ვერონიკა ნიკოლაევა გაიტაცეს, გააუპატიურეს და მოკლეს. მაგრამ, კრიმინალებს აქვთ შანსი, ისევ თავისუფლები იყვნენ.
რუსეთში, კოსტრომაში მომხდარმა საშინელმა ამბავმა უამრავი ადამიანი შეძრა. ორმა მამაკაცმა 5 წლის გოგონა გაიტაცა და თავის სახლში წაიყვანა, სადაც გააუპატიურეს და მოკლეს. ბავშვი მათგან თავის დახსნას ცდილობდა, ქუჩაში ყვიროდა, მაგრამ მისთვის არც ერთ გამვლელს ყურადღება არ მიუქცევია.
გამტაცებლები 44 წლის დენის გერასიმოვი და 25 წლის ვადიმ ბელიაკოვი არიან და ორივე ნასამართლევია. უფრო კონკრეტულად, გერასიმოვი ნასამართლევია არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისთვის. ის ციხიდან გასული წლის მარტში გამოვიდა. ბელიაკოვი კი ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.
ორივე მოძალადე დააკავეს, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და დანაშაულს აღიარებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გოგონას სიცოცხლეს ვეღარ დაუბრუნებს.
უამრავი მოქალაქე დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას, სიკვდილით დასჯას ან სულ მცირე, სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
მომხდარი უმძიმეს ფაქტად შეაფასეს და ქვეყნის კანონმდებლები აპირებენ, მიიღონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პედოფილებს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. თუმცა ახლა, ამ ორ დამნაშავეს მსგავსი რამ არ ემუქრება, რადგანაც ადვოკატების განმარტებით, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მაქსიმალური სასჯელი 20 წელია.
ის, რომ ორივე მკვლელი გამოძიებასთან თანამშრომლობს, უფლებადამცველის თქმით, მათთვის შემამსუბუქებელი გარემოება არ იქნება. ხოლო კოლონიიდან პირობით გათავისუფლებაზე განაცხადის შეტანას მხოლოდ ვადის 4/5-ის მოხდის შემდეგ შეძლებენ.