ლაშა გურგენიძე ბავშვთა სახლში გატარებულ პერიოდსა და არჩადენილი დანაშაულის გამო პატიმრობაზე - "იქ ძალიან ცუდად ვიყავი, დედა სულ მენატრებოდა..." - მშობლები

ლაშა გურგენიძე ბავშვთა სახლში გატარებულ პერიოდსა და არჩადენილი დანაშაულის გამო პატიმრობაზე - "იქ ძალიან ცუდად ვიყავი, დედა სულ მენატრებოდა..."

2022-01-19 07:01:22+04:00

მსახიობმა ლაშა გურგენიძემ გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" მძიმე ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ 6 წლის ასაკში ბავშვთა სახლში მოხვდა.

"მძიმე პერიოდი იყო, კუპონები, 90-იანი წლები... დედაჩემი ექიმი იყო, ფსიქოლოგი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კადრების გამგე. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი დაიხურა, უმუშევარი დარჩა და შავი პურიც კი არ გვქონდა სახლში. 6 წლის ვიყავი, დამისვა და ძალიან გულწრფელად მითხრა: "იცი, რომ ეს ყველაზე მეტად არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, დროებით, ვიდრე სამსახურს ვნახავ, წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა წაგიყვანოო." მაშინ ამ სახლს ამერიკელები აფინანსებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, ვიტირე კიდეც, მაგრამ აბსოლუტურად გავუგე დედას, რომელიც ჩემთვის დღემდე ღმერთია. სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. დავთანხმდი, დაახლოებით თვე-ნახევარი გაგრძელდა ეს ყველაფერი... იქ ძალიან ცუდად ვიყავი, დედა სულ მენატრებოდა. რა თქმა უნდა, მოდიოდა, მელაპარაკებოდა, სულ მნახულობდა, ვურეკავდი კიდეც და ვეუბნებოდი, რომ მალე წავეყვანე. მახსოვს, ერთხელ დარაჯის ოთახში ტელეფონი იყო, ჩუმად გავიპარე და იქიდან დავურეკე. საღამო იყო... დედა, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ, წამიყვანე-თქო. ვუთხარი, რომ 42 მქონდა სიცხე. მიხვდა, რაშიც იყო საქმე, ვტიროდი და ვთხოვდი, რომ ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან ყოფნა მინდა-თქო. მეორე დღეს, დილასვე ამოვიდა. რაღაცნაირად სამსახური ნახა, რა თქმა უნდა, წამიყვანა. მუშაობდა, მერე მთელი ღამე კერავდა, სულ რაღაც დამატებითს იგონებდა, რომ შემოსავალი გვქონოდა. მარტო მე და დედა ვიყავით, მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა. დღეს, როცა უკვე გავიზარდე და სხვანაირად შევხედე ამ მოვლენას, ერთი წამით არ ვამტყუნებ და ასე უნდა მოქცეულიყო. ყველა შვილისთვის დედა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. საკუთარი თავი გაწირა, რომ მე კარგად ვყოფილიყავი. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დღეს იქიდან ყველაზე მეტად მეხმარება და მაძლიერებს. ამას სულ ვგრძნობ. 20 წლის ვიყავი, დედა როცა გარდაიცვალა."

ლაშა გურგენიძემ გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა 16 წლის ასაკში ციხეში არჩადენილი დანაშაულის გამო:

"ჩემმა სამმა მეგობარმა ბიჭს წაართვეს ტელეფონი და ფული. მაშინ 16 წლის ვიყავი. სამი დღის შემდეგ მე და მათგან ორი გოგოებთან მივდიოდით, მაღაზიაში რაღაც უნდა გვეყიდა და ეს ბიჭი იქ აღმოჩნდა. გამოვედით და გზაში ვეკითხებოდი, რა მოხდა. გვიანი იყო, ტაქსს ველოდებოდით, რომ წავსულიყავით. გზაში მომიყვნენ, რომ ფული წაართვეს. ის ბიჭი 25 წლის იყო. ვიდრე ტაქსი მოვიდა, ამასობაში პატრული მოგვადგა. დაგვიჭირეს. ჩამიყვანეს განყოფილებაში და ბევრი მირტყეს. მაგრამ, იმ ბიჭმა ჩემზე თქვა, რომ მე არ ვყოფილვარ. იყო ჩემზე ზეწოლა, რომ მეთქვა, ვინ იყო მესამე. რა თქმა უნდა, არ ვიტყოდი და არ ჩავუშვებდი. ბოლოს დავწერე და ვაღიარე, რომ მე ვიყავი მესამე. 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეგვიფარდეს. ჯგუფური ყაჩაღობის მუხლი იყო, ცივი იარაღით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. ციხეში 6 თვე ვიყავი, პირობითით გამომიშვეს. ძალიან დიდი სკოლა გავიარე. ყველანაირი ხედვის ადამიანი იყო შეკრებილი 22-კაციან კამერაში. პატარა ვიყავი, თან ახალი წლის პერიოდი დაემთხვა, გარეთ ყველა ერთობოდა და მე არაფრის გამო ვიჯექი ციხეში. ამას დაემატა ის, რომ დედაჩემი მარტო დარჩა, რომელსაც ძალიან მძიმე სენი ჰქონდა, რაც მერე გავიგე. ესეც უფრო მიმძიმებდა ამ გარემოებას. დღეში მხოლოდ 4 საათი მეძინა, საჭმელს ნორმალურად ვერ ვჭამდით, ან თუ ვჭამდით, რაღაც ნაგავს. ვის გამოც ციხეში მოვხვდი, საერთოდ უყურადღებოდ გაატარა ეს პერიოდი. არაფრით დამხმარებია, არც საკვების შემოგზავნით, არც სიგარეტით თუნდაც. ეს კიდევ უფრო მიმძაფრებდა მდგომარეობას. რომ გამოვედი, ვუთხარი, რაც გავიარე მის გამო. თავჩახრილი იდგა, დღეს საქართველოშიც არ არის. თუ არ ვცდები, რომელიღაც ქვეყანაშია დაჭერილი."

მსახიობმა ბავშვობაში მამის არყოლის გამო ბულინგზეც ისაუბრა:

"6-7 წლის ვიყავი. ისე ხდებოდა, რომ მამაჩემი ბევრი მიზეზის გამო ვერ მნახულობდა. მე, ბუნებრივია, სულ მენატრებოდა. ჩუმად მოვიდოდა ეზოში რომელიმე ბავშვი და "ნაბიჭვაროს" მეუბნებოდა. მე მივდევდით ქვით თუ აგურით ხელში და ჩემი გინების ხმა მთელ კორპუსს ესმოდა. მერე სახლში ამოდიოდნენ მშობლები და დედაჩემს ეუბნებოდნენ, რომ უზრდელი ვარ და მე ვასწავლე მათ შვილებს გინება. დედაჩემი მიზეზს რომ მეკითხებოდა, ნამდვილ მიზეზს არ ვეუბნებოდი, რატომაც ვეჩხუბებოდი ბავშვებს. დედასთანაც მქონდა მომენტები, როდესაც ვეჩხუბებოდი, ვტიროდი და ვეკითხებოდი, მამა რატომ არ მოდიოდა ჩემს სანახავად. არც ერთხელ მას ცუდი არ უთქვამს. მამაჩემი ცოცხალია, ახლა ურთიერთობა მაქვს. 16 წლის ვიყავი, როცა ჩვენს შორის ურთიერთობა დალაგდა. ჩემი ნახევარ და-ძმა გავიცანი. მამაჩემს და ბიძაჩემს ერთ დღეს ჰქონდათ დაბადების დღე. ბიძაჩემთან ავედი მისალოცად და ისიც ამოვიდა, ჩემს ძმასთან ერთად. რომ ამოვიდნენ, ძალიან გამიხარდა. დათუნა, ჩემი ძმა, ფოტოებზეც ნანახი მყავდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა და როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს ხელი გავუწოდე, ორივე გავიყინეთ... თინეიჯერობის ასაკში ეს რთული იყო, მაგრამ დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ დამიდანაშაულებია არასდროს. ერთხელ დავურეკე და ვუთხარი, არაფერი არ მინდა, თვეში ერთხელ მაინც მნახე და სადმე გამასეირნე-თქო. არც ველოსიპედი, არც სათამაშო, არც ტანსაცმელი არ მინდოდა, მასთან ურთიერთობის გარდა. დალაგდა ჩვენი ურთიერთობა, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და ძალიან განიცდის ამ ამბავს. კარგია, რომ ახლა კარგად ვართ ერთმანეთთან, მაგრამ მაშინ ჩემთვის მძიმე იყო."

ლაშა გურგენიძემ საკუთარი პირველი ოჯახის დანგრევის შესახებაც ისაუბრა:

"იდეალური მამა არ ვარ, ხშირად ვერ ვნახულობ ჩემს შვილებს იმიტომ, რომ მართლა გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ეს მე ყოველთვის მაწუხებს. ყველაზე მეტად ჩემი ოჯახის დანგრევამ მე დამანგრია იმიტომ რომ ამას დაერთო ბავშვობის ფაქტორი. დედაჩემს ყოველთვის ვეუბნებოდი, მე რომ ცოლს მოვიყვან და შვილები მეყოლება, ოჯახს არასდროს დავანგრევ-თქო. არ მინდოდა ოჯახის დანგრევა. თამთა, ჩემი პირველი ცოლი, ძალიან კარგი ადამიანია, დღეს ძმაკაცური ურთიერთობა გვაქვს. არის მომენტები, როდესაც ორი ადამიანი საერთო ენას ვერ პოულობს, კამათობს და ძირითად რაღაცებში ვერ თანხმდება და ეს ხდება მიზეზი. სულ ვცდილობ, მივიდე ბავშვებთან, ვნახო, სადღაც ერთად წავიდეთ, რაღაცებზე ვილაპარაკოთ. ის, რომ ამდენ რაღაცას ვაკეთებ, ისევ მათთვისაა, რადგან მინდა, რომ მათი მომავალი, განათლება უზრუნველყოფილი იყოს."

altლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა - "ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო?"