24 დეკემბერს გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ. მათ პატარა გალაკტიონი ეყოლათ, რომელსაც მოფერებით გალას ეძახიან. მარიტამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მშობიარობა ძალიან მარტივი იყო მისთვის და მალეც დასრულდა. როგორც ჩანს, წონაც ბევრი არ ჰქონდა მომატებული ორსულობის პერიოდში და ფორმა მალე აღიდგინა, რაც მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებშიც ჩანს.
თუმცა ორსულობის დროს კორონავირუსი გადაიტანა, რაზეც ცოტა ხნის წინ ისაუბრა. „ზაფხულში, 5 თვის რომ ვიყავი, მაშინ მომაკითხა მეც კოვიდმა. დადასტურებიდან მეორე დღეს ისე ცუდად ვიყავი, რომ ბატონ ლევან რატიანთან ვამჯობინეთ დაწოლა და მადლობა მათ. მსუბუქად გადავიტანე, მაგრამ ძალიან დიდი ნერვიულობა გამოვიარეთ. 10 დღე გიორგის გარეშე მომიწია ყოფნა და ამას ყველაზე ძალიან განვიცდიდი. კლინიკიდან რომ გამოვედი, თითქოს ახლიდან დავიბადე. ყველა წუთი მინდოდა, ჩემს ძვირფას ადამიანებთან გამეტარებინა",- ამბობს მარიტა.