება ორი სხვადასხვა რამ არის. ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც მუდმივ განვითარებას და წინსვლას მოითხოვს. შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია მათი სწორად გამოყენება.
ვფიქრობ, ასევე საჭიროა გვესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვებთან სწორად წარმართული კომუნიკაცია. მნიშნელოვანია თითოეული სიტყვის ისე შერჩევა და მიტანა მოსწავლამდე, რომ მას საგანი შევაყვაროთ.

რას ურჩევდით სხვა დამწყებ პედაგოგებს?

სხვა დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი, ნუ შეაშინებთ გამოწვევები და სიახლეები. თამამად ჩაერთონ საინტერესო პროექტებში და კონკურსებში. ყოველი ახალი გამოცდილება ახალი წინ გადადგმული ნაბიჯია. გაითვალისწინონ, რომ ბავშვებთან ერთად ისინიც სწავლობენ ყოველი ჩატარებული გაკვეთილიდან რაღაც ახალს, რომელსაც შემდეგ გაკვეთილებზე კიდევ უფრო საინტერესოდ და ეფექტურად გამოიყენებენ.

https://www.facebook.com/USAIDEDU/videos/601773191209684

ბეჭდვა