კომიქსები მხიარული ტექსტები და ნახატებია, რომლებიც პატარებს ძალიან უყვართ, თუმცა რიგ შემთხვევაში მათ მიმართ მშობლების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვები უბრალოდ ნახატებით ერთობიან და ტექსტებით არ ინტერესდებიან. რეალურად ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა. კომიქსები სწორედ ის გამოცემებია, რომლებიც ბავშვებს კითხვას აყვარებს და მათ მომავალში წიგნის ერთგულ მეგობრად აქცევს.
არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ბავშვებს საწყის ეტაპზე იმ ჟანრისა და ტიპის წიგნები უნდა წააკითხოთ, რომლებიც მათ სიამოვნებთ, ამ დროს დაძალება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კითხვის სურვილი დაეკარგებათ. კომიქსები კი იმ ტიპის საკითხავს მიეკუთვნება, რომლებიც ყველა ბავშვს (და არამხოლოდ ბავშვს) ძალიან უყვარს. მეორე მხრივ, კომიქსები ძალიან კარგი გამოსავალია ისეთი ბავშვებისთვის, ვისაც, ზოგადად, კითხვა ეზარება. უყვართ თუ არა კითხვა, ისინი არასდროს იტყვიან უარს კომიქსის წაკითხვაზე, რადგან მათში დიდი რაოდენობით იუმორია, ძალიან სახალისოა და, ამავდროულად, ტრადიციული წიგნის მსგავსად ტექსტები სტრიქონებად და აბზაცებად არ არის დაწერილი.
როგორც ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრის გენერალური მენეჯერი მანანა წვერავა განმარტავს, ილუსტრირებული წიგნები და კომიქსები ბავშვების განვითარებაში რამდენიმე მიმართულებით ახდენს პოზიტიურ გავლენას.
„ბავშვებისთვის ილუსტრირებული წიგნები, კითხვის პროცესს მეტად უფრო სასიამოვნოს და შემოქმედებითს ხდის. ზრდის ემოციურ ჩართულობას, ეხმარება სიუჟეტის მეტად უფრო ცხადად დანახვასა და აღქმაში. მათთვის შინაარსი მეტად ხელშესახები ხდება. აქედან გამომდინარე, კითხვის პროცესი საინტერესო და ემოციურია. კომიქსები თითქოს აცოცხლებს და ახალისებს ბავშვებისთვის სიუჟეტს და „მომაბეზრებელი“ რუტინა მათთვის საინტერესო ცოცხალ პროცესად გარდაიქმნება. გარდა საინტერესო გამოცდილებისა, ბავშვებს უვითარდებათ წარმოსახვის უნარი, რაც შემდგომში მეტად ეხმარებათ ემოციურ ჩართულობაში, განვითარებასა და კრეატიულობაში,“ – განმარტავს მანანა წვერავა.
ქართულ ენაზე საბავშვო საკითხავის Liber Kids-ის სერიის ფარგლებში აარონ ბლაბის „ცუდი ბიჭების“ 3 ნაწილი გამოიცა. ეს გახლავთ კომიქსების სერია, რომელმაც არაერთი ჯილდო მიიღო და დღეს ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო კომიქსია.
„მისტერ მგელო, მისტერ ზვიგენი, მისტერ გველო, მისტერ პირანია – ისინი ცუდი ბიჭები არიან, ეს ყველამ იცის: საშიშები, სახიფათოები და... უბრალოდ, ცუდები, მაგრამ ამ ბიჭებს გმირობა უნდათ და ამას კარგი საქციელით დაამტკიცებენ, გინდა ეს შენ თუ არა. მოკალათდი, მოემზადე ყველაზე სასაცილო წიგნის წასაკითხად!" – სწორედ ასე მთავარი პერსონაჟების კარგ საქციელს ადევნებს მკითხველი თვალს და ეს ისტორიები მართლაც ძალიან სასაცილოა.
სასაცილოსთან ერთად, ძალიან დამაფიქრებელია სიუჟეტი, რომელიც სახალისო გრაფიკულ ნახატებს მიჰყვება გვერდით. ვინ თქვა, რომ ცუდი ბიჭები ცუდები უნდა იყვნენ? ყველას აქვს უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, ვინ იყოს. ჩვენი პერსონაჟებიც გადაწყვეტენ, იყვნენ კარგები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცუდები ჰქვიათ. სწორედ ეს არის ის მთავარი გზავნილიც, რომელიც ავტორსა და ყველა მშობელს სურს, რომ ბავშვმა გააცნობიეროს.
არ არსებობს ჩარჩოები და გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მოიქცე. მხიარულ ნახატებს შორის ამოკითხული ტექსტები იმის გააზრებაში ეხმარება ბავშვებს, რომ სიკეთე უმნიშვნელოვანესია და მათ ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში სიკეთე უნდა აკეთონ.
ავსტრალიელი ავტორის აარონ ბლაბის გრაფიკული კომიქსების სერია New York Times-ის #1 ბესტსელერად არის დასახელებული. სერია საუკეთესო ბესტსელერების სიაში 60 კვირაზე მეტი დროით იყო. კომიქსი იმდენად პოპულარულია, რომ 2019 წელს მისი სცენარის მიხედვით ფილმის გამოსვლა დაანონსდა. პრემიერა 2022 წლის აპრილშია დაგეგმილი.
და მაინც რატომ არის „ცუდი ბიჭები“ ბავშვებისა და მშობლების რჩეული კომიქსი? ეს არის ვიზუალისა და ტექსტის საუკეთესო კომბინაცია, რომელიც მოზარდს ზედმეტი დატვირთვის და დაძალების გარეშე აყვარებს კითხვას. მასში არსებული ტექსტი მკითხველს სიამოვნების იმ შეგრძნებას უჩენს, რომელიც წიგნის კითხვას ახლავს თან. დასასრულის მოლოდინი და კითხვის პროცესით ტკბობა - სწორედ ამას აძლევს „ცუდი ბიჭები“ ბავშვს, რომელსაც შემდეგი, ახალი წიგნის წაკითხვის სურვილი უჩნდება.
R