დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ახალ წელს სამშობლოში შეხვდა. მოგეხსენებათ, ის ამჟამად გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე მუშაობს. ბატონ კონსტანტინეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: 1997-2004 წლებში შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი იყო; 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა, დღეს კი გერმანიიდან ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. კონსტანტინე გამსახურდია, ვრცელ ინტერვიუში მისი შვილების შესახებაც საუბრობს.
- ეს არ იყო ადვილი. ჩვენ ვშრომობდით და ამის წყალობით, ვფიქრობ, სოლიდური განათლება მივეცით შვილებს. დღეს ჩემი ერთი ვაჟი, ზვიადი ბერლინშია, დაასრულა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო რაც შეეხება უფროსს, დემეტრეს, ის შვეიცარიაში მუშაობს ხელოვნების, მუსიკის პერფორმანსების სფეროში. თვითონ არის ავტორი, შემოქმედი, მონაწილე. მის დაწერილ ნაწარმოებებს უკრავენ სხვები, ხან თვითონაც ასრულებს. ამავე დროს სტუდენტებს ასწავლის ფორტეპიანოს. შვეიცარიაში ცხოვრობს დემეტრე, არის 32 წლის. ამ ქვეყანაში 12 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ საქართველოში პრაქტიკულად, ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ამის მერე კიდევ 5 წელი ვიყავით შვეიცარიაში, მაგრამ საქართველოშიც ჩამოვდიოდი. პირველად 2004 წელს ჩამოვედი. არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და სხვათა შორის, წარმატებული იყო ჩვენი პარტია "პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება", მაგრამ საარჩევნო ზღურბლზე არ გადაგვიშვეს. ასეთი იყო პოლიტიკური ნება, ეს დაადასტურეს კიდეც ზურაბ ჟვანიამ და თინათინ ხიდაშელმა. პოლიტიკური ნება იყო არ შევეშვით პარლამენტში და დაგვაკლეს 2 პროცენტი.
- შვილებისთვის გიწევდათ იმის ახსნა, თუ რატომ ვერ ჩამოდიოდით სამშობლოში?
- ჩვენ შვილებს ეროვნული სულისკვეთებით ვზრდიდით. ისინი იზრდებოდნენ როგორც კარგი ქართველები, ანუ საქართველოს პატრიოტები და ამავე დროს მსოფლიოს მოქალაქეები. ანუ ვაჟა-ფშაველასეული პრინციპით, კოსმოპოლიტიზმი - ეს პატრიოტიზმია და პატრიოტიზმი ეს ამავე დროს კოსპოლიტიზმიცაა. ვაჟა-ფშაველას ეს ცნობილი თეზისია და ამაზე გაიზარდნენ. ვასწავლიდით ქართულს, ქართულ ლიტერატურას ვუკითხავდით. წერდნენ ქართულად, გრამატიკაში ვავარჯიშებდით. მახსოვს, "ვეფხისტყაოსნის" დაზეპირებაც დაიწყეს. უფროსმა, დემეტრემ 300 სტროფი იცოდა, ეს თითქმის მეოთხედია "ვეფხისტყაოსნის". უმცროსმა 100 სტროფის სწავლა შეძლო, ეს იყო 90-იანი წლების მიწურულს, მაშინ პატარები იყვნენ. ბავშვს ძალიან მოქნილი მეხსიერება აქვს და ყველაფერს იწოვს.